ძალისმიერი სამჭიდი

ძალისმიერი სამჭიდი ანუ პაუერლიფტინგი

________________________________________________


პაუერლიფტინგი (ინგლისურად – Powerlifting; Power – ძალა; Lifting – აწევა) ათლეტიზმის ძალოსნური სახეობაა, რომლის არსი სხვადასხვა მოძრაობით სიმძიმეების აწევაში მდგომარეობს. პაუერლიფტინგში შედის სამი მოძრაობა: ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა რის გამოც მას კიდევ ერთ სახელს ძალისმიერ სამჭიდს უწოდებენ.


                              


პაუერლიფტინგი ძალოსნობის ზოგიერთი ვარჯიშის განვითარების შედეგად წარმოიშვა და მასში ისევე როგორც ძალოსნობაში სიმძიმედ შტანგა გამოიყენება (იხილეთ: ძალისმიერი სამჭიდის ისტორია).  მიუხედავად იმისა, რომ  ძალისმიერ სამჭიდსა და ძალოსნობას შორის ბევრი მსგავსებაა სპორტის ეს სახეობები  ერთმანეთისგან მაინც ძირეულად განსხვავდება. ძალისმიერ სამჭიდში ათლეტმა შტანგა მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა აწიოს მაშინ, როცა ძალოსნობაში ათლეტი ფიზიკური ძალის გარდა იყენებს აწევის ტექნიკას, სისწრაფეს, კოორდინაციას, ელასტიურობას, მოქნილობას და სხვა თვისებებს.

ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებებზე მოძრაობები დადგენილი თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს


 I - ჩაჯდომა, II - წოლჭიმი და III - ამოწევა.


 სპორტსმენების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა ხდება სამივე მოძრაობით დაძლეული სამჭიდის ჯამური შედეგით, თუმცა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე ზოგჯერ გამარჯვებულებს ცალკეულ ერთ ან ორ მოძრაობაში გამოავლენენ. ძალისმიერი სამჭიდის ერთ-ერთ მოძრაობაში, კერძოდ კი წოლჭიმში, ტარდება ცალკე შეჯიბრებები.  ზოგიერთ ტურნირზე აღნიშნული მოძრაობების გარდა დამატებულია ბიცებსებით წონის აწევა ან წოლჭიმი გამეორებებით რაც ძირითადად არაოფიციალურ ან საჩვენებელ ხასიათს ატარებს. 



შეჯიბრების დროს ყველა მონაწილეს თითოეულ მოძრაობაში წონის დასაძლევად 3 ცდის უფლება ეძლევა. გამონაკლისის სახით მე-4 ცდის უფლება ეძლევა იმ სპორტსმენს, რომელიც სარეკორდო წონის აწევას მოითხოვს. ათლეტების მიერ თითოეულ მოძრაობაში შესრულებული 3 ცდიდან საუკეთესო შედეგები სამჭიდის ჯამში იკრიბება. მე-4 სარეკორდო ცდის შედეგი მართალია რეკორდად დაფიქსირდება, მაგრამ სამჭიდის ჯამში არ შეიტანება.

ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებები ტარდება, როგორც მამაკაცებში ისე ქალებში, ასაკობრივი და წონითი კატეგორიების მიხედვით.

პაუერლიფტინგის საერთაშორისო ორგანიზაცია IPF შეჯიბრებებს აწყობს და რეკორდებს არეგისტრირებს შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:


ღია                                     14 წ. და ზემოთ შეზღუდვის გარეშე

ჭაბუკები (გოგონები)      14 – 19 წწ.

ახალგაზრდები                19  23 წწ.

ვეტერანები I ჯგ.               40 – 50 წწ.

ვეტერანები II ჯგ.               50 – 60 წწ.

ვეტერანები III ჯგ.              60 – 70 წწ.

ვეტერანები IV ჯგ.            70 წ. და ზემოთ შეზღუდვის გარეშე

 

შეჯიბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებსაც შეუსრულდათ 14 წელი (დაბადების თარიღის მიხედვით).


წონითი კატეგორიები

კაცებში

53,0 კგ            – 53,0კგ-მდე (მხოლოდ ჭაბუკებში და ახალგაზრდებში)

59,0 კგ            – 59,0 კგ-მდე

66,0 კგ            – 59,01 კგ-დან 66,0 კგ-მდე

74,0 კგ            – 66,01 კგ-დან 74,0 კგ-მდე

83,0 კგ            – 74,01 კგ-დან 83,0 კგ-მდე

93,0 კგ            – 83,01 კგ-დან 93,0 კგ-მდე

105,0 კგ          – 93,01 კგ-დან 105,0 კგ-მდე

120,0 კგ          – 105,01 კგ-დან 120,0 კგ-მდე

120,0+ კგ        – 120,01 კგ-დან ზემოთ

 

ქალებში

43,0კგ             – 43,0კგ-მდე (მხოლოდ გოგონებში და ახალგაზრდებში)

47,0კგ             – 47,0 კგ-მდე

52,0კგ             – 47,01 კგ-დან 52,0 კგ-მდე

57,0კგ             – 52,01 კგ-დან 57,0 კგ-მდე

63,0კგ             – 57,01 კგ-დან 63,0 კგ-მდე

72,0კგ             – 63,01 კგ-დან 72,0 კგ-მდე

84,0კგ             – 72,01 კგ-დან 84,0 კგ-მდე

84,0+კგ           – 84,01 კგ-დან ზემოთ

 

იმ შემთხვევაში თუ ერთ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორმა ან მეტმა ათლეტმა სამჭიდის ჯამში ერთნაირი შედეგი აჩვენა გამარჯვებულად ჩაითვლება ის ათლეტი, რომელსაც სხეულის ნაკლები წონა აქვს. თუ რამდენიმე ათლეტმა აწონვაზე სხეულის ერთნაირი წონა დააფიქსირა და სამჭიდის ჯამშიც ერთნაირი შედეგი აჩვენა მაშინ გამარჯვებულად ჩაითვლება ის ათლეტი, რომელმაც შედეგი პირველმა ჩათვალა.

იგივე წესი გამოიყენება ცალკეულ მოძრაობაში ჩაჯდომში, წოლჭიმში ან ამოწევაში გამარჯვებულის გამოვლენის დროს და მსოფლიო რეკორდის დამყარების დროს.

 

სხვადასხვა წონით კატეგორიებში შემავალი სპორტსმენების შედეგების შედარების დროს, როგორც წესი გამოიყენებენ სპეციალურ კოეფიციენტებს. მაგალითად, ვილკსის, შვარც-მელოუნის გლოსსბრენერის და სხვა კოეფიციენტებს. პაუერლიფტინგის საერთაშორისო ორგანიზაცია IPF ძირითადად ვილკსის კოეფიციენტს იყენებს.

შენიშვნა: ძალისმიერი სამჭიდის წესები სრულად იხილეთ: წესებში

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity