ძალისმიერი სამჭიდის ისტორია საქართველოში

ძალისმიერი სამჭიდის ისტორია საქართველოში

__________________________________________________

 

ათლეტიზმი და მასში შემავალი სპორტის სახეობები კუტურიზმი (Bodybuilding) და ძალისმიერი სამჭიდი (Powerlifting) საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში გაიცნეს. საქართველოში ათლეტიზმის ფუძემდებელია საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე კონსტანტინე გიორგის-ძე ზაუტაშვილი (იხილეთ: კონსტანტინე ზაუტაშვილი (ბიოგრაფია)).

კ. ზაუტშვილი იყო საქართველოში ძალოსნობის ერთ-ერთი ფუძემდებლის გიორგი ჩიკვაიძის მოწაფე და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი. იგი იყო სპორტის ოსტატი ძალოსნობაში, საქართველოს ჩემპიონი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამართული სხვადასხვა რანგის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიოს რეკორდსმენი შტანგის მარცხენა ხელით აკვრაში (1928წ. ეს მოძრაობა ამოღებული იქნა ძალოსნობის პროგრამიდან) და მრავალი რეკორდის ავტორი. წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად იგი ნაყოფიერ სამწვრთნელო საქმიანობასაც ეწეოდა და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში ძალოსნობის და ზოგადად ძალისმიერი სპორტის სახეობების განვითარებაში.

კონსტანტინე ზაუტაშვილი ქ. თბილისში ჩატარებულ ტურნირზე

(XX საუკუნის I ნახევარი)

სურათის ცენტრში: გიორგი ჩიკვაიძე

მარჯვენა ქვედა კუთხეში: კონსტანტინე ზაუტაშვილი

 

კ. ზაუტაშვილმა სამწვრთნელო საქმიანობა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში სპორტული მოღვაწეობის პარალელურად დაიწყო და აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და სპორტულ სექციებში. 1935 წლიდან კ. ზაუტაშვილმა საქმიანობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზაღზრდის კათედრაზე, მოგვიანებით კი ამ კათედრის ხელმძღვანელი გახდა და მას 17 წელი (1949-1955წწ; 1958-1969წწ.) ხელმძღვანელობდა. 1935-1962წწ. იგი იყო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე და ძალოსობაში საქართველოს  ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი. სამწვრთნელო საქმეში წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე 1947 წელს ბატონი კოტე მიწვეული იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრები გუნდის მწვრთნელად.

ნიკო კეცხოველი და კონსტანტინე ზაუტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ

 

1966 წელს . ზაუტაშვილი, როგორც თავისი საქმის უზადო მცოდნე საბჭოთა კავშირიდან სამუშაოდ კუბის რესპუბლიკაში მიავლინეს სადაც მან საფუძველი ჩაუყარა ძალოსნობის განვითარებას და მრავალი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდა. ბატონი კოტეს აღზრდილებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კუბელი სერხიო ოლივა, რომელიც შემდეგში წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ათლეტი გახდა. სერხიო ოლივა კულტურიზმში გამოდიოდა და 1967, 1968, 1969 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა Mr. Olimpia- ტიტულის მფლობელი. კუბელი ათლეტის დაუმარცხებელი სერიის შეჩერება ვერავინ შეძლო სანამ იგი 1970 წელს ლეგენდარულ არნოლდ შვარცენეგერთან  არ დამარცხდა.

სერხიო ოლივა და არნოლდ შვარცენეგერი

ტურნირი Mr. Olimpia 1970 წელი


კონსტანტინე ზაუტაშვილის კუბაში მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. კუბაში ის საფუძვლიანად გაეცნო ათლეტიზმს და მასში შემავალ სპორტის სახეობებს კულტურიზმს და პაუერლიფტინგს. 1968 წელს კუბიდან დაბრუნების შემდეგ კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმი საქართველოში შემოიტანა. მოგვიანებით მან „პაუერლიფტინგს ქართული სახელი „ძალისმიერი სამჭიდი უწოდა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბატონი კოტეს ამ ვითომდა უწყინარ და კეთილშობილურ სპორტულ წამოწყებას სერიოზული გამოცდის გავლა მოუხდა. პრობლემა ის იყო, რომ იმ დროს საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა სადაც ამერიკული და საერთოდ დასავლური ღირებულებები კატეგორიულად იკრძალებოდა. აკრძალული იყო სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა კარატე, გოლფი და .. იკრძალებოდა ჯაზის და როკის მოსმენა. აკრძალლვების დიდ ჩამონათვალში პაუერლიფტინგიც შევიდა და ყველა ვინც მის გავრცელებას შეეცდებოდა რეპრესიები ელოდა. საფრთხეების მიუხედავად კ. ზაუტაშვილმა შეძლო თანამოაზრეების შემოკრება და ვარჯიშის დაწყება. ენთუზიასტები, ყურადღება რომ არ მიექციათ,  პატარა დარბაზებში ფარულად ვარჯიშობდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სპორტულ დარბაზებს "КГБ"- თანამშრომლები ამოწმებდნენ რის გამოც ათლეტები იძულებულნი იყვნენ სამჭიდის ინვენტარი გადაემალათ და თავი კლასიკურ ძალოსნებად ან სხვა სპორტის წარმომადგენლებად გაესაღებინათ. სამჭიდის ინვენტარიდან ძირითად სამხილს წოლჭიმის სკამი წარმოადგენდა, რადგან პაუერლიფტინგში ინვენტარის ყველა სხვა ელემენტი ჩაჯდომის სადგამი, შტანგა, განტელები, გირები და ა.შ. ისეთივეა, როგორც ძალოსნობაში.

ასეთ რთულ ვითარებაში ათლეტიზმის გავრცელების ძირითად კერად ბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული დარბაზ იქცა, რომელსაც კ. ზაუტაშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ეპოქის საქართველოში თითქმის ყველა ეროვნული იდეა უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული და გასაკვირი არ არის, რომ ამ ახალ წამოწყებასაც სწორედ უნივერსიტეტმა გაუღო კარი. უნივერსიტეტის დარბაზს სხვადასხვა დროს ხშირად სტუმრობდნენ ლავრენტი ბერია,ალაკტიონ ტაბიძე, დოდო აბაშიძე და სხვა ცნობილი ადამიანები. ლ. ბერია ძალოსნებს ხშირად ორაზროვნად აფრთხილებდა: “უცხოეთში ტურნირებზე ვერ წახვალთ, მაგრამ მათ შედეგებით მაინც უნდა აჯობოთო”.

თსუ-ს ათლეტიზმის სექცია XX საუკუნის 70-იან წლებში

 

კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმის პოპულარიზაციის მიზნით თბილისში ჩამოიყვანა სერხიო ოლივა და მას ჯერ კიდევ დამწყებ ქართველ ათლეტებთან ერთად უნივერსიტეტის დარბაზში ავარჯიშებდა. კუბელი ათლეტი, თბილისში ყოფნის დროს, ათლეტიზმში ვარჯიშის დასამალად თავს ძალოსანად ასაღებდა. ამ ვერსიის გასამყარებლად მან ერთხელ თბილისში გამართულ ძალოსნობის შეჯიბრებაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

1980 წელს თსუ-ს სპორტულ დარბაზში დაარსდა საქართველოში პირველი ცენტრალური ათლეტური კლუბი „ამირანი“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოში ათლეტიზმის განვითარებაში.

საქართველოში ატლეტიზმის დანერგვაში კ. ზაუტაშვილთან ერთად აქტიურად ჩაერთო ცნობილი ქართველი მულტიპლიკატორი, გადამდგარი პოლკოვნიკი ავენირ ხუსკივაძე, რომელმაც საკუთარი სახლის სარდაფი ათლეტიზმის დარბაზად გადააკეთა და უამრავი ახალგაზრდა აზიარა ამ ახალ სპორტის სახეობას. 1982 წელს ავენირ ხუსკივაძის სახლში მოწყობილ დარბაზში ჩატარდა საქართველოში ათლეტიზმის პირველი შეჯიბრება.

მოგვიანებით, დროის სხვადასხვა ინტერვალით, ატლეტიზმის სექციები გაიხსნა სხვა ქალაქებშიც.  შემდეგში სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლეგენდარულმა შოთა ბეჟაშვილმა ათლეტიზმის სექცია გახსნა სიღნაღში,  საქართველოსა და ყოფილი სსრკ-ს მრავალგზის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ათლეტიზმში დავით ბეჟანიშვილმა ათლეტიზმის სექცია გახსნა თელავში. კასპში ანალოგიური სექცია გახსნა მოყვარულმა სპორტსმენმა, გვარდიის კაპიტანმა ნოდარ წერეთელმა. საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა კურკუმულმა ათლეტთა ძლიერი გუნდი მოამზადა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში. ათლეტიზმი, როგორც ფიზიკური მომზადების სისტება დანერგილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისთროსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში.

80-იან წლებში ყოფილ სსრკ-ში ძალისმიერი სამჭიდი ოფიციალურად იქნა აღიარებული, 1986 წელს კი ჩატარდა პირველი საკავშირო ჩემპიონატი. სსრკ-ს პირველ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კლუბი „ამირანი“ გამოვიდა და ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდისთვის ასეთი შედეგი უდაოდ დიდი წარმატება იყო და ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოულოდნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოფილ სსრკ-ში შემავალი 15 რესპუბლიკიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პატარა იყო და სპორტის ამ ახალ სახეობაში ქართველების გამარჯვებას არავინ ელოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გამარჯვება დიდი რისკის და იატაკქვეშეთში 20 წლიანი ვარჯიშის შედეგი იყო.

სსრკ პირველი ჩემპიონი საქართველოს ნაკრები 1986 წ.

მარცხნიდან:  ზაზა ჯაფარიძე, ზურაბ ჭავჭანიძე, დავით დავითური

ელგუჯა კვიკვინია, შოთა ბეჟაშვილი

 

დაიწყო ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებაც, რამაც ხელი შეუწყო ათლეტებისათვის საშეჯიბრო გამოცდილების მიღებას.

1988 წლის საქართველოს ჩემპიონი თსუ ნაკრები გუნდი ძალისმიერ სამჭიდში

მარცხნიდან დგანან: ზურაბ ჭავჭანიძე, სერგეი ბორისოვი, ელგუჯა კვიკვინია (მწვრთნელი), 

რობერტ არაქელოვი, გიორგი შონია.

მარცხნიდან სხედან: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ლევან გიგუაშვილი, გოჩა კავთიაშვილი

(ფოტო გადაღებულია თსუ-ს სპორტულ დარბაზში)

 

1989 წელს საქართველოს ნაკრები უკრაინაში . ბერდიანსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეაზოვის ზღვის თასი“ გამოვიდა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 1990 წელს უკრაინის ქ. ჩერკასში გამართულ საკავშირო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ისევ უძლიერესი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 1990 და 1991 წლებში ჩვენი ნაკრები ესტონეთში . კოხტლა-იარვეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზედიდი დათვის პრიზი“ გამოვიდა და კვლავ პირველი იყო.

„დიდი დათვის პრიზზე“  გამარჯვებული საქართველოს ნაკრები

ქ. კოხტა იარვე ესტონეთი 1990წ.

მარცხნიდან დგანან: ელგუჯა კვიკვინია, სოლომონ ჩეკურიშვილი, დავით ბეჟანიშვილი, 

ზურაბ ჭავჭანიძე (მწვრთნელი)

სხედან: მამუკა შენგელია, შოთა ბეჟაშვილი, დავით მერაბიშვილი.



1990 წლის სსრკ  ჩემპიონი საქართველოს ნაკრები

ქ. ჩერკასი უკრაინა

მარცხნიდან: ზურაბ ჭავჭანიძე (მწვრთნელი), ელგუჯა კვიკვინია (მწვრთნელი), დავით მერაბიშვილი, დავით დავითური (მწვრთნელი), რობერტ არაქელოვი, მამუკა შენგელია, შოთა ბეჟაშვილი, ზაზა ჯაფარიძე (მთ. მწვრთნელი).

 

 

1990 წლის 8 ივნისს ქართული ათლეტიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოში მოქმედი რეგიონალური ფედერაციების, ათლეტური ლუბების, სპორტული სკოლების და ათლეტური პროფილის იურიდიული პირების მიერ შეიქმნა ნებაყოფლობითი კავშირი ეს იყო ათლეტიზმის პირველი ეროვნული ორგანიზაცია და მას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია (საფ) ეწოდა (იხილეთ: საფ-ის ისტორია).


საფ-მა ოფიციალურად აღიარა ოლიმპიური ქარტია”, ოლიმპიური პრინციპები და გახდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) ერთ-ერთი დამფუძნებელი.


1991 წელს საფ- გაწევრიანდა ათლეტური სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებში


1.International Federation of Bodybulders (IFBB)  -  www.IFBB.COM


2. International Powerlifting Federation (IPF)  -  www.powerlifting-ipf.com


3. European Powerlifting Federation (EPF)  -  www.europowerlifting.org

 

ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რადგან მსოფლიოში მოქმედი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მხოლოდ IFBB და IPF არის რეგისტრირებული საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ასოციაციაში (GAISF) და აღიარებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ.


დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პაუერლიფტინგში პირველმა სიღნაღელმა შოთა ბეჟაშვილმა მოიპოვა 1993 წელს ბუდაპეშტში გამართულ IPF-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველ წარმატებას მოყვა სხვა გამარჯვებებიც და დღეს საქართველოს, როგორც IPF-ის ისე სხვა ფედერაციების ეგიდით ყავს მრავალი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი.


შოთა ბეჟაშვილი

პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან

 

ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ძალისმიერი და ათლეტური სპორტის კიდევ ერთ სახეობას ძალისმიერ სამჭიდს, რომელიც ჩვენში უკვე 50 წლის ისტორიას ითვლის. დღეს საფ-ის ათლეტური კლუბები ქ. თბილისის გარდა აქტიურად მუშაობენ სიღნაღში, თელავში, ქუთაისში, გორში, ფოთში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, კასპში, მარნეულში, საგარეჯოში, ველისციხეში, წალკაში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ყველასათვის ნაცნობი და ისტორიული კლუბი „ამირანი“ 2005 წლიდან თსუ-ს სპორტული ცენტრის შემადგენლობაში შედის და თავისი წარმატებული საქმიანობით კვლავინდებურად აგრძელებს ქართული ათლეტიზმის ავანგარდში დგომას.


___________________________________________________________


საქართველოს ატლეტიზმის ფედერაცია თემაზე მუშაობის დროს გაწეული დახმარებისა და ისტორიული ფოტოების მოწოდებისათვის დიდ მადლობას უხდის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მუზეუმის ღვაწლმოსილ თანამშრომელს ქალბატონ ლილი ლომსაძეს.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity