საპატიო წოდებები

 

სპორტის სფეროში დამტკიცებული საპატიო წოდებები

 

სპორტის სფეროში მოქმედი საპატიო წოდებები განსაზღვრულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით. იგივე ბრძანება განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში და რა პროცედურის გავლით შეიძლება მიენიჭოს პირს ესა თუ ის საპატიო წოდება.


იხილეთ ბრძანების ოფიციალური ტექსტი:

 

 

საქართველოს სპორტისა და


ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის


ბრძანება №01/129


2012 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი

 

სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ

 

 „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს სპორტის სფეროში შემდეგი საპატიო წოდებები:

ა) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი;

ბ) საქართველოს საპატიო მსაჯი;

გ) საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე;

დ) საქართველოს სპორტის საერთაშორისო ოსტატი;

ე) საქართველოს სპორტის რაინდი.


2. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ენიჭება მწვრთნელს:

ა) სპორტის ინდივიდუალურ (ოლიმპიურ) სახეობებში, თუ:

ა.ა) მის მიერ გაწრთვნილმა სპორტსმენმა დაიკავა სულ მცირე მე-6 ადგილი მაინც ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე;

ა.ბ) მის მიერ გაწრთვნილმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე;

ა.გ) მის მიერ გაწრთვნილმა არანაკლებ ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატზე;

ბ) სპორტის სათამაშო სახეობებში და გუნდური შეჯიბრების შედეგების მიხედვით სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, თუ მისმა გაწრთვნილმა გუნდმა მოიპოვა:

ბ.ა) ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია (სათამაშო სახეობებში);

ბ.ბ) მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება (სათამაშო სახეობებში);

ბ.გ) ევროპის საკლუბო გუნდების თასზე 1/8 ფინალში მონაწილეობის უფლება;

ბ.დ) 1-3 ადგილი საჭადრაკო ოლიმპიადაზე;

ბ.ე) სპორტის ინდივიდუალური (ოლიმპიური) სახეობების მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატების გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი.


3. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს მწვრთნელებს:

ა) რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ სპორტსმენების აღზრდაში და გუნდების ჩამოყალიბებასა და გაწვრთნაში, რომელთაც შემდგომში მიაღწიეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წარმატებებს;

ბ) რომლებმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ არაოლიმპიურ სახეობებში მიაღწიეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წარმატებებს.


4. საქართველოს საპატიო მსაჯის წოდება მიენიჭებათ იმ მსაჯებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვთ მსაჯობის არანაკლებ 10 წლის საერთო სტაჟი;

ბ) შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ მინიჭებული აქვთ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსი.


5. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არანაკლებ 20 წლის განმავლობაში აქტიურად ემსახურებოდნენ საქართველოში სპორტის განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სპორტის პროპაგანდაში, აღზარდეს მაღალი სპორტული მაჩვენებლების მქონე სპორტსმენები, მოამზადეს მაღალკვალიფიციური მსაჯთა კადრები, ეწევიან სპორტის სფეროში საზოგადოებრივ, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობას.


6. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის მცირე პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადად სპორტის ან კერძოდ, სპორტის რომელიმე სახეობის განვითარების საქმეში.


7. საქართველოს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ენიჭებათ მოქმედ სპორტსმენებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:

ა.ა) მოიპოვა I-III ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე;

ა.ბ) მოიპოვა I-II ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე (ოლიმპიურ სახეობაში);

ა.გ) მოიპოვა I ადგილი ევროპის ჩემპიონატზე (ოლიმპიურ სახეობაში);

ა.დ) დაამყარა ოლიმპიური, მსოფლიოს ან ევროპის რეკორდი;

ა.ე) არანაკლებ ორჯერ გახდა მსოფლიოსა ან/და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი (ოლიმპიურ სახეობებში);

ა.ვ) საერთაშორისო ფედერაციების მიერ განსაზღვრულ რეიტინგში არის პირველი ოცდაათეულის წევრი ჩოგბურთსა და პირველი ათეულის წევრი ჭადრაკში;

ა.ზ) არის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, რომელმაც მოიპოვა I-III ადგილი საჭადრაკო ოლიმპიადაზე;

ბ) სპორტის სათამაშო სახეობებში არის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, რომელმაც მოიპოვა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება.


8. საქართველოს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება სათამაშო სახეობებში გამონაკლისის სახით შეიძლება მიენიჭოს სპორტსმენს:

ა) რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებებს იმ კლუბთან ერთად, რომელშიც იგი ასპარეზობს კონტრაქტის შესაბამისად;

ბ) რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ არაოლიმპიურ სახეობებში მიაღწიეს ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წარმატებებს.


9. საქართველოს სპორტის რაინდის წოდება ენიჭებათ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს, აგრეთვე აღნიშნულ პირებს ამ შედეგების წარსულში მიღწევიდან საუიბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სათამაშო სახეობებში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის და ასევე ამავე სახეობებში წარსულში მიღწეული შედეგებიდან საუიბილეო თარიღთან დაკავშირებით, აგრეთვე პირებს, რომლებიც ხანგრძლივი ვადით ეწევიან სპორტის სფეროში ქველმოქმედებასა და ახორციელებენ სპორტული ბაზების ფართომასშტაბიან მშენებლობას და რეაბილიტაციას.


10. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს სპორტის რაინდის წოდება გამონაკლისის წესით შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.


11. შესაბამისი შუამდგომლობისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე, სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


12. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს საპატიო მსაჯისა და საქართველოს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდებების მინიჭების საკითხს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისია განიხილავს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების შესაბამისი შუამდგობლობის საფუძველზე.


13. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებების მინიჭების საკითხს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისია განიხილავს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სპორტის სამსახურების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ან საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების შუამდგომლობის საფუძველზე.


14. სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების საკითხის განხილვისას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შუამდგომლობის წარმდგენი დაწესებულებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.


15. სპორტის სფეროში საპატიო წოდებები, გარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებისა, ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.


16. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება შეიძლება მიენიჭოთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.


17. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სპორტის სფეროში საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებიდან ერთი თვის ვადაში.


18. სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მფლობელებს გადაეცემათ წოდების მინიჭების აღმნიშვნელი სპეციალური მოწმობა (სპორტის რაინდის წოდების მფლობელებს ასევე ორდენი), რომლის დამზადებასაც უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.


19. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებები შეიძლება მიენიჭოთ პირებს გარდაცვალების შემდეგ და ამ ბრძანების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მოწმობა (სპორტის რაინდის წოდების შემთხვევაში ასევე ორდენი) გადაეცემათ მათ მემკვიდრეებს.


20. ეთხოვოთ საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს თავიანთ სახეობებში მიღწეული შედეგების მიხედვით შესაბამისი თანრიგებისა და სპორტის ოსტატის წოდების მინიჭების წესის შემუშავება.


21. ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 ივნისის №72 ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 110606028, 9.06.2011წ.).


22. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ვ. ვარძელაშვილი

 

 

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2018
mycity