1. ძალისმიერი ვარჯიშების და შეჯიბრებების საწყისები


1. ძალისმიერი ვარჯიშების და შეჯიბრებების საწყისები


ქრისტეს შობამდე ათობით სააუკუნის წინ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დასახლებულმა ადამიანებმა უკვე კარგად იცოდნენ, რომ მძიმე საგნებით თამაშობები და ვარჯიშები ხელს უწყობს ფიზიკური ძალის განვითარებას. ყველაზე ძველი წყარო, რომელიც ჩვენამდეა შემორჩენილი და რომელშიც სიმძიმეების აწევაა მოხსენიებული ჩინეთს ეკუთვნის. უძველესი ჩინური ხელნაწერი გადმოგვცემს, რომ ძველი წელთაღრიცხვის X საუკუნეში, შუს დინასტიის პერიოდში, მებრძოლები ჩინეთის ჯარში ჩასარიცხად ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ ტესტი სიმძიმეების დაძლევაში.


სიმძიმეების აწევის მრავალი სცენაა შემორჩენილი ძველ ეგვიპტურ ჩანახატებშიც, სადაც გამოხატულია მასიური მორების და ქვიშიანი ტომრების აწევის სცენები. ეგვიპტელი მეომრები უძლიერესის გამოვლენის მიზნით ერთმანეთს ქვის ან რკინის მასიური ბლოკების და ძელების აწევაში ეჯიბრებოდნენ. სიმძიმეებით ვარჯიშებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იცნობდნენ ინდოეთშიც.


მეომრები ასრულებენ ვარჯიშებს ქვიშით სავსე ტომრებით


(ძველი წელთაღრიცხვის ეგვიპტური ჩანახატი)


მიუხედავად იმისა, რომ სიმძიმეების აწევის შესახებ უძველესი მონაცემები ჩინეთში, ეგვიპტესა და ინდოეთშია აღმოჩენილი, ისტორიულ წყაროებზე და არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათლეტიკას შეჯიბრების სახე მაინც საბერძნეთში მიეცა და ათლეტური სპორტის საწყისებიც სწორედ საბერძნეთში უნდა ვეძებოთ. მართალია სიმძიმეების აწევა არ შედიოდა ანტიკური ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, მაგრამ არაერთი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სიმძიმეების აწევაში შეჯიბრებები ძველ საბერძნეთში ძალიან პოპულარული იყო. ძველი ათენის ცენტრალურ მოედანზე მუდმივად იდო დიდი რკინის ბირთვი და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლეოდა თავისი ძალის დემონსტრირება მოეხდინა


საბერძნეთის კუნძულ სანტორინზე ნაპოვნი იქნა შავი ვულკანური ქვის ბლოკი რომლის მასა 480 კილოგრამია. ბლოკზე გაკეთებულია წარწერაევმასტმა კრიტობულის შვილმა ამწია მე მიწიდან


ერთ-ერთ უძველეს ბერძნულ ტაძარში აღმოჩენილი იქნა 68-39-33სმ ზომისა და 143კგ წონის ქვის ბლოკი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეს მიეკუთვნება. ქვაზე გაკეთებული წარწერა გვამცნობსთალოსის შვილმა ბიბონმა აწია ეს ქვა თავს ზევით ერთი ხელით (შენიშვნა: სპორტის ექსპერტები თვლიან, რომ აღნიშნული ქვა იმდენად მძიმე და მოუხერხებელია, რომ ბიბონი მისი მიწიდან ერთი ხელით აწევას ვერ შეძლებდა. მათი ვარაუდით ბიბონმა ქვა მხრებამდე ორი ხელით აიტანა და შემდეგ თავს ზემოთ ერთი ხელით აწია). ბიბონის ქვას შემდეგ ანტიკური ოლიმპიადის მონაწილეები ეწეოდნენ დღეს კი ის ათენში ოლიმპიას არქეოლოგიურ მუზეუმში ("Archaeological Museum of Olypmia") ინახება.


143კგ. წონის ქვის ბლოკი ძ.წ. VIს.

(ინახება ოლიმპიის არქეოლოგიურ მუზეუმში - ათენში)


ძველი ბერძნები სიმძიმეებით ვარჯიშებს შეჯიბრებების გარდა ჯანმრთელობისა და ფიზიკური მონაცემების განვითარების მიზნითაც იყენებდნენ. სწორედ ბერძნებმა შემოიტანეს პირველად გამოყენებაში თანამედროვე განტელების პირველი პროტოტიპი, ხელსაწყო რომელშიც ქვის, რკინის ან ტყვიის ორი ბირთვი ერთმანეთთან სახელურით იყო შეერთებული. ასეთ სავარჯიშოსგალტერესიეწოდებოდა და ის სხვადასხვა წონის იყო (1,5კგ; 2კგ და მეტი). ძველი საბერძნეთის მედიცინა ამტკიცებდა რომ გალტერესებით ვარჯიში დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბერძენი ექიმები თავის ტრაქტატებში აღწერდნენ სხვადასხვა კუნთებისათვის განკუთვნილ ვარჯიშებს. ისინი თვლიდნენ, რომ ათლეტის დიდი მასა შეჯიბრებებში წარმატების მისაღწევად სულაც არ იყო საჭირო და გადამწყვეტ როლს კუნთის სიძლიერე თამაშობდა. სოლონი, ლიკურგი, პლატონი, არისტოტელე და სხვა გამოჩენილი ადამიანები ათლეტიკას ადამიანის აღზრდის ძირითად ელემენტად მიიჩნევდნენ.


ძველი ბერძნული გალტერესი

(ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი)


ბერძნებისთვის ათლეტიკა ისეთივე ფასეული იყო, როგორც სიმღერა, პოეზია, მხატვრული კითხვა და .. თავდაპირველად ათლეტიზმში მხოლოდ წარჩინებული ადამიანები ვარჯიშობდნენ და ასპარეზობებშიც ისინი მონაწილეობდნენ. ნაციონალურ თამაშებში გამარჯვებულებს ბერძნები დაფნის გვირგვინებით აჯილდოებდნენ. ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნიდან ათლეტური სპორტი პროფესიულ ხასიათს იღებს. ბევრი ახალგაზრდა, საზოგადოების დაბალი ფენებიდან, ათლეტიზმში ვარჯიშს ხელობად აქცევს და ასპარეზობებზე დაწესებული პრიზებისა და სახელის მოხვეჭის ინტერესით იწყებს მხოლოდ ათლეტიზმში ვარჯიშს. მოვარჯიშეები ყველასგან განსხვავებული წესით ცხოვრებას და სისტემატურ ვარჯიშებს იწყებენ, რის გამოც მათ "ათლეტები" შეარქვეს. ათლეტები ძალის გასავითარებლად სხვადასხვა მოძრაობებს ასრულებდნენ, პოპულარული იყო სხვადასხვა სიმძიმის ქვების ერთი ადგილიდან მეორემდე გადატანა, განტელებით ვარჯიშები და .. სიმძიმეებით ვარჯიშები იმდენად გავრცელებული იყო, რომ ასეთი ვარჯიშის სცენებს ხშირად გამოსახავდნენ ჭურჭელსა და სხვადასხვა ნივთებზე.


განტელებით მოვარჯიშე

(ძველი ბერძნული მოზაიკა)


ბერძნები ამაყობენ იმითი, რომ მათ მითიურ ძალოსანს ჰერაკლეს ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში ყავდა რეალური ორეული, რომლის შესახებ ამბავი მალე მთელ ქვეყანას მოედო. ეს იყო მილონი კროტონიდან. მილონი იყო პითაგორას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე და შემდეგ მისი სიძეც გახდა. ის იყო გამოჩენილი მომღერალი და ფილოსოფოსი თუმცა უფრო დიდი სახელი თავისი სპორტული მიღწევებით მოიპოვა. მილონი იყო პირველი ათლეტი რომელმაც ვარჯიშებში გამოიყენა ფიზიკური მომზადების სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი:


1.      დატვირთვის ხანგრძლივობა

2.      დატვირთვის უწყვეტობა

3.      დატვირთვის პროგრესული ზრდა

 

ლეგენდის მიხედვით მილონ კროტონელმა ამ პრინციპების გამოყენებით ვარჯიში ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. იგი ყოველდღე მხრებზე ისვავდა პატარა ხბოს, მიდიოდა სტადიონზე, მოედანს ერთ წრეს შემოუვლიდა და ისევ სახლში ბრუნდებოდა. დროთა განმავლობაში ხბო იზრდებოდა და შესაბამისად მილონსაც ძალა ემატებოდა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ მილონი ასე ოთხი წელი ვარჯიშობდა და ბოლოს ოთხი წლის ხარი მხრებზე შესმული მიიყვანა სტადიონზე.


ჩანახატი მილონ კროტონელის ლეგენდის მიხედვით


ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს მილონი, 14 წლის ასაკში, პირველად იქნა დაშვებული ოლიმპიურ თამაშებზე და ის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში. ისტორიკოსის გადმოცემით, მილონი მას შემდეგ კიდევ 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა ოლიმპიურ თამაშებზე და 6-ჯერ გახდა გამარჯვებული.


ფიზიკურ ვარჯიშებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ სპარტანელებიც. ქსენოფონტი გადმოგვცემს, რომ სპარტანელებში მრავლად იყვნენ ძლიერი და ათლეტური მამაკაცები, ხოლო მათი ქალები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდნენ.


ძველი ბერძნების ათლეტური ტრადიციები შემდეგში რომაელებმა გააგრძელეს და განავითარეს. რომაელი ექიმი გალენი თავის სამედიცინო შრომებში აღწერდა რომ განტელებით ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთური მასის ზრდას. იგი ხაზს უსვავდა ასეთი ვარჯიშების სარგებელს ჯანმრთელობისთვის. რომაელი ისტორიკოსი ტაციტი ამბობდა: “არ იყო ავად ეს ძაან ცოტაა”, მასვე ეკუთვნის გამონათქვამი: “ჯანმრთელობა არ ნიშნავს, რომ არ ხარ სუსტი”. ის უპირატესობას ანიჭებდა ძლიერ, ენერგიულ და მხიარულ ადამიანებს. მსგავსი გამონათქვამები მიუნიშნებს იმაზე, რომ რომაელები ჯანმრთელობასთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევდნენ მამაკაცის ფიზიკურ სიძლიერეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რომაელების მრავალრიცხოვანი ომების პირობებში. ისტორიამ შემოგვინახა ამბავი რომაელი ჯარისკაცის ვინია ვალენტის შესახებ. იმ დროისათვის წყლის შესანახად და გადასაზიდად ურმებზე მოწყობილ ტყავის დიდ ტიკებს იყენებდნენ. ერთხელ ვალენტმა წყლით სავსე ურემი, რომელიც ტონანახევარს იწონიდა მხრებით წამოწია და ასე ეჭირა წყლის დაცლამდე. ჯარისკაცებს ძალით არც რომაელი მმართველები ჩამოუვარდებოდნენ. ისტორიკოს სვეტონიას გადმოცემით ტიბერიის იმპერატორს ერთი თითით მწიფე ვაშლის გახვრეტა და წკლიპურტის დარტყმით ადამიანის დაშავება შეეძლო.


ძველ რომში მრავლად იყო სკოლები, რომლებშიც ატლეტები სპეციალურ ვარჯიშებს გადიოდნენ. ისინი ძალის მოსამატებლად ტყვიისგან დამზადებულ მძიმე მოსასხამს და ფეხსაცმელს იცვავდნენ და ისე მოძრაობდნენ, ადიოდნენ კიბეებზე და ასრულებდნენ სხვადასხვა ვარჯიშებს. დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ძალოსანი არტისტები, რომლებიც კოლეზიუმის არენაზე საჩვენებელი ნომრებით გამოდიოდნენ და ხალხს თავის ფიზიკური შესაძლებლობებით აოცებდნენ. მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა ცნობილი ათლეტი ატანატა, რომელიც ტყვიის 200 კილოგრამიან მოსასხამს და 100 კილოგრამიან ფეხსაცმელს იცვავდა და სცენაზე ისე დადიოდა. პოპულარული იყო ფუბიო სილვია, რომელიც 320 კილოგრამიანი ტვირთით კიბეებზე ადიოდა და ასევე რესტიცელია, რომელსაც ხალხმა მეტსახელადჰერკულესიშეარქვა.


ათლეტიკის ასეთი პოპულარობის მიუხედავად ძველ რომში ფიზიკური ძალის დემონსტრირების ყველაზე გავრცელებულ ფორმად მაინც ორთაბრძოლები კერძოდ კი პანკრატიონი, გლადიატორების ბრძოლები და მტაცებელ ცხოველებთან დაპირისპირებები ითვლებოდა. მართალია მსგავსი ორთაბრძოლები დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა და ხშირად ატლეტების სიკვდილით მთავრდებოდა, მაგრამ სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ორიენტირებულ რომაელებს უბრალო სიმძიმეების აწევაზე და ჭიდაობაზე მეტად ასეთი ორთაბრძოლები მოწონდათ.


რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ათლეტიკისადმი ინტერესი შენელდა და ის მხოლოდ აღორძინების ეპოქაში განახლდა.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity