მსაჯები

მსაჯები

 


1. ათლეტების გამოსვლების შესაფასებლად, ყველა შეჯიბრებაზე, უნდა იყოს 3 მსაჯი, რომელთაგან 1 მთავარი ანუ ცენტრალური მსაჯი იქნება, 2 კი გვერდითი მსაჯი. მათი საერთაშორისო მსაჯის მოწმობები (მოქმედი ლიცენზიით) ისევე, როგორც აღნიშნული საშეჯიბრო ნაკადის ტექნიკური კონტროლიორის მოწმობები უნდა განთავსდეს ჟიურის მაგიდაზე;


2. მთავარი მსაჯი პასუხს აგებს საჭირო სიგნალების გაცემაზე სამჭიდის სამივე მოძრაობის დროს;


3. ძალისმიერი სამჭიდის მოძრაობებში მიღებულია შემდეგი სიგნალები:



4. მოძრაობის დამთავრებისთანავე, როგორც კი შტანგა დაბრუნებული იქნება სადგამზე ან დაშვებული იქნება ფიცარნაგზე, მსაჯები, სასიგნალო ნათურების გამოყენებით, ამცნობენ თავიანთი გადაწყვეტილებების შესახებ.

 

        თეთრი ფერი შეესაბამება გადაწყვეტილებას “წონა დაძლეულია” (Good lift),

 

        წითელი ფერი შეესაბამება გადაწყვეტილებას “წონა არ იქნა დაძლეული” (No lift).

 

ამის შემდეგ იმ მსაჯებმა, რომლებმაც გააკეთეს უარყოფითი შეფასება უნდა აწიონ შეცდომათა ბარათები, რომლებიც აჩვენებენ უარყოფითი შეფასების გამომწვევ მიზეზებს;


5. სამივე მსაჯი, ფიცარნაგის სიახლოვეს, ისეთი განლაგებით უნდა დაჯდნენ, რომელიც მათ თითოეულ მოძრაობაში დაკვირვებისთვის ყველაზე მოსახერხებლად მიაჩნიათ. მთავარ მსაჯს უნდა ახსოვდეს, რომ მიზანშეწონილია ის დაჯდეს ისეთ ადგილას, სადაც მუდმივად იქნება ჩაჯდომის ან ამოწევის შესასრულებლად გამოსული ათლეტის მხედველობის არეში. გვერდით მსაჯებს კი უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი უნდა იყვნენ მთავარი მსაჯის მხედველობის არეში, რათა მთავარმა მსაჯმა დაინახოს მათი აწეული ხელები;


6. შეჯიბრების დაწყების წინ სამივე მსაჯი ერთობლივად უნდა დარწმუნდეს შემდეგში:

ა) ფიცარნაგი და საშეჯიბრო ინვენტარი აკმაყოფილებს წესების ყველა მოთხოვნას. გრიფების და დისკოების წონები შემოწმებულია. დეფექტის მქონე ინვენტარი დაწუნებულია. სათადარიგო გრიფი და ჩამკეტები მომზადებულია და დაწყობილია ფიცარნაგის გვერდით (ძირითადი გრიფის და ჩამკეტების დაზიანების შემთხვევისათვის);

ბ) სასწორი სწორია და აჩვენებს ზუსტ წონას (აქვს მოქმედი სერთიფიკატი);

გ) ათლეტები აწონილი არიან შესაბამისი წონითი კატეგორიების ფარგლებში და მათი წონითი კატეგორიისთვის გამოყოფილ დროში;

დ) ათლეტების პირადი ეკიპირების ნივთები შემოწმებული იქნა და შეესაბამება წესების ყველა მოთხოვნას;

ათლეტი ვალდებულია შეამოწმოს, რომ ეკიპირების ყველა ნივთი, რომლის გამოყენებასაც ის გეგმავს ფიცარნაგზე გამოსვლის დროს, შემოწმებული იქნა მსაჯების მიერ. თუ აღმოჩნდება, რომ ათლეტი იყენებს ეკიპირების იმ ნივთებს, რომელთაც შემოწმება არ გაუვლიათ ის შეიძლება დასჯილი იყოს, მაგალითად ბოლო მისვლაში დისკვალიფიკაციით;


7. შეჯიბრების დროს სამივე მსაჯმა ერთობლივად უნდა აკონტროლოს შემდეგი:

ა) შტანგის წონა შეესაბამება კომენტატორის მიერ გამოცხადებულ წონას. ამისათვის მსაჯებს შეიძლება მიეწოდოთ შტანგაზე წონების აწყობის თანმიმდევრული ცხრილი. ეს მსაჯების ერთობლივი ვალდებულებაა;

ბ) ფიცარნაგზე მყოფი ათლეტის პირადი ეკიპირების ნივთები შეესაბამება წესების მოთხოვნებს. თუ რომელიმე მსაჯი ათლეტის კეთილსინდისიერებაში ეჭვს შეიტანს, მაშინ მან ამის შესახებ, საშეჯიბრო მოძრაობის დასრულების შემდეგ, უნდა აცნობოს მთავარ მსაჯს. ასეთ შემთხვევაში ჟიურის თავმჯდომარეს შეუძლია ხელახლა შეამოწმოს ათლეტის ეკიპირება. თუ აღმოჩნდება, რომ ათლეტი ფიცარნაგზე გამოდიოდა ეკიპირების ნებისმიერი აკრძალული ნივთით, გარდა იმისა, რომელიც შემოწმების დროს მსაჯების არაგანზრახი შეცდომით იქნა დაშვებული, მაშინ ის დაუყოვნებლივ იქნება დისკვალიფიცირებული აღნიშნული შეჯიბრებიდან. თუ ათლეტმა წარმატებული მისვლა ეკიპირების აკრძალული ნივთის გამოყნებით შეასრულა, რომელიც ნებადართული იყო მსაჯების შეცდომის გამო, მაშინ ამ მისვლის შედეგი უნდა გაუქმდეს (ანულირებული იქნას) და ათლეტს უნდა მიეცეს დამატებითი მისვლის უფლება რაუნდის ბოლოს. დამატებითი მისვლის დროს ათლეტმა ეკიპირების აკრძალული ნივთი აღარ უნდა გამოიყენოს. მონაწილე ათლეტის ფიცარნაგზე დაშვებამდე ტექნიკური კონტროლიორი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ფორმის და ეკიპირების ნივთები შემოწმებული იქნა და დაშვებულია მსაჯების მიერ;


8. ჩაჯდომის და წოლჭიმის შესრულების დაწყებამდე გვერდითა მსაჯებმა ხელები ზემოთ უნდა აწიონ და ასე გააჩერონ მანამ, სანამ ათლეტი არ მიიღებს სწორ სასტარტო პოზიციას. თუ მსაჯების უმრავლესობის აზრი ემთხვევა, მაშინ მთავარი მსაჯი არ აძლევს მოძრაობის დაწყების სიგნალს. ათლეტს მოძრაობის დასაწყებად დარჩენილ დროში შეუძლია შტანგის გასწორება ან თავისი საწყისი მდგომარეობის შეცვლა რათა დაიკავოს სწორი სასტარტო პოზიცია და მიიღოს მოძრაობის დასაწყებად განკუთვნილი სიგნალი. თუ ათლეტმა უკვე დაიწყო მოძრაობა და გვერდითი მსაჯები შეცდომას აღმოაჩენენ ისინი ამის შესახებ სიგნალს არ იძლევიან;


9. მსაჯებმა თავი უნდა შეიკავონ კომენტარების გაკეთებისაგან და არავისგან არ უნდა მიიღონ შეჯიბრების მსვლელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტი ან სიტყვიერი განმარტება. იმისათვის, რომ მსაჯებმა შეძლონ მონაწილეების ფიცარნაგზე გამოსვლის თანმიმდევრობის თვალყურის დევნება საჭიროა მონაწილის კენჭისყრის ნომერი და  გვარი ნაჩვენები იყოს ტაბლოზე;


10. არცერთი მსაჯი არ უნდა შეეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სხვა მსაჯების გადაწყვეტილებაზე;


11. თუ საჭირო იქნება, მთავარ მსაჯს შეჯიბრების დროს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს გვერდით მსაჯებს, ჟიურის ან სხვა ოფიციალურ პირებს;


12. მთავარ მსაჯს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია მისცეს დავალება გრიფის ან/და ფიცარნაგის გასაწმენდად. თუ ათლეტს ან მწვრთნელს სურს გრიფის ან/და ფიცარნაგის გაწმენდა მათ ასეთი თხოვნით უნდა მიმართონ მთავარ მსაჯს და არა ფიცარნაგზე მყოფ ასისტენტებს. ამოწევაში შეჯიბრების პირველ ორ რაუნდში გრიფი შეიძლება გაიწმინდოს ათლეტის ან მწვრთნელის მოთხოვნით, ხოლო ბოლო რაუნდში გრიფი უნდა გაიწმინდოს ყოველი მისვლის წინ;


13. შეჯიბრების შემდეგ სამივე მსაჯმა ხელი უნდა მოაწეროს შეჯიბრების ოქმს, რეკორდების აქტებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებზეც საჭიროა მათი ხელისმოწერა;


14. საერთაშორისო შეჯიბრებებზე მსაჯებს ნიშნავს ტექნიკური კომიტეტი და მათ თავიანთი კომპეტენტურობა უნდა დაამტკიცონ ეროვნულ ან საერთაშორისო შეჯიბრებებში;


15. თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობს 2 ქვეყანაზე მეტი, მაშინ ერთ წონით კატეგორიაში მსაჯობისთვის არ შეიძლება არჩეული იქნას ერთი და იგივე ქვეყნის წარმომადგენელი 2 მსაჯი. თუ საშეჯიბრო ნაკადი დაყოფილია ჯგუფებად, მაშინ ყველა ჯგუფის შეჯიბრებები უნდა იმსაჯონ ერთი და იგივე მსაჯებმა შეუცვლელად. თუ მსაჯების შეცვლა მაინც აუცილებელი გახდა, მაშინ მათი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მოძრაობებს შორის ისე, რომ ერთი მოძრაობის შეჯიბრება ყველა ჯგუფში ერთი და იგივე მსაჯებმა იმსაჯონ;


16. რომელიმე ერთ კატეგორიაში მსაჯის არჩევა მთავარი მსაჯის თანამდებობაზე ხელს არ უშლის მის სხვა კატეგორიაში გვერდითი მსაჯის თანამდებობაზე არჩევას;


17. მსოფლიო ჩემპიონატებზე ან ნებისმიერ სხვა ჩემპიონატზე გადაწყვეტილებები მსოფლიო რეკორდების დამყარებაზე გამოტანილი უნდა იქნას მხოლოდ IPF-ის I და II კატეგორიის მსაჯების მიერ. თითოეულ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატების მსაჯობისთვის შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ 3 მსაჯი და დამატებით IPF-ის I კატეგორიის მსაჯი, რომელიც ჟიურის წევრთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს ჟიურის საქმიანობაში. ყველა წარდგენილი მსაჯი ჩემპიონატს უნდა დაესწროს სულ მცირე ორი დღის განმავლობაში;


18. მსაჯებმა და ჟიურის წევრებმა უნდა ატარონ შემდეგი ფორმა:


კაცები:


ზამთარში მუქი ლურჯი პიჯაკი IPF-ის შესაბამისი ემბლემით მკერდის მარცხენა მხარეს, სერი შარვალი თეთრი პერანგით და IPF-ის შესაბამისი გალსტუკით;


ზაფხულში სერი შარვალი თეთრი პერანგით და IPF-ის შესაბამისი გალსტუკით;

 

ქალები:


ზამთარში მუქი ლურჯი პიჯაკი IPF-ის შესაბამისი ემბლემით მკერდის მარცხენა მხარეს, სერი ქვედაბოლო ან შარვალი და თეთრი ბლუზი ან პერანგი და IPF-ის შესაბამისი კაშნი/გალსტუკი;


ზაფხულში სერი ქვედაბოლო ან შარვალი და თეთრი ბლუზი ან პერანგი;

 

IPF-ის ემბლემები და კაშნები/გალსტუკები არის შემდეგ ფერებში:


წითელი I კატეგორიის მსაჯებისთვის


ლურჯი II კატეგორიის მსაჯებისთვის


გადაწყვეტილებას მსაჯების მიერ ზამთრის და ზაფხულის ფორმის ჩაცმასთან დაკავშირებით  იღებს ჟიური.

სპორტული ბოტასები პიჯაკსა და შარვალს არ შეეფერება, ამიტომ მსაჯების ფორმაზე აუცილებელია ყოველდღიური ტუფლების ჩაცმა;


19. საკვალიფიკაციო მოთხოვნები IPF-ის II კატეგორიის მსაჯებისთვის:

ა) უნდა იყოს ეროვნული კატეგორიის მსაჯი არანაკლებ 2 წელი და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 2 ეროვნული ჩემპიონატის მსაჯობაში;

ბ) რეკომენდირებული უნდა იყოს თავისი ეროვნული ფედერაციის მიერ;

გ) უნდა ჩააბაროს IPF-ის II კატეგორიის მსაჯების წერილობითი და პრაქტიკული გამოცდა მსოფლიო ჩემპიონატზე, კონტინენტის ჩემპიონატზე ან რეგიონალურ ჩემპიონატზე;

დ) წერილობით და პრაქტიკულ გამოცდებზე უნდა მიიღოს 90% და მეტი ქულა;

 

20. საკვალიფიკაციო მოთხოვნები IPF-ის I კატეგორიის მსაჯებისთვის:

ა) უნდა იყოს IPF-ის II კატეგორიის მსაჯი, კარგი რეპუტაციით, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში;

ბ) უნდა იმსაჯოს არანაკლებ 4 საერთაშორისო ჩემპიონატზე (წოლჭიმის ცალკე ჩემპიონატები არ ჩაითვლება);

გ) უნდა ჩააბაროს I კატეგორიის მსაჯის პრაქტიკული გამოცდა ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატზე (გარდა წოლჭიმის ცალკე მსოფლიო ჩემპიონატისა) კონტინენტის ჩემპიონატზე, რეგიონალურ თამაშებზე ან საერთაშორისო ტურნირებზე;

დ) უნდა იმსაჯოს, მთავარი მსაჯის რანგში, არანაკლებ 75 მისვლა, რომელთაგან 35 მისვლა იქნება ჩაჯდომაში. ამ დროს I რაუნდის მისვლები არ ჩაითვლება;

ე) კანდიდატის კომპეტენტურობა ასევე უნდა შეფასდეს ეკიპირების შემოწმების, მონაწილეთა აწონვების და ფიცარნაგზე მუშაობის დროს, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნას 25 ბალიანი სისტემა. ტექნიკურ წესებში დაშვებული თითოეული შეცდომისათვის კანდიდატს უნდა მოაკლდეს 0,5 ქულა. გამომცდელად ინიშნება IPF-ის ტექნიკური კომიტეტის წევრი ან სხვა ოფიციალური პირი, რომელიც დანიშნული იქნება ტექნიკური კომიტეტის და IPF-ის მსაჯების რეგისტრატორის მიერ;

ვ) კანდიდატმა  უნდა მოაგროვოს არანაკლებ 90% ქულების საერთო ჯამიდან, რომელშიც 75 ქულა გათვალისწინებულია იმ გადაწყვეტილებების მიღებისათვის, რომელიც ფიცარნაგზე მთავარი მსაჯის რანგში იქნა მიღებული და ემთხვევა ჟიურის აზრს და არა ფიცარნაგზე დანარჩენი მსაჯების აზრს. დანარჩენი 25 ქულა კი შეიძლება შეგროვებული იქნას ეკიპირების შემოწმების, ათლეტების აწონვის და ფიცარნაგზე მუშაობის დროს;

ზ) გამოცდის ჩაბარებამდე 3 თვით ადრე კანდიდატი ეროვნული ფედერაციის მიერ რეკომენდირებული უნდა იყოს IPF-ის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან და მსაჯების რეგისტრატორთან.

რეკომენდაციის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი:

o   კანდიდატი უნდა იყოს კომპეტენტური მსაჯი.

o   ქონდეს უპირატესობა II კატეგორიის მსაჯებს შორის.

o   ქონდეს მომავალში საერთაშორისო შეჯიბრებების მსაჯობის შესაძლებლობა.

o   იცოდეს ინგლისური ენა.

თ) IPF-ის I კატეგორიის მსაჯობის კანდიდატს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე საუბარი ისეთ დონეზე რაც მას საშუალებას მისცემს გაიგოს შეჯიბრებაზე განხილული საკითხები, განსაკუთრებით, როცა ის მონაწილეობას მიიღებს ჟიურის მუშაობაში. ამ კუთხით კანდიდატის კვალიფიკაციას განსაზღვრავენ გამომცდელები.

 

21. IPF-ის გამოცდებისთვის კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) მიღებული რეკომენდაციების რაოდენობა.

ბ) გამოცდისთვის გამოყოფილი ადგილების (ვაკანსიების) რაოდენობა.

გ) სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მოთხოვნა I კატეგორიის მსაჯებზე.

 

22. გამოცდების ჩატარების პროცედურა შემდეგნაირია:

ა) II კატეგორია წერილობითი გამოცდა იმართება მხოლოდ წესებში ჩატარებული დიდი სემინარის გავლის შემდეგ, რომელიც ტარდება მთავარი გამომცდელი ტექნიკური კომიტეტის და IPF-ის მსაჯების რეგისტრატორის მიერ დანიშნული IPF-ის I კატეგორიის მსაჯების ხელმძღვანელობით.

პრაქტიკული გამოცდა ტარდება წერილობითი გამოცდის შემდეგ, შეჯიბრების მსვლელობის დროს. კანდიდატი ინიშნება გვერდით მსაჯად და მსაჯობს ჯამში 100 მისვლას, რომელთაგან 40 იქნება ჩაჯდომაში. გამომცდელებს შორის ერთი მაინც უნდა იყოს IPF-ის I კატეგორიის მსაჯი.  კანდიდატის გადაწყვეტილებების არანაკლებ 90% უნდა დაემთხვას გამომცდელი მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებების გამოტანა ხდება I რაუნდიდან. II კატეგორიის მსაჯების წერილობითი და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარდეს მხოლოდ საერთაშორისო ან რეგიონალურ (კონტინენტის) ჩემპიონატზე.

ბ) I კატეგორია კანდიდატის პრაქტიკული გამოცდა ტარდება მხოლოდ შემდეგ შეჯიბრებებზე: ნებისმიერ მსოფიო ჩემპიონატზე (გარდა წოლჭიმის ცალკე მსოფლიო ჩემპიონატისა); კონტინენტის ჩემპიონატზე, რეგიონალურ თამაშებზე ან საერთაშორისო ტურნირზე. კანდიდატს ამოწმებს ჟიური. კანდიდატის მიერ მოძრაობების შეფასებისა და მსაჯის სხვა მოვალეობების (ეკიპირების შემოწმება, აწონვები) შესრულების დროს მიღებული გადაწყვეტილებების არანაკლებ 90% უნდა ემთხვეოდეს ჟიურის გადაწყვეტილებებს. I რაუნდის მისვლების შეფასებები არ განიხილება. კანდიდატმა გამოცდის დროს გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს II რაუნდის დაწყების შემდეგ.


23. გადასახადი გამოცდის გავლისათვის შეტანილი უნდა იქნას უფროს გამომცდელთან გამოცდის დაწყებამდე. ყველა საგამოცდო ფურცელი დამოწმებული უნდა იყოს გამომცდელი მსაჯის (მსაჯების) მიერ. საგამოცდო ფურცლების შემოწმების შემდეგ კანდიდატს ეცნობება გამოცდის შედეგები. შემოწმებული და ხელმოწერილი საგამოცდო ფურცლები გადაგზავნილი უნდა იქნას IPF-ის მსაჯების რეგისტრატორთან. გამოცდის გადასახადი უნდა გადაეცეს IPF-ის ხაზინადარს;


24. გამოცდების შედეგების მიღების შემდეგ IPF-ის მსაჯების რეგისტრატორი ეროვნული ფედერაციის მდივანს აცნობებს შედეგებს და კანდიდატს უგზავნის შესაბამის დოკუმენტებს;


25. კანდიდატი, რომელიც გადის პრაქტიკულ გამოცდას შემოწმდება ჟიურის მიერ (I კატეგორიისათვის) ან დანიშნული შემმოწმებელი მსაჯის (მსაჯების) მიერ (II კატეგორიისათვის), რათა განისაზღვროს მისი შედეგი წარმატება ან წარუმატებლობა;


26. გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატის სამსაჯო წოდების მომატების თარიღად განიხილება გამოცდის თარიღი;


27. კანდიდატი, რომელმაც გამოცდა ვერ ჩააბარა გამოცდის განმეორებით გასავლელად უნდა დაელოდოს არანაკლებ 6 თვე;


28. მსაჯების რეგისტრაცია

ა) ყველა მსაჯმა კვალიფიკაციის სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად IPF-ში პერიოდულად უნდა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია.

ბ) ხელახალი რეგისტრაცია მიზანშეწონილია ჩატარდეს ყოველი ოლიმპიური წლის იანვრის დასაწყისში.

გ) ეროვნული ფედერაცია, რომელშიც ირიცხება მსაჯი პასუხს აგებს:


        ხელახალი რეგისტრაციისთვის საჭირო გადასახადის 50 ევროს ოდენობით IPF-ის ხაზინადართან გადარიცხვაზე.


        ხელახალი რეგისტრაციის წინა პერიოდში კანდიდატის ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობების მოკლე ანგარიშის გადაგზავნაზე IPF-ის მსაჯების რეგისტრატორთან.


დ) მსაჯი, რომელიც არ იყო აქტიური 4 წლიან პერიოდში ან არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კარგავს სამსაჯო ლიცენზიის მიღების უფლებას და მსაჯის კატეგორიაზე გამოცდა განმეორებით უნდა ჩააბაროს.

ე) მსაჯის ბილეთი, რომელიც გაცემულია ოლიმპიური წლის 1 იანვრამდე 12 თვით ადრე, განახლებას არ საჭიროებს მომდევნო ოლიმპიური წლის 1 იანრამდე.


29. IPF-ის მსაჯების რეგისტრატორი თითოეულ ეროვნულ ფედერაციას უზრუნველყოფს

ა) ოფიციალური აკრედიტაციის მქონე მსაჯების სიით, რომელიც ყოველ წელს ახლდება;

ბ) იმ მსაჯების სიით, რომლებმაც ლიცენზიის გასაგრძელებლად უნდა გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია.


30. I და II საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა ხელახალი რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ოლიმპიურ წლებს შორის მოქცეულ 4 წლის განმავლოვბაში, უნდა იმსაჯონ მინიმუმ 2 საერთაშორისო და 2 ეროვნული ჩემპიონატი. 1 ეროვნული წოლჭიმის ჩემპიონატი დასაშვებია. ასევე დასაშვებია 1 ეკიპირების გარეშე შეჯიბრება.


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity