საფ-ის ისტორია

საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ისტორია

 

          საქართველოში ათლეტიზმი და მისი ძირითადი სახეობები პაუერლიფტინგი და კულტურიზმი, როგორც სპორტის სახეობები XX საუკუნის 60-იან წლებში გაიცნეს. ჩვენში ათლეტიზმის ფუძემდებელი იყო საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწეწლების განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი ბატონი კონსტანტინე ზაუტაშვილი (იხილეთ: ათლეტიზმის ისტორია საქართველოში). საქართველოში არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად ათლეტიზმის დამოუკიდებელი ორგანიზაცია 1990 წლამდე არ არსებობდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდისთვის საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და ათლეტიზმში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა მხოლოდ საკავშირო ორგანიზაციების შემადგენლობაში შეეძლოთ. ათლეტიზმის ეროვნული ორგანიზაცია დამოუკიდებელი სუბიექტის სახით მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა.


          1990 წლის 8 ივნისს საქართველოში მოქმედი რეგიონალური ფედერაციების, ათლეტური კლუბების, სპორტული სკოლების და ათლეტური პროფილის იურიდიული პირების მიერ შეიქმნა ნებაყოფლობითი კავშირი ეს იყო ათლეტიზმის პირველი 

ეროვნული ორგანიზაცია და მას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია (საფ) ეწოდა.


          საფ-მა ოფიციალურად აღიარაოლიმპიური ქარტია”, ოლიმპიური პრინციპები და გახდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) ერთ-ერთი დამფუძნებელი.


          1990 წელს საფ- გაწევრიანდა ათლეტური სპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებში


1. International Federation of Bodybulders (IFBB)  -  www.IFBB.COM


2. International Powerlifting Federation (IPF)  -  www.powerlifting-ipf.com


3. European Powerlifting Federation (EPF)  -  www.europowerlifting.org

 

 

          ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რადგან მსოფლიოში მოქმედი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მხოლოდ IFBB და IPF არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ასოციაციაში (GAISFრეგისტრირებული და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ აღიარებული.


          დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველმა სიღნაღელმა შოთა ბეჟაშვილმა მოიპოვა 1993 წელს ბუდაპეშტში გამართულ IPF-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ გამარჯვებას მოყვა სხვა წარმატებებიც


შოთა ბეჟაშვილი

(IPF-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან)



          ასეთი იმედის მომცემი დასაწყისისა და ხელმძღვანელობის ძალისხმევის მიუხედავად ფედერაციის საქმიანობა სათანადო ტემპით ვერ წარიმართა. 90-იან წლებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურმა ფონმა სპორტის სხვა სახეობების მსგავსად ათლეტიზმსაც სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამას დაერთო ისიც, რომ პაუელიფტინგს, როგორც არაოლიმპიურ სპორტს სახელმწიფოსგან არანაირი მხარდაჭერა არ ქონდა და სპორტსმენებს ვარჯიშიც და შეჯიბრებებზე მონაწილეობაც თავისი ხარჯებით უხდებოდათ. ბევრი პერსპექტიული სპორტსმენი იძულებული იყო საქართველოდან წასულიყო და სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა ან საერთოდ ჩამოშორებოდა სპორტს. 90-იანი წლების ბოლოსთვის საფ-ის მოქმედ სპორტსმენთა რიცხვი ისე შემცირდა, რომ ეროვნულ შეჯიბრებებზე მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. შედეგად ეროვნული შეჯიბრებების დონე საგრძნობლად დაეცა ან საერთოდ აღარ ტარდებოდა. კონკურენციისა და სატურნირო გამოცდილების არარსებობის გამო სპორტსმენების შედეგები იმდენად დაბალი იყო რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრებას აზრი ეკარგებოდა.


          შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის მოსაძებნად 1998 წელს საფ-ის წამყვანი სპორტსმენები ბორის სარალიძე, ვეფხია ჯმუხაძე, სოსო ხარაბაძე და მიხეილ მანუკიანი პაუერლიფტინგის სამშობლოში გაემგზავრნენ სადაც ნიუიორკის ერთ-ერთი კლუბის სახელით დაიწყეს ასპარეზობა. თავი, რომ ერჩინათ ისინი დღისით მუშაობდნენ და ღამით ვარჯიშობდნენ, თან შეჯიბრებებზე გამოსვლასაც ახერხებდნენ რასაც შედეგად მოყვა ის რომ 2002 წელს WNPF-ის ღია ჩემპიონატზე (იხ.http://www.wnpf.net) ბორის სარალიძემ, ვეფხია ჯმუხაძემ და სოსო ხარაბაძემ საქართველოს სახელით გამოსვლის უფლება მიიღეს და თავიანთ წონით კატეგორიებში ჩემპიონებიც გახდნენ. უცხო ქვეყანაში დიდი შრომის ფასად მიღწეული ეს გამარჯვება ფასდაუდებელი აღმოჩნდა ქართული პაუერლიფტინგის შემდეგი განვითარებისთვის. სწორედ ამ გამარჯვების და ბორის სარალიძის მიერ გაწეული უდიდესი შრომისა და მოლაპარაკებების წყალობით საქართველოს ნაკრებმა WNPF-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლის ლიცენზია მიიღო.


სოსო ხარაბაძე, ბორის სარალიძე და ვეფხია ჯმუხაძე შეჯიბრების შემდეგ 

(ამერიკის შეერთებული შტატები 2002წ.)


          საჭიროა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში პაუერლიფტინგის ერთადერთი საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური აღიარება და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასამბლეის წევრი არის IPF (იხ. http://www.powerlifting-ipf.com). WNPF მასთან შედარებით დაბალი რანგისაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ იმ დროისათვის საფ-ის სპორტსმენებს IPF-ის მაღალი დონის ტურნირებისთვის მოსამზადებელი პირობები და საშუალება არ ჰქონდათ და ორგანიზაცია დაშლის პირას იყო მისული გასაგები გახდება, რომ WNPF-თან დამყარებული ეს თანამშრომლობა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო საფ-ის საქმიანობაში. WNPF-ზე არჩევანის გაკეთება იმანაც განაპირობა, რომ პაუერლიფტინგის სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით ის IPF-ის მსგავსად იცავს საერთაშორისო ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნებს.


          WNPF-თან დამყარებული ურთიერთობის საფუძველზე საქართველოში დარჩენილი სპორტსმენების და მწვრთნელების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ბორის სარალიძის ძმა ნიკოლოზ სარალიძე ჩაუდგა შეიმუშავა კრიზისიდან გამოსვლის და ქართული ათლეტიზმის განვითარების გეგმა. გეგმა რამდენიმე თანმიმდევრულად გასავლელ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საქართველოში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენას და მათ WNPF-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლას ითვალისწინებდა რაც მათ გამარჯვების რწმენას დაუბრუნებდა, სატურნირო გამოცდილებას მისცემდა და პროფესიული დონის ამაღლებაში დაეხმარებოდა. მომდევნო ეტაპზე WNPF-ში მაღალი შედეგების მქონე ათლეტები IPF-ის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოვიდოდნენ სადაც მსოფლიო თამაშების და არნოლდ ფესტივალის ლიცენზიები გაიცემა. საფ-ის საბოლოო მიზანი სწორედ მსოფლიო თამაშებზე და არნოლდ ფესტივალზე გასვლა და ამ პესტიჟულ ტურნირებზე ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმოჩენა არის (იხ. http://www.theworldgames.org; http://www.arnoldsportsfestival.com).


   

ნიკოლოზ სარალიძე
(საფ-ის პრეზიდენტი)
   ფედერაციის კრიზისიდან გამოყვანისა და შემდგომი განვითარების აღნიშნულ გეგმას მისი აღსრულების პირველივე ეტაპზე სერიოზული პრობლემები შეექმნა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ WNPF-ის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართებოდა აუცილებელი ლიცენზიისა და მიწვევის გარდა საჭირო იყო ვიზის მიღება. ამ თითქმის გადაულახავი პრობლემის გადაჭრაში ფედერაცია კვლავ კეატილი ადამიანების იმედზე დარჩა. ნიკოლოზ სარალიძე დახმარების მოლოდინში დაუღალავად მიმართავდა  შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვეღა რჩებოდა და ვიზის მიღების იმედი უკვე ამოწურული იყო როცა ნიკოლოზ სარალიძემ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მსახურობდა ვიზების მისაღებად რეკომენდაციისათვის მიმართა უშიშროების მინისტრის მოადგილეს ბატონ ირაკლი ალასანიას. ბატონმა ირაკლი ალასანიამ ახალგაზრდა სპორტსმენებს დახმარება აღუთქვა, წარმატებები უსურვა და ერთი პრაქტიკული რჩევა მისცა: "თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე ღირსეულად იასპარეზებთ და სავიზო რეჟიმს არ დაარღვევთ მომავალში უცხო ქვეყნების ვიზების მიღებას ჩვენი რეკომენდაციის გარეშეც შეძლებთო". მიღებული რეკომენდაციის შედეგად ფედერაციის ორმა წევრმა (ერთი მწვრთნელი და ერთი სპორტსმენი) პირველი ვიზები მიიღეს. ნიკოლოზ სარალიძემ კი მინისტრის მოადგილისაგან მიღებული რჩევა ფედერაციის მუშაობის ერთ–ერთ ძირითად პრინციპად აქცია.

          აშშ-ში WNPF-ის მსოფლიო ჩემპიონატზე საფ-ის პირველი დელეგაცია 2002 წელს გაემგზავრა და მასში სულ ერთი სპორტსმენი მძიმეწონოსანი გერონტი ჯმუხაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ჭავჭანიძე შედიოდა. გერონტი ჯმუხაძე ამერიკიდან გამარჯვებული დაბრუნდა რაც სხვა ქართველი სპორტსმენებისთვის დიდი სტიმული იყო. საფ-ის ხელმძღვანელების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგა 2002 წლიდან დღემდე ფედერაციის სახელით მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე მოხდა 100-მდე სპორტსმენის გამგზავრება. საქართველოს ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს WNPF-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე სადაც უკვე ჰყავს 50-მდე მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი. 2006 წელს საფ-ის წამყვანმა სპორტსმენებმა ზაურ ჯავახიშვილმა და ვლადიმერ ნაზღაიძემ უკვე IPF-ის ევროპის ჩემპიონატზე მოსინჯეს ძალები სადაც თავიანთ წონით კატეგორიებში III ადგილები დაიკავეს. 2007 წელს საფ-ის კიდევ ერთმა სპორტსმენმა არნოლდ ფესტივალის ლიცენზია აიღო, მაგრამ უსახსრობის გამო საჭირო პროცედურების გავლა და სპორტსმენის ფესტივალზე გამგზავრება ვერ მოხერხდა.


მარცხნიდან ზ. ჯავახიშვილი, ვ. ნაზღაიძე და ზ. ჭავჭანიძე (ნაკრების მთავარი მწვრთნელი)


          დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ WNPF-თან თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კრიზისის დაძლევაში და საფ-ის საქმიანობაში ახალი ეტაპის დაწყებას შეუწყო ხელი.


          საფ-ის გეგმიური მუშაობის შედეგად ათლეტიზმით დაინტერესებამ და შესაბამისად სპორტსმენების რიცხვმა თანდათან იმატა. დღეისათვის საფ-ის კლუბები მუშაობენ თბილისში, რუსთავში, თელავში, სიღნაღში, გურჯაანში, ბოლნისში, მარნეულში, მცხეთაში, კასპში, გორში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში სადაც 5000-მდე პროფესიონალი და მოყვარული ვარჯიშობს. საფ ყოველწლიურად ატარებს საქართველოს ჩემპიონატს, საქართველოს თასის გათამაშებას, სახელობით ტურნირებს (კ. ზაუტაშვილის, ვ. ბედიაშვილის და შ. ბეჟაშვილის) და შეჯიბრებებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით (ჭაბუკების, ახალგაზრდების, ღია და ვეტერანთა ასაკობრივ კატეგორიებში), რომლებშიც საშუალოდ 150-200 სპორტსმენი მონაწილეობს. 2011 და 2012 წლებში საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციამ WNPF-ის ფედერაციის ეგიდით თბილისში პირველად ჩაატარა პაუერლიფტინგის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ირანის და თურქეთის ნაკრებმა გუნდებმა. საფ გეგმავს, რომ ეს ტურნირი უფრო მასშტაბური და ყოველწლიური გახადოს. პაუერლიფტინგის პოპულარიზაციის მიზნით საფ მოყვარულთა შეჯიბრებებსაც ატარებს. მაგალითად, შეჯიბრებები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის, სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს შორის და ა.შ.


          საფ-ის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინვალიდი სპორტსმენების მომზადებას და შეჯიბრებზე გამოყვანას. საფ-ის მიერ ჩატარებულ ყველა რანგის შეჯიბრებაზე შესაბამისი ეგიდით მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ჯგუფის ინვალიდი პაუერლიფტერებიც რაც ხელს უწყობს მათ ჩაბმას აქტიურ სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პაუერლიფტინგი, როგორც პარაოლიმპიანდის პროგრამაში შემავალი სპორტი ყველა ქართველ პარასპორტსმენს სათანადო შედეგების მიღწევის და სალიცენზიო პროცედურების გავლის შემთხვევაში პარაოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს (იხ. http://www.paralympic.org/Powerlifting).


          დღეისათვის საქართველოში მოქმედი პაუერლიფტინგის ორგანიზაციებიდან საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია არის ერთადერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მსოფლიოში აღიარებული სპორტული პრინციპებით, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების და მსოფლიო ანტი-დოპინგური კოდექსის მოთხოვნებით. საფ ასევე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც არის IPF-ის ოფიციალური წევრი, აქვს საერთაშორისო აღიარება და მსოფლიო დონის მიღწევები.

 

          P.S. საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციას შექმნის დღიდან დღემდე სახელმწიფო დაფინანსება არ ჰქონია და ყველა ის სამუშაო რაც ფედერაციამ 1990 წლიდან დღემდე შეასრულა მხოლოდ ფედერაციის წევრების პირადი სახსრებით და მეგობრების დახმარებით განხორციელდა.

 
შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity