პაუერლიფტინგის წარმოშობა

პაუერლიფტინგის წარმოშობა


1928 წლიდან, მას შემდეგ რაც ძალისმიერი მოძრაობებიდან კლასიკური ძალოსნობის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი დასრულდა და მის საშეჯიბრო პროგრამაში მხოლოდ შტანგის ორი ხელით აჭიმვა, ატაცი და აკვრა იქნა დატოვებული (1973 წლიდან ატაცი და აკვრა), დანარჩენი ძალისმიერი მოძრაობები ძირითადად სავარჯიშოდ გამოიყენებოდა. ასეთი სავარჯიშო მოძრაობებიდან ბევრ ქვეყანაში პოპულარული იყო ჩაჯდომა, წოლჭიმი, ამოწევა და ბიცებსებით წონის აწევა, რომლებიც ძალოსნობის მოძრაობებისგან იმითი განსხვავდება, რომ მათი შესრულების დროს ათლეტი შტანგას მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე ეწევა, მაშინ როცა ატაცის და აკვრის შესასრულებლად ათლეტი ფიზიკური ძალის გარდა აწევის ტექნიკას, სისწრაფეს, კოორდინაციას, ელასტიურობას, მოქნილოდას და სხვა თვისებებს იყენებს. ასეთი თავისებურების გამო ჩაჯდომას, წოლჭიმს, ამოწევას და ბიცებსებით წონის აწევას ძალოსნები, კულტურისტები და სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები ძალისმიერი და სხვა ფიზიკური მონაცემების გასავითარებლად იყენებდნენ.


              

ჩაჯდომა                                                წოლჭიმი



                

ამოწევა                                     ბიცებსებით წონის აწევა



დროთა განმავლობაში ბევრმა გამოჩენილმა სპორტსმენმა ასეთი ვარჯიშების შედეგად თავისი ძალისმიერი შესაძლებლობები საგრძნობლად განავითარა და საოცარ შედეგებს აჩვენებდა. მაგალითად, XX საუკუნის 50-იან წლებში განუმეორებელი შედეგები აჩვენა ლეგენდარულმა ამერიკელმა ათლეტმა მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ძალოსნობაში პოლ ანდერსონმა. 1955 წელს მან მხრებზე დაიდო 545 კილოგრამი წონის შტანგა, მუხლებში ბოლომდე ჩაჯდა და ისევ წამოდგა. გარდა ამისა ანდერსონმა სადგარებიდან ამოქაჩა 1600 კილოგრამი და წელში გაიმართა. ასეთი შედეგები შემდეგში არავის ჰქონია, მაგრამ იმის გამო, რომ იმ დროს ეს მოძრაობები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალური სპორტის სახეობა და შედეგები ვარჯიშის დროს იყო ნაჩვენები, მათი მსოფლიო რეკორდად დაფიქსირება ვერ მოხერხდა. გაჩაღდა ღია პაექრობა რომელშიც მალე ჩაერთნენ ამერიკელი, ავსტრალიელი, ინგლისელი, ჩრდილოეთ ირლანდიელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

 

პოლ ანდერსონი

ლეგენდარული ათლეტი

მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში

ასრულებს ჩაჯდომას შტანგისმაგვარი კუსტარული სიმძიმით


მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის კლასიკური ძალოსნობა (ატაცი და აკვრა) უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული, ბევრ ქვეყანაში ჩაჯდომი, წოლჭიმი, ამოწევა და ბიცებსებით წონის აწევა უფრო პოპულარული გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა ამ მოძრაობებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა, სადაც XX საუკუნის 50-ინ წლებში მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი სპორტის სახეობა, რომელსაცპაუერლიფტინგიეწოდა. პაუერლიფტინგის ოფიციალულ საშეჯიბრო მოძრაობებში შეტანილი იქნა სამი მოძრაობა ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა, რის გამოც მას კიდევ ერთი სახელი ძალისმიერი სამჭიდიდაერქვა.


შენიშვნა:

პაუერლიფტინგის განვითარების სრული ისტორია იხილეთ თემაში - ძალისმიერი სამჭიდის ისტორია

 

1972 წელს შეიქმნა „პაუერლიფტინგის საერთაშორისო ფედერაცია“ IPF  (International Powerlifting Federacion), რომელშიც 2007 წლის მონაცემებით გაწევრიანებული იყო მსოფლიოს 108 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია (იხილეთ: ძალისმიერი სამჭიდის საერთაშორისო ორგანიზაციები). 2004 წელს IPF-მა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური აღიარება და ხელი მოაწერა ანტი-დოპინგურ კოდექსს.


მსოფლიოს I ჩემპიონატი პაუერლიფტინგში 1971 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ იორკში ჩატარდა.


ევროპის I ჩემპიონატი პაუერლიფტინგში 1978 წელს ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა.


1964 წელს პაუერლიფტინგის ერთ-ერთი მოძრაობა წოლჭიმი შეტანილი იქნა პარაოლიმპიური თამაშების პროგრამაში (იხილეთ: ძალისმიერი სამჭიდი და ოლიმპიური თამაშები). 2000 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ძალისმიერ სამჭიდში პირველად დაშვებული იყვნენ ქალი პაუერლიფტერებიც.


მართალია პაუერლიფტინგი ჯერ არ შედის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, მაგრამ ის შეტანილია თანამედროვეობის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეჯიბრების კერძოდ კი მსოფლიო თამაშების, არნოლდ ფესტივალის და სხვა შეჯიბრებების პროგრამაში. (იხილეთ: www.theworldgames.org; www.arnoldsportsfestival.com).






შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity