ძალოსნობის წარმოშობა


ძალოსნობის წარმოშობა

პირველი სპორტის სახეობა, რომელიც ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა ძალოსნობა იყო. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ძალოსნობას გამოკვეთილი სპორტული შეჯიბრების სახე მიეცა რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ უმეტეს ქვეყანაში საშეჯიბრო იარაღად გამოყოფილი იქნა შტანგა (იხილეთ: შტანგის ისტორია).

გერმანელები შტანგას (გერმანულიStange) ეძახდნენ რკინის ღერძს, რომელსაც თავდაპირველად ბოლოებზე სიმძიმეები არ ქონდა. ასეთი ღერძი 50მმ. დიამეტრის იყო და 20,5კგ. იწონიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე შტანგის გრიფის სტანდარტული წონა 20 კილოგრამი სწორედ იქედან არის აღებული. ინგლისში ასეთ ღერძზე წონის მოსამატებლად სიმძიმეებს კიდებდნენ. ფართოდ გამოიყენებოდა სფეროიანი შტანგებიც, რომლებიც ორი სახის იყო: მუდმივი წონის და ცვალებადი წონის. ცვალებადი წონის სფეროებიან შტანგებში სფერო სიცარიელეს წარმოადგენდა და მასში წონის შესაცვლელად ქვიშა ან ტყვიის საფანტი იყრებოდა. ასეთი შტანგები მოუხერხებელი იყო, რადგან შეჯიბრების დროს წონის სწრაფად მომატება და მოკლება ვერ ხდებოდა, ამიტომ  სფეროებიანი შტანგა მალე ასაწყობი შტანგით შეცვალეს, რომელშიც ღერძზე სხვადასხვა წონის რკინის დისკოები ეგებოდა.

 

                    

სფეროებიანი შტანგა                                   ასაწყობი შტანგა


მიუხედავად იმისა, რომ შტანგა სულ უფრო ვითარდებოდა და პოპულარული ხდებოდა XX საუკუნის 20-იან წლებამდე ის ჯერ კიდევ არ იყო ძალოსნობის ერთადერთი საშეჯიბრო იარაღი. ძალოსნობის პირველი შეჯიბრებების პროგრამაში შტანგის გარდა დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა გირები და თუჯის ბულდოგები რის გამოც იმ დროის ძალოსნობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე კლასიკური ძალოსნობისგან.  პირვანდელი ძალოსნობის ტრანსფორმაციას და კლასიკურ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებას თითქმის 60 წელი დასჭირდა და ეს პროცესი 1860-იანი წლებიდან 1920-იან წლებამდე გაგრძელდა.


                              

ბულდოგის აწევა მარჯვენა ხელით      გირის აწევა მარჯვენა ხელით


ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველი საერთაშორისო ტურნირების, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარებამ. სწორედ ასეთ ტურნირებზე ხდებოდა საშეჯიბრო წესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი სრულყოფა.

ევროპის I ჩემპიონატი ძალოსნობაში 1896 წელს ჩატარდა და მას როტერდამმა უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ჰოლანდიის, ავსტრიის, დანიის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებმა. ძალისმიერი მოძრაობებიდან ევროპის I ჩემპიონატისთვის შეირჩა მხოლოდ შტანგით შესასრულებელი 2 მოძრაობა: შტანგის აჭიმვა ორი ხელით და შტანგის აკვრა ორი ხელით. ჩემპიონატზე წონითი კატეგორიები არ იყო, ამიტომ გამოვლინდა მხოლოდ აბსოლუტური ჩემპიონი. ეს იყო 120 კილოგრამიანი ლუდის მწარმოებელი ბავარიიდან განს ბეკი, რომელმაც ორი ხელით აჭიმა 130კგ და აკვრით დაძლია 135კგ

მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობის საშეჯიბრო წესები ჯერ კიდევ არ იყო სტანდარტული და დახვეწილი, იმავე 1896 წელს ის შეტანილი იქნა პირველი განახლებული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, რომელიც ათენში გაიმართა. სიმძიმეების აწევის მრავალრიცხოვანი მოძრაობებიდან ოლიმპიადისთვის შერჩეული იქნა მხოლოდ ორი მოძრაობა შტანგის აწევა ერთი ხელით და შტანგის აჭიმვა ორი ხელით. პირველ მოძრაობაში სულ 3 ქვეყნის 4 სპორტსმენი გამოვიდა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ინგლისელი ლანცესტონ ელლიოტი, რომელმაც 71.0კგ აწია. II მოძრაობაში 5 ქვეყნის 6-მა სპორტსმენმა იასპარეზა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დანიელი ვიგო იენსენი, რომელმაც ორი ხელით 111,5კგ აჭიმა.


                          

ლანცესტონ ელიოტი                                         ვიგო იენსენი


მსოფლიოს I ჩემპიონატი ძალოსნობაში 1898 წელს ვენაში (ავსტრია) გაიმართა. ჩემპიონატის პროგრამაში სიმძიმეების აწევის 14 სხვადასხვა მოძრაობა იყო შეტანილი, სიმძიმეებად კი საფანტის ჩასაყრელი სფეროებიანი შტანგა და თუჯის ბულდოგები იქნა არჩეული. შეჯიბრებაზე ათლეტი თითოეულ მოძრაობაში გარკვეულ ქულებს იღებდა. მაგალითად, რომელიმე მოძრაობაში I ადგილის დაკავების შემთხვევაში ათლეტს ენიჭებოდა 1 ქულა, II ადგილის დაკავებისთვის 2 ქულა და .. მთლიანი შეჯიბრების გამარჯვებული ხდებოდა ის ათლეტი, რომელიც ყველა მოძრაობაში ჯამურად ყველაზე დაბალ ქულებს დააგროვებდა. I მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავსტრიელი ვილგელმ ტიურკი, რომელიც თითქმის ყველა მოძრაობაში I ადგილზე გავიდა და 14 მოძრაობის ჯამში 30 ქულა დააგროვა. ძირითად მოძრაობებში მისი შედეგები ასეთი იყო:


შტანგის აკვრა ორი ხელით 150,8კგ

შტანგის აჭიმვა ორი ხელით 127,5კგ

ორი თუჯის ბულდოგის აწევა ორი ხელით  145,4კგ

და ა.შ.


ძალოსნობის I მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული იყო იმითი, რომ გამარჯვებულების დასაჯილდოებლად შემოღებული იქნა მედლები, ლენტები და დიპლომები.

ძალოსნობის II მსოფლიო ჩემპიონატი 1903 წელს პარიზში (საფრანგეთი) ჩატარდა და ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა I მსოფლიო ჩემპიონატისგან. ძირითადი განსხვავება ის იყო, რომ 14 საშეჯიბრო მოძრაობიდან დატოვებული იქნა 11 მოძრაობა, ხოლო საშეჯიბრო იარაღებში შტანგისა და თუჯის ბულდოგების გარდა დამატებული იქნა გირები.

1904 . ძალოსნობის III მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იქნა შემოღებული წონითი კატეგორიები, რითაც შეჯიბრი უფრო ობიექტური და ყველა წონის სპორტსმენისთვის ხელმისაწვდომი გახდა. თავდაპირველად სულ 3 წონითი კატეგორია იქნა შემოღებული:

 

70კგ-მდე        მსუბუქი

80კგ-მდე        საშუალო

80+კგ              მძიმე

 

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ათლეტების წონებში მცირე განსხვავებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მათ შედეგზე და წონითი კატეგორიები კიდევ უნდა გაზრდილიყო.


საინტერესოდ წარიმართა ძალოსნობის საშეჯიბრო მოძრაობების შერჩევის პროცესიც. 1906 წელს გამართულ VII მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალოსნობაში დამკვიდრებული იქნა ოთხჭიდი, რომელიც შემდეგ მოძრაობებს მოიცავდა:


1.      შტანგის ატაცი ერთი ხელით

2.      გირის განგაშლა ერთი ხელით

3.      შტანგის აჭიმვა ორი ხელით

4.      შტანგის აკვრა ორი ხელით

 

1907 წელს გირის განგაშლა ამოღებული იქნა პროგრამიდან და ოთხჭიდის პროგრამაში შევიდა მხოლოდ შტანგით შესასრულებელი შემდეგი მოძრაობები:


1.      ატაცი მარჯვენა ხელით

2.      ატაცი მარცხენა ხელით

3.      აჭიმვა ორი ხელით

4.      აკვრა ორი ხელით

 

1913 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში პირველად იქნა შემოღებული წესი რომლის მიხედვითაც სპორტსმენებს თითოეულ მოძრაობაში წონის დასაძლევად 3 ცდის უფლება ეძლეოდათ. ახალი წესებიდან ასევე აღსანიშნავი იყო ის, რომ სპორტსმენების აწონვა სრულად გახდილზე შეჯიბრებამდე 3 საათით ადრე უნდა მომხდარიყო (მანამდე აწონვა ერთი დღით ადრე ხდებოდა). ეს წესი შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა და დღეს სპორტსმენების აწონვა ხდება სრულად გახდილზე ან მარტო ტრუსებში შეჯიბრამდე 2 საათით ადრე.


საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას მართლაც დიდი მნიშვნელობა ქონდა ძალოსნობის განვითარებისთვის, მაგრამ მარტო ეს საკმარისი არ იყო და 1920-იან წლებამდე მისი განვითარების პროცესი მაინც ნელა მიდიოდა. ძალოსნობას, ჯერ კიდევ, საცირკო ხელოვნებასთან უფრო მეტი საერთო ქონდა, ვიდრე სპორტთან, რის გამოც ის ვერ ხვდებოდა მსოფლიოში მიმდინარე სპორტის სახეობების განვითარების საერთო პროცესში. 1900 წელს საფრანგეთში და 1904 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ II და III ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნები მოუმზადებლობის გამო არ გამოვიდნენ. 1908 და 1912 წლებში ჩატარებულ IV და V ოლიმპიადებზე კი ძალოსნობა საერთოდ ამოღებული იქნა პროგრამიდან.


ათლეტების გამოსვლა ცირკში(ფოტოზე გიორგი ნოვაკი)


ძალოსნობის ნელი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სიმძიმეების აწევა ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი სახეობა. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისისათვის ლეტიკაში, ისევე როგორც ზოგადად სპორტში ჯერ კიდევ არ იყო ვიწრო სპეციალიზაცია ცალკეულ სპორტის სახეობებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვადასხვა სახეობის სპორტსმენთა მომზადების მეთოდები, საშეჯიბრო წესები და სხვა ელემენტები ჯერ კიდევ არ იყო ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული. პირველ ათლეტიკურ კლუბებსა და სალონებში სპორტსმენები მრავალმხრივ მომზადებას გადიოდნენ. ისინი სიმძიმეებზე ვარჯიშის გარდა ემზადებოდნენ კრივში, ჭიდაობაში ან სპორტის სხვა სახეობაში. ასეთ პირობებში სიმძიმეებზე ვარჯიშებს სავარჯიშო დანიშნულება უფრო ქონდა ვიდრე საშეჯიბრო. ფიზიკური ძალის განვითარების შემდეგ ათლეტები გარკვეულ უნივერსალურობას იძენდნენ და ერთდროულად შეეძლოთ გამოსულიყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. იმ დროის მსოფლიოს ყველა ცნობილი ძალოსანი იმავდროულად წარმატებული იყო ჭიდაობაში, კრივში ან სხვა სახეობაში. მაგალითად რუსი ათლეტი გიორგი ხაკენშმიტი ასევე იყო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობაში. ცნობილი ფრანგი ათლეტი შარლ რიგულო XX საუკუნის 20-იან წლებში არაერთგზის გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ველოსპორტში და ასეთი მაგალითები მრავლად იყო.


გიორგი ხაკენშმიტი

(1877-1968წწ.)


პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის სპორტსმენი, რომელიც მხოლოდ ერთ სახეობაში ვარჯიშობდა შეჯიბრებებზე უფრო მაღალ შედეგს აჩვენებდა. დროთა განმავლობაში მსოფლიო სპორტში მოხდა სპეციალიზაცია და სპორტის თითოეული სახეობა დამოუკიდებელი გახდა სპეციფიური და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სავარჯიშო მეთოდებით, საშეჯიბრო წესებით და სხვა თავისებურებებით.


ძალოსნობის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ძლიერი საერთაშორისო ორანიზაციის შექმნამ ითამაშა. 1913 წლის 5 ივნისს ბერლინში გამართულ ათლეტიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ოფიციალურად შეიქმნა ძალოსნობის საერთაშორისო ასოციაცია. ასოციაციას კოორდინაცია უნდა გაეწია ათლეტიკური გაერთიანებების საქმიანობაზე, რომელშიც შედიოდნენ ძალოსნები (სიმძიმეებთან მომუშავე ათლეტები), მოჭიდავეები და მოკრივეები. აღნიშნული კავშირის მიერ სიმძიმეების აწევის მოძრაობებიდან საშეჯიბროდ გამოყოფილი იქნა 11 მოძრაობა და მსოფლიო რეკორდებიც მარტო ამ მოძრაობებში რეგისტრირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ასოციაცია მუშაობას აქტიურად შეუდგა, მას დიდხანს არ უარსებია. 1914 წელს I მსოფლიო ომის დაწყების გამო მან მუშაობა შეწყვიტა და მძიმე ათლეტიკა 1920 წლამდე კვლავ მმართველი ორგანიზაციის გარეშე დარჩა.


1920 წლის 20 სექტემბერს მძიმე ათლეტიკის მესვეურთა მიერ შექმნილი იქნა ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაეწოდა (იხილეთ: http://www.iwf.net). ფედერაციის შექმნის შემდეგ ძალისმიერი ვარჯიშებიდან სპორტის ჩამოყალიბების პროცესი სწრაფი ტემპით წავიდა. ჩატარებული იქნა უდიდესი სამუშაო ძალოსნობაში საერთო წესების და სტანდარტების შემოღების კუთხით. მართალია სრულყოფის გზაზე შემდეგშიც არაერთი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ სპორტად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ყველა ძირეული ცვლილება სწორედ 1920-იან წლებში მოხდა. წესებზე მუშაობის პროცესში გადამწყვეტი იყო ის, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ერთადერთ საშეჯიბრო იარაღად შტანგა დაამტკიცა. ასეთი ცვლილებების შედეგად ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა კლასიკური სპორტის სახეობა, რომელსაცძალოსნობაეწოდა. მართალია ძალოსნობის სავარჯიშო პროცესში დღემდე გამოიყენება სხვადასხვა იარაღები, მაგრამ საშეჯიბრო პროგრამაში მხოლოდ შტანგა შედის, რის გამოც ძალოსნებს კიდევ ერთ სახელს "შტანგისტებს" ეძახიან. რაც შეეხება ძალოსნობის საშეჯიბრო მოძრაობებს, ის 1920 წლის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა. ძალოსნობის საშეჯიბრო მოძრაობებში სხვადასხვა დროს შედიოდა:


        1920-1924წწ. - სამჭიდი (ატაცი და აკვრა ერთი ხელით, აკვრა ორი ხელით)

        1924-1928წწ. - ხუთჭიდი (ატაცი და აკვრა ერთი ხელით, აჭიმვა, ატაცი და აკვრა ორი ხელით)

        1928-1972წწ. - სამჭიდი (აჭიმვა, ატაცი და აკვრა ორი ხელით)

        1973 წლიდან - ორჭიდი (ატაცი და აკვრა ორი ხელით)


ატაცი



აკვრა


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული სამუშაოებიდან ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ დამყარდა კავშირი საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კავშირი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC). ნაყოფიერი მუშაობის შედეგად 1925 წელს ძალოსნობა, როგორც სპორტის სახეობა აღიარებული იქნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ის შეტანილი იქნა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, როგორც ცალკე სპორტის სახეობა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომძალოსნობაარის პირველი სპორტის სახეობა, რომელიც ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა, თუმცა ძალისმიერი ვარჯიშების განვითარების პროცესი ამით არ დამთავრებულა. ძალისმიერი ვარჯიშები იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანი იყო სპორტული იარაღებითა და სავარჯიშო თუ საშეჯიბრო მოძრაობებით, რომ მისგან ძალოსნობის გარდა კიდევ  რამდენიმე სპორტის სახეობა (კულტურიზმი, პაუერლიფტინგი, გირების სპორტი, ძლიერი მამაკაცი) წარმოიშვა, რომლებიც განვითარდნენ და დღემდე სხვადასხვა წარმატებით აგრძელებენ არსებობას.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity