ძალისმიერი სპორტის განვითარება საქართველოში


ძალისმიერი სპორტის განვითარება საქართველოში

 ________________________________________________________

 


1. ფიზიკური ვარჯიშებისა და ასპარეზობების

საწყისები საქართველოში


დადგენილია, რომ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არა მარტო იცნობდნენ სპორტულ თამაშობებს, არამედ თავად ატარებდნენ მასშტაბურ ასპარეზობებს. საქართველოში ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტული ასპარეზობების სიძველეს ადასტურებს მრავალი ისტორიული წყარო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მდიდარი არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებიდან ყველაზე ძველი აპოლონიოს როდოსელის მიერ ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში დაწერილი ცნობილი „არგონავტიკაა“. ავტორს ნაშრომში აღწერილი აქვს  „კოლხური ასპარეზობები“, რომლებსაც კოლხები, ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში, დაღუპული გმირების მოსაგონებლად ატარებდნენ. „არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ" (. როდოსელი, “არგონავტიკა”. თბილისი, 1948.). როდოსელის ეს ცნობა საქართველოშო სპორტული ასპარეზობების სიძველეს ადასტურებს და ქართველებისთვის უდაოდ მნიშვნელოვანია. მასზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინ ქართველებს სპეციალურად მოწყობილი საასპარეზო მოედანი ქონიათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე არსებობდა ფიზიკური ვარჯიშების, წვრთნის და ასპარეზობების მოწყობის მაღალი კულტურა.

მართალია ჩვენამდე შემორჩენილ წყაროებში არ მოიპოვება ცნობები ქართველთა ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ არის მონაცემები იმაზე, რომ ქართველები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თავად ატარებდნენ ელინთა ოლიმპიადის მსგავს ხალხმრავალ სპორტულ თამაშებს. მკვლევარ-ეთნოგრაფი ივანე გვარამიძე გაზეთდროებაში” (17 ოქტომბერი 1882.) აღწერს . . მესხურ შეჯიბრებებს, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. მსგავსი ტურნირების კვალი არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებშიც გვხვდება ცნობილი სანახაობისყეენობისსახით. ტრადიციულ ასპატეზობათა აღწერისას . თუმანიშვილიყეენობასოლიმპიადას ადარებს.

საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობებს მხოლოდ სპორტული და სანახაობითი დანიშნულება არ ქონდა. ქართველების ცხოვრების წესი, კავკასიის მკაცრი ბუნებრივი პირობები და განუწყვეტელი ბრძოლები განსაკუთრებულ სიძლიერეს, გამძლეობას, მოხერხებულობას, გაწვრთნილობას და მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას მოითხოვდა. ცხადია ასეთი გეოგრაფიული და ისტორიული რეალობიდან გამომდინარე ფიზიკური აღზრდის სისტემა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მას გამორჩეული ადგილი ეკავა ქართველთა ყოფაცხოვრებაში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სახალხო დღესასწაულებზე თუ სხვა დღეებში გამართული შეჯიბრებები ახალგაზრდების წვრთნას უწყობდა ხელს.

ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ადრეულ საუკუნეებში საქართველოში ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ პირის მეფედ დასმისას აუცილებელი იყო, რომ ის ქვეყნის მართვისთვის საჭირო გონებრივი მონაცემებისა და უნარჩვევების გარდა საბრძოლო საქმეში დახელოვნებული და ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული, სხვებზე აღმატებული და მძლე უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ომის მიმდინარეობის მაშინდელი წესებით იყო განპირობებული. თითქმის ყოველ ბრძოლაში უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე დაპირისპირებულ მხარეებს გამოყავდათ ერის გამორჩეული გმირები. ისინი იყვნენ მამაცობით, მოხერხებულობითა და ფიზიკური შესაძლებლობებით გამორჩეული მეომრები ანუ, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ “ბუმბერაზები“, რომლებიც ბრძოლის ველზე საომრად მომზადებული ჯარისკაცების თვალწინ ერთმანეთს ერკინებოდნენ. ასეთი ორთაბრძოლები ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვება ან დამარცხება ქვეყნის პრესტიჟის საქმე იყო და ნაწილობრივ ბრძოლის ბედსაც კი განსაზღვრავდა, რადგან ბრძოლის დაწყების წინ ის მეომრებზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ ორთაბრძოლებში უმეტეს შემთხვევაში მეფეები მონაწილეობდნენ და შერკინება თითქმის ყოველთვის დამარცხებულის სიკვდილით მთავრდებოდა, ადვილი გასაგებია, თუ რატომ მოითხოვებოდა, რომ ქვეყნის პირველი პირი ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული ყოფილიყო.

მემატიანეები სხვადასხვა ეპოქაში ქართველი მეფეების ტიტულატურის ჩამოთვლისა და დახასიათების დროს ფიზიკურ სიძლიერეს განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ, რასაც ხშირად ვხვდებით ისტორიულ წყაროებში. ასე მაგალითად, მეფე მირვანზე, იგივე მირიან I-ზე, რომელიც ძვ. წ.აღ. 230-180 წწ. მეფობდა ვკითხულობთ „მირვანი იყო ტანითა სრული, მშვენიერი, ძლიერი, მხნე და ქუელი“. 230-265 წლებში ქართლში (იბერიაში) მეფობდა მეფე ამაზასპი, რომელზეც ვკითხულობთ „იგი იყო კაცი ძლიერი და გოლიათი“. არაერთი ჩანაწერი გვხვდება მეფე ვახტანგ გორგასალზე, მეფე დავით აღმაშენებელზე, მეფე ერეკლესა და სხვა ქართველ მეფეებზე და გმირებზე, რომლებიც თავისი ვაჟკაცობითა და ფიზიკური მონაცემებით, შიშს გვრიდნენ მოწინააღმდეგეს და მხნეობას მატებდნენ ქართველ მეომრებს. მეფე ვახტანგ გორგასალზე, რომელიც სიმაღლეში 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი ყოფილა ვკითხულობთ, რომ თურმე ერთხელ მას ნადირობის დროს ირემმა რქებით ცხენი დაუზიანა რის შემდეგაც მეფემ დაჭრილი ცხენი მხრებზე შეისვა და არმაზის ციხემდე ისე აიყვანა. „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40მ) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს“. „იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა“.

 

 

2. ძალისმიერი ასპარეზობების ისტორია საქართველოში

 

ქრისტეს შობამდე ათობით საუკუნით ადრე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დასახლებულმა ადამიანებმა უკვე კარგად იცოდნენ, რომ მძიმე საგნებით ვარჯიშები და თამაშობები ხელს უწყობს ფიზიკური ძალის განვითარებას. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო იყო სადაც გავრცელებულ ფიზიკურ ვარჯიშებსა და სპორტულ ასპარეზობებში სიმძიმეებით ვარჯიშებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორიის ცნობილი მკვლევარი ვალერიან აფრიდონიძე თავის წიგნში უშიში, ვითარცა უხორცო (ქუთაისი, 1986 .) აღწერს: საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობათა შემდეგი სახეები არსებობდა: შუბისა და მშვილდ-ისრის ტყორცნა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, მუშტი-კრივი, მთამსვლელობა, სამხედრო გამოყენებითი ცეკვები, რბენა, სამწყობრო მომზადება, სიმძიმეების აწევა და გადაგდება, ფარიკაობა, ბურთაობა და ხარებზე და ხარებით ვარჯიშ-თამაშობანი, შურდულით ქვის ტყორცნა. სამხედრო-ფიზიკური აღზრდა სპეციალური აღმზრდელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. არსებობდა სპეციალური სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობანი. ეწყობოდა შეჯიბრებანი, მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში და გარკვეულ წარმატებას აღწევდნენ. არსებობდა შეჯიბრების მოწყობის ორგანიზაციული ფორმა და წესები.

სიმძიმეების აწევაში შეჯიბრებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოფილა გავრცელებული და მას ძირითადად „ჯილდაობა“-ს ეძახდნენ. ჯილდაობა ძალღონის გამოსაცდელი სანახაობა იყო. ასეთი შეჯიბრებების დროს იყენებდნენ სხვადასხვა წონისა და ფორმის ქვას, რომელსაც ერთი ან ორი ხელით წევდნენ, გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე. საჯილდაო ქვას ძველი ქართული სახელი „არძანი“ ერქვა - „არძანი არს ქვა კაცთაგან ასაწევად საჭირო“ (სულხან-საბა ორბელიანი). განასხვავებდნენ ქვის აწევის ცალკეულ დონეებს:

 

-       ქარის გატარებაზე აწევა,

-       მუხლებამდე აწევა,

-       მკერდამდე აწევა,

-       თავზევით აწევა

-       ცხენს ზევით გადაგდება

 

„საჯილდაო ქვა“ იმას ნიშნავდა, რომ ამ ქვის ამწევს აჯილდოებდნენ. ამასთან რა სიმაღლეზეც აწევდა ასპარეზობაში მონაწილე ქვას იმის შესაბამის ჯილდოსაც მიიღებდა.

სვანეთში სიმძიმეების აწევაში შეჯიბრებებს ბაჩა-ლიკედერქვა, სვანეთში ასევე გავრცელებული ყოფილა შეჯიბრება ორფუთიანი მრგვალი ქვის ერთი ხელით აწევაშიბაჩა ლირიხვა აშხვ მეხარ.

ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ სიმძიმეებით ფიზიკური წვრთნა სამედიცინო თვალსაზრისითაც სასარგებლოა და მას ჯანმრთელობის გახანგრძლივება შეუძლია. XV საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი თავის ცნობილ ნაშრომში „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“ წერს: „მძიმესა ტვირთსა ამღებნი რაოდენცა დაბერდეს, ეგრეცა, მრავალთა ყმათა ოდენ შეუძლია“.



3. ძალისმიერი სპორტის განვითარება საქართველოში


XIX-XX საუკუნეებში მსოფლიო სპორტის განვითარების პროცესი არნახული ტემპით წარიმართა. საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული მრავალი ვარჯიში და ხალხური შეჯიბრება კლასიკურ სპორტის სახეობად გარდაიქმნა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ძალისმიერი ვარჯიშებიდან კლასიკური სპორტის სახეობის ჩამოყალიბება 1860 წლიდან დაიწყო, როცა ევროპაში, ამერიკაში, კანადასა და ავსტრალიაში შეიქმნა პირველი ათლეტიკური წრეები, სალონები და კლუბები. სწორედ ამ სალონებისა და კლუბების მუშაობის შედეგად ძალისმიერი ვარჯიშებიდან შეიქმანა სპორტის ძალისმიერი სახეობები ძალოსნობა, კულტურიზმი, ძალისმიერი სამჭიდი, გირების სპორტი, ძლიერი მამაკაცი.

საჭიროა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისისათვის ატლეტიკაში, ისევე როგორც ზოგადად სპორტში ჯერ კიდევ არ იყო ვიწრო სპეციალიზაცია ცალკეულ სპორტის სახეობებად. ამიტომ ათლეტიკური წრეები და სალონები მარტო ძალისმიერ ვარჯიშებზე არ იყო გათვლილი და მათში ათლეტები სიმძიმეებზე ვარჯიშის გარდა ჭიდაობაში, კრივში, ტანვარჯიშში და ზოგჯერ სპორტის სხვა სახეობებშიც ვარჯიშობდნენ. ფიზიკური ძალის განვითარების შემდეგ ათლეტები გარკვეულ უნივერსალურობას იძენდნენ და ერთდროულად შეეძლოთ გამოსულიყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. შესაბამისად იმ დროის მსოფლიოს ყველა ცნობილი ძალოსანი იმავდროულად წარმატებული იყო ჭიდაობაში, კრივში, ტანვარჯიშში, ველოსპორტში ან სხვა სახეობაში.

საქართველოში ძალისმიერი სპორტი პირველად XX საუკუნის 10-იან წლებში იქნა შემოტანილი ძალოსნობის სახით. ჩვენში ძალოსნობის ფუძემდებელი იყო გამოჩენილი სპორტული მოღვაწე პეტრე მარღანიძე, რომელმაც პროფესიული განათლება ოდესაში მიიღო სადაც წარმატებით დაამთავრა ძალოსნობის კურსები. როგორც ზემოთ აღინიშნა იმ დროისთვის ძალოსნობა ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი და სხვა სპორტის სახეობებისგან მკვეთრად გამიჯნული სახეობა. შესაბამისად პეტრე მარღანიძეც უნივერსალური სპორტსმენი გახლდათ. ძალოსნობის გარდა იგი უბადლო იყო კრივში და ფრანგულ ჭიდაობაში (რომელსაც შემდეგ კლასიკური იგივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ეწოდა). საქართველოში ძალოსნობის დამკვიდრების გარდა მას უდიდესი წვლილი მიუძღვის კრივისა  და ჭიდაობის გავრცელებასა და განვითარებაშიც.

პეტრე მარღანიძე 1918წ.


1912 წლის 20 დეკემბერს პეტრე მარღანიძემ ქ. თბილისის პოლიცმაისტერ ვინმე ზასიპკინისგან სათანადო ნებართვა აიღო და ბელინსკის ქუჩაზე გახსნა „ათლეტური არენა“. ეს იყო პირველი ათლეტიკური სექცია საქართველოში, რომელშიც ძალოსნები, მოკრივეები და ფრანგული ჭიდაობის მოყვარულები გაერთიანდნენ. კიდევ ერთი სპორტული კერა 1918 წლის 25 აგვისტოს უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით გაიხსნა. ეს იყო საქართველოში პირველი სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოება „შევარდენი“, რომელშიც მძლეოსნობის, ფარიკაობის, ჩოგბურთის და სროლის სექციებთან ერთად ამოქმედდა ძალოსნობის და კრივის სექციებიც. პეტრე მარღანიძე, როგორც გამორჩეული ორგანიზატორი შევარდენში იქნა მიწვეული და ძალოსანთა და მოკრივეთა ხელმძღვანელობა დაევალა. მოგვიანებით ძალოსნობის სექციები გაიხსნა ბათუმში, სოხუმში, ქუთაისში, ფოთსა და ოზურგეთში.


პეტრე მარღანიძე ძალოსნებთან ერთად ცენტრში


თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ მსოფლიოში ცნობილი ათლეტები უკრაინელი ივან პოდდუბნი, რუსი ივან ზაიკინი, გეორგ ლურიხი, მსოფლიო ჩემპიონი გერმანელი კლემენს ბული, თურქი სარი სულეიმანი, პოლონელი კარლ პოსპეშილი, ინდოელი გამა ინდოსტანი და სხვები. განსაკუთრებით პოპულარული იყო პროფესიონალ ათლეტთა ტურნირები, რომლებიც ნიკიტინის ცირკში იმართებოდა. ათლეტები საჩვენებელ გამოსვლებში ახდენდნენ ძალოსნური მონაცემების დემონსტრირებას და მონაწილეობდნენ ჭიდაობისა და კრივის შეჯიბრებებში. სტუმრებს ძალღონესა და ჭიდაობაში არც ქართველები ჩამოუვარდებოდნენ. ბევრი ცნობილი ათლეტი წასულა თბილისიდან კულა გლდანელთან, ნესტორ ესებუასთან, თედო ლილოელთან, კოსტა მაისურაძესთან, მიხეილ ციმაკურიძესთან (მიშიკო მაჩაბელი) და სხვა ქართველ ათლეტებთან დამარცხებული.


                  

       გეორგ ლურიხი                           კლემენს ბული                                         ივან პოდდუბნი       

           (1876-1920)                                  (1888-1953)                                                 (1871-1949)


                                      

        კულა გლდანელი                               ნესტორ ესებუა                               კოსტა მაისურაძე

             (1860-1933)                                          (1864-1931)                                         (1881-1918)


საქართველოში ხშირად იმართებოდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებები. იმდროინდელი გაზეთი გვამცნობს, რომ ქ. თბილისი გრანდიოზული სანახაობის მომსწრე გახდა მსოფლიოში ცნობილი ორი ფალავნის ივან პოდდუბნისა და კლიმენტ ბულის შეხვედრის სახით.

 

ქართული ძალოსნობის განვითარებაში ასევე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კიდევ ერთ გამოჩენილ სპორტულ მოღვაწეს გიორგი ჩიკვაიძეს. იმ დროს როცა პეტრე მარღანიძემ თბილისში „ათლეტური არენა“ გახსნა გიორგი ჩიკვაიძე კიევის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. სტუდენტობის პარალელურად იგი აქტიურად ვარჯიშობდა იქ არსებულ ათლეტიკურ სექციაში და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში.

1913 წელს კიევში სწავლის დროს გიორგი ჩიკვაიძე ერთი საოცარი ისტორიის შემოქმედი გახდა. უნივერსიტეტში სადაც გიორგი სწავლობდა ჩატარდა მასობრივი შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობებში. პროგრამაში შეტანილი იყო კლასიკურ მოჭიდავეთა აბსოლუტური შეჯიბრებაც, მაგრამ მასში 118 კგ წონის გიგანტი სპორტსმენის პოლონელი საპეგას შიშით განაცხადი მხოლოდ ორმა სპორტსმენმა გააკეთა. სამი სპორტსმენით ჭიდაობის ტურნირი ვერ გაიმართებოდა, მეოთხე მონაწილე კი არსად ჩანდა. სწორედ ამ დროს გამოეცხადა 55კგ. წონის ახალგაზრდა ქართველი საორგანიზაციო კომიტეტს. კომიტეტის წევრებს მართალია გაუხარდათ რომ მონაწილე გამოუჩნდათ, მაგრამ თავიდან გიორგის უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ქართველი მეტოქეებთან შედარებით მსუბუქი იყო და ფინალში გასვლის შემთხვევაში იგი საპეგასთან სამარცხვინოდ დამარცხდებოდა.

ტურნირი მაინც შედგა. გიორგიმ პირველი შეხვედრა მოიგო და ფინალში მართლაც საპეგას დაუპირისპირდა. ფინალში ჩიკვაიძემ პოლონელი გოლიათი ქართულ ილეთზე მკლავკისრულზე წამოაგო და ხალიჩაზე გაშხლართა.

კიევში სწავლის პერიოდში გიორგი ჩიკვაიძე წარმატებით გამოდიოდა ძალოსნობაში, ტანვარჯიშში და ფეხბურთში. 1915 წელს კიევში გამოსვლის დროს მან ორი ხელით აჭიმა 60 კგ. შტანგა (მაშინ მისი პირადი წონაც 60 კგ. იყო), რაც იმ დროისთვის მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი იყო.


ქ. თბილისში ჩატარებული ტურნირის მონაწილეები XX საუკუნის I ნახევარი

ცენტრში: გიორგი ჩიკვაიძე 


კიევიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჩიკვაიძემ ღირსეულად გააგრძელა პეტრე მარღანიძის მიერ დაწყებული საქმე და უდიდესი როლი ითამაშა ქართული ძალოსნობის განვითარებაში.

საქართველოში ძალისმიერი სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია გიორგი ჩიკვაიძის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფეს კონსტანტინე ზაუტაშვილს (იხილეთ: კონსტანტინე ზაუტაშვილი (ბიოგრაფია)), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული სპორტის არამედ ზოგადად მსოფლიო სპორტის განვითარებაში. კ. ზაუტაშვილმა დიდ სპორტში გზა ძალოსნობით გაიკაფა. იგი იყო საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი და მოხსნილი აქვს არაერთი მსოფლიო რეკორდი.

კ. ზაუტაშვილმა წარმატებულ სპორტსმენობას კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობა შეუთავსა. 18 წლის ასაკიდან იგი ძალოსნობის გასავრცელებლად აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და სპორტულ სექციებში. 1935 წლიდან კ. ზაუტაშვილმა მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზაღზრდის კათედრაზე, მოგვიანებით კი ამ კათედრის ხელმძღვანელი გახდა და მას 17 წელი (1949-1955წწ; 1958-1969წწ.) ხელმძღვანელობდა.

ნიკო კეცხოველი და კონსტანტინე ზაუტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ


1935 წელს ბატონმა კოტემ, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველმა, განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოაყალიბა ძალოსნობის ბავშვთა სასპორტო სკოლა, რომელიც ჭიდაობას, კრივსა და ძალოსნობას აერთიანებდა. სწორედ ამ სკოლაში აღიზარდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები: . ნოზაძე (ჭიდაობა), . გორგასლიძე, . ნავასარდოვი (კრივი), . კალმახელიძე (ძალოსნობა) და სხვები. იმავე 1935 წელს . ზაუტაშვილი არჩეული იქნა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის თავმჯდომარედ და დაინიშნა საქართველოს ძალოსანთა ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად სადაც 1962 წლამდე მოღვაწეობდა. ზემოთ აღნიშნულის პარალელურად იგი სპორტსაზოგადოება “наука”- ათლეტებსაც ავარჯიშებდა.

სამწვრთნელო საქმეში წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე 1947 წელს ბატონი კოტე მიწვეული იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრები გუნდის მწვრთნელად.  1948 წელს გიორგი ჩიკვაიძესა და კონსტანტინე ზაუტაშვილს, საქართველოდან პირველებს, მიენიჭათ ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება. 10 წლის შემდეგ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა . ნიუბერგმა ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კონსტანტინე ზაუტაშვილი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა, რაც ქართველი სპეციალისტის ღვაწლის დიდი აღიარება იყო.

შეხვედრა გიორგი ჩიკვაიძესთან

მარჯვნიდან მესამე: გიორგი ჩიკვაიძე

მარცხნიდან მეორე: კონსტანტინე ზაუტაშვილი


1966 წელს . ზაუტაშვილი, როგორც თავის საქმის უზადო მცოდნე საბჭოთა კავშირიდან სამუშაოდ კუბის რესპუბლიკაში მიავლინეს სადაც მან საფუძველი ჩაუყარა ძალოსნობის განვითარებას და მრავალი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდა. ბატონი კოტეს აღზრდილებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კუბელი სერხიო ოლივა, რომელიც კულტურიზმში გამოდიოდა და 1967, 1968, 1969 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა Mr. Olimpia- ტიტულის მფლობელი ვიდრე 1970 წელს ლეგენდარულ არნოლდ შვარცენეგერთან არ დამარცხდა.

სერხიო ოლივა

Mr. Olimpia 1967, 1968, 1969

კ. ზაუტაშვილის კუბაში მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. კუბაში ის საფუძვლიანად გაეცნო ათლეტიზმს და მასში შემავალ სპორტის სახეობებს კულტურიზმს და პაუერლიფტინგს. 1968 წელს კუბიდან დაბრუნების შემდეგ კ. ზაუტაშვილმა ათლეტიზმი საქართველოში შემოიტანა (იხილეთ: ძალისმიერი სამჭიდის ისტორია საქართველოში). მოგვიანებით მან „პაუერლიფტინგსქართული სახელი „ძალისმიერი სამჭიდი უწოდა.

 კ. ზაუტაშვილის ამ წამოწყებას იმ დროის საბჭოთა საქართველოში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა რაც იმითი იყო გამოწვეული, რომ ათლეტიზმი, ბურჟუაზიული კულტურის ნაწილად ითვლებოდა და საბჭოთა რესპუბლიკებში აკრძალული იყო. ასეთ პირობებში კ. ზაუტაშვილი ათლეტიზმის გავრცელებას იატაკქვეშეთში, ფარულად ცდილობდა. ახალი სპორტის პოპულარიზაციის მიზნით მან თბილისში სერხიო ოლივაც კი ჩამოიყვანა და მას დამწყებ ქართველ ათლეტებთან ერთად უნივერსიტეტის დარბაზში ავარჯიშებდა. რისკი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ყოფნის დროს ოლივა შენიღბვის მიზნით თავს ძალოსანად ასაღებდა. ამ ვერსიის გასამყარებლად მან ერთხელ თბილისში გამართულ ძალოსნობის შეჯიბრებაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კ. ზაუტაშვილმა თავისი მოღვაწეობით არა მარტო განავითარა და სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული ძალოსნობა, არამედ საქართველოში დააფუძნა და გაავრცელა ძალისმიერი და ათლეტური სპორტის ახალი სახეობები კულტურიზმი და პაუერლიფტინგი.

ერთი საუკუნის წინ პეტრე მარღანიძისა და გიორგი ჩიკვაიძის მიერ ძალისმიერი სპორტის განვითარებისთვის დაწყებულმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო. დღეს საქართველოში უკვე გავრცელებულია ძალისმიერი სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ძალოსნობა, ძალისმიერი სამჭიდი, კულტურიზმი, ძლიერი მამაკაცი და ჩვენი ათლეტები ქართველ გულშემატკივარს ახარებენ თავისი გამარჯვებებით.


____________________________________________


საქართველოს ატლეტიზმის ფედერაცია თემაზე მუშაობის დროს გაწეული დახმარებისა და ისტორიული ფოტოების მოწოდებისათვის დიდ მადლობას უხდის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მუზეუმის ღვაწლმოსილ თანამშრომელს ქალბატონ ლილი ლომსაძეს.


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity