შეჯიბრების ჩატარების წესი

შეჯიბრებების ჩატარების წესები

 


რაუნდების სისტემა


1. აწონვების დროს ათლეტმა ან მისმა მწვრთნელმა უნდა შეავსოს ე.წ. “I მისვლის  ბარათები”, რომელშიც ფიქსირდება შტანგის საწყისი წონები პაუერლიფტინგის სამივე მოძრაობისთვის. აღნიშნული ბარათები ხელმოწერილი უნდა იყოს თავად ატლეტის ან მისი მწვრთნელის მიერ. აწონვების ხელმძღვანელი ოფიციალური პირი I მისვლის ბარათებს შეჯიბრებისთვის ინახავს. “კომენტატორის (დიქტორის) ბარათი” წარმოადგენს I მისვლის ბარათის შესაბამის ბარათს. ამის გარდა ათლეტს უშუალოდ შეჯიბრების დროს კიდევ გადაეცემა მისვლების ბარათების 11 ცალი ბლანკი: 3 ჩაჯდომისთვის; 3 წოლჭიმისთვის და 5 ამოწევისთვის. თითოეული მოძრაობისთვის გამოიყენება მისვლების სხვადასხვა ფერის ბარათები. I მისვლის შემდეგ ატლეტმა ან მისმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს შტანგის რა წონა შეუკვეთოს II მისვლისთვის. შერჩეული წონა შეტანილი უნდა იქნას მისვლების ბარათის შესაბამის გრაფაში, რომელიც 1 წუთის განმავლობაში უნდა გადაეცეს შეჯიბრების მდივანს ან სხვა ოფიციალურ პირს. იგივე პროცედურა არის გასავლელი II და III მისვლისთვისაც სამივე მოძრაობაში. პასუხისმგებლობა, თითოეული მისვლის დროს, განაცხადის დადგენილ დროში წარდგენაზე ეკისრება უშუალოდ ათლეტს ან მის მწვრთნელს. რაუნდების სისტემის შემთხვევაში აუცილებელი არ არის მონაწილეებს მიჩენილი ყავდეთ მსაჯები, ამიტომ მისვლის ბარათები პირდაპირ ოფიციალურ პირს გადაეცემა.

ქვემოთ ნაჩვენებია მისვლების ბარათების დადგენილი ნიმუშები. საჭიროა გვახსოვდეს, რომ I მისვლისთვის განაცხადი უკვე გაკეთებულია აწონვების დროს, ამიტომ შეჯიბრების დროს I მისვლის შესავსები გრაფა რომელიც ბარათზეა ნაჩვენები შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა I მისვლაზე, აწონვების დროს, უკვე შეკვეთილი შტანგის წონის შეცვლა. ანალოგიურად IV და V უჯრები, პაუერლიფტინგის შეჯიბრების ბოლო მოძრაობის, ამოწევის ბარათში გამოიყენება მხოლოდ III მისვლაში შეკვეთილი წონის 2 დასაშვები ცვლილებისათვის. წოლჭიმის ცალკე შეჯიბრებებზე გამოყენებული უნდა იქნას ამოწევაში გამოყენებული მისვლის ბარათების მსგავსი ბარათები.

 

მისვლების (ცდების) ბარათები





2. როცა საშეჯიბრო ნაკადში სულ 10-15 სპორტსმენია, შეჯიბრება შეიძლება ჩატარდეს ერთ ჯგუფად ან შესაძლოა შექმნილი იქნას დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ათლეტებით დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფი. თუ საშეჯიბრო ნაკადში 15 ან მეტი ათლეტია, მაშინ ნაკადი აუცილებლად უნდა დაიყოს რამდენიმე ჯგუფად. საშეჯიბრო ნაკადი, შეჯიბრების ორგანიზატორის შეხედულებისამებრ, შეიძლება შედგენილი იქნას ერთი ან რამდენიმე წონითი კატეგორიისაგან. წოლჭიმის ცალკე ჩემპიონატებში ერთ ჯგუფში შეიძლება შეყვანილი იყოს 20-ამდე ატლეტი;

3. საშეჯიბრო ჯგუფების შედგენა ხდება ათლეტების იმ საუკეთესო შედეგების საფუძველზე, რომლებიც მათ ნაჩვენები აქვთ ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ბოლო 12 თვის განმავლობაში (ეს შედეგები იგზავნება განაცხადთან ერთად, შეჯიბრების დაწყებამდე 21 დღით ადრე). დაბალი შედეგების მქონე ათლეტები I ჯგუფში შეიყვანება, შემდეგ კი შედეგების მიხედვით შეიქმნება II და შემდეგი ჯგუფები. თუ ათლეტმა შეჯიბრებაზე წინასწარი განაცხადის გაკეთების დროს არ წარმოადგინა მის მიერ  ბოლო 12 თვის განმავლობაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგები, მაშინ ის ავტომატურად I ჯგუფში ჩაისმება;

4. თითოეული ათლეტი I მისვლას აკეთებს I რაუნდში, II მისვლას II რაუნდში და III მისვლას III რაუნდში;

5. თუ ჯგუფი 6-ზე ნაკლები ათლეტისგან შედგება მაშინ, თითოეული რაუნდის დასრულების შემდეგ ათლეტებს დასვენებისთვის უნდა მიეცეთ დამატებითი საკომპესაციო დრო შემდეგი წესით:

 

5 ათლეტის შემთხვევაში   1 წთ.

4 ათლეტის შემთხვევაში   2 წთ.

3 ატლეტის შემთვევაში     3 წთ.

 

დასასვენებლად გამოყოფილი საკომპესაციო დროის მაქსიმალური ოდენობა 3წთ-ს შეადგენს. შეჯიბრების დროს დამატებითი დროის მსვლელობას ყველა მონაწილე მკაცრად უნდა აკონტროლებდეს. ათლეტების ჯგუფებად გამოსვლის დროს საკომპესაციო დროის დამატება შემდეგი წესით უნდა მოხდეს: კონკრეტულ რაუნდში ჯგუფის ბოლო ათლეტის გამოსვლის შემდეგ დამატებითი დრო შტანგის დაუშლელად უნდა გამოცხადდეს. შტანგის დაშლა და მასზე ახალი წონის აწყობა უნდა მოხდეს დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ. ყოველივე ამის შემდეგ მომდევნო ათლეტს მორიგი მისვლის დასაწყებად კიდევ მიეცემა მოსამზადებლად განკუთვნილი 1წთ;

6. თითოეული რაუნდის მსვლელობისას შტანგის წონა თანდათანობით უნდა მატულობდეს და არ უნდა მოხდეს მისი შემცირება. შტანგის წონის შემცირება დასაშვებია მხოლოდ შეცდომის შემთხვევაში, მაგრამ აუცილებლად რაუნდის ბოლოს (იხილეთ: მე-9 მუხლი);

7. თითოეულ რაუნდში ათლეტების მისვლების რიგითობა განისაზღვრება მათ მიერ კონკრეტულ რაუნდში შეკვეთილი წონებით, ე.ი ათლეტები თითოეულ რაუნდში მოძრაობის შესასრულებლად გამოდიან შეკვეთილი წონების ზრდადობის შესაბამისად. თუ ორი ათლეტი ერთი და იგივე წონას შეუკვეთავს, მაშინ პირველად უნდა გავიდეს ის ათლეტი, რომელსაც კენჭისყრით უფრო დაბალი ნომერი ქონდა მიღებული. იგივე წესი მოქმედებს ამოწევაში III მისვლის დროს სადაც შტანგის წონა შეიძლება ორჯერ იქნას შეცვლილი. ამ დროს შტანგის წონის შეცვლა შეიძლება იმ პირობით, თუ ადრე შეკვეთილი წონა შტანგაზე ჯერ არ აწყობილა და ათლეტი კომენტატორს (დიქტორს), მოძრაობის შესასრულებლად, ფიცარნაგზე ჯერ არ გამოუძახებია.

მაგალითი: A ათლეტმა, რომელსაც კენჭისყრის შედეგად მიღებული აქვს მე-5 ნომერი შეუკვეთა 250,0კგ. B ათლეტმა კი, რომელსაც კენჭისყრის შედეგად მიღებული აქვს მე-2 ნომერი შეუკვეთა 252,2კგ. დადგენილი წესის შესაბამისად პირველად ფიცარნაგზე გამოდის A ათლეტი, შემდეგ კი B ათლეტი.

კითხვა: თუ A ათლეტმა 250,0კგ ვერ აწია, შეუძლია თუ არა B ათლეტს 252,5კგ-ზე გაკეთებული შეკვეთა შეცვალოს 250,0კგ-ით?

პასუხი: არ შეუძლია რადგან, თუ B ათლეტი თავიდანვე 250კგ-ს შეუკვეთავდა მაშინ მას კენჭისყრით მიღებული მე-2 ნომრის გამო გამოსვლა A ათლეტის წინ მოუწევდა, ე.ი. ამით შეჯიბრების მთელი სურათი შეიცვლებოდა.

8. თუ ატლეტმა წონა ვერ დაძლია მან მისვლა იმავე რაუნდში არ უნდა გაიმეოროს. იგი უნდა დაელოდოს შემდეგ რაუნდს, რომელშიც მას შეუძლია კვლავ გააკეთოს მისვლა ამ წონასთან;

9. თუ ასისტენტების შეცდომის შედეგად, შტანგაზე არასწორად აწყობილი წონის ან ინვენტარის გაუმართაობის გამო, ათლეტის მისვლა წარუმატებელი გამოდგა ათლეტს უნდა მიეცეს აღნიშნულ წონასთან დამატებითი მისვლის უფლება, რომელიც მან იმავე რაუნდის ბოლოს უნდა შეასრულოს. თუ არასწორად აწყობილი წონა ათლეტმა მისვლის დაწყებამდე შეამჩნია, მაშინ მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი ა) არ შეწყვიტოს გამოსვლა, დაელოდოს წონის შესწორებას და ისე შეასრულოს მისვლა ან ბ) შეაჩეროს გამოსვლა, აიღოს დამატებითი მისვლა და შეასრულოს ის რაუნდის ბოლოს. ყველა სხვა შემთვევაში სპორტსმენს დამატებითი მისვლის უფლება რაუნდის ბოლოს მიეცემა. თუ ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება ათლეტი, რომელიც რაუნდის ბოლოს გამოდის, მაშინ მას დამატებითი გამოსვლის წინ დასასვენებლად უნდა მიეცეს 3 წუთი. სხვა მონაწილეებისთვის გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი წესი: რაუნდში ბოლოს წინა გამომსვლელ ათლეტს დამატებითი გამოსვლის წინ დასასვენებლად უნდა მიეცეს 2წთ, ხოლო ბოლოდან მესამე ათლეტს 1წთ. მსგავს შემთხვევებში, როცა ათლეტს დამატებითი გამოსვლა თავისივე გამოსვლის შემდეგ უწევს, დამატებითი დრო უნდა გამოცხადდეს შტანგის დაუშლელად. შტანგის დაშლა და მასზე ახალი წონის აწყობა უნდა მოხდეს დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ. ყოველივე ამის შემდეგ ათლეტს მისვლის დასაწყებად კიდევ მიეცემა მოსამზადებლად განკუთვნილი 1წთ. მაშასადამე დამატებითი დრო ემატება იმ 1 წუთს, რომელიც წესით ყველა ათლეტს  მისვლამდე ეძლევა. საერთო ჯამში დამატებითი მისვლისთვის დროის დათვლის პროცედურა ასეთია: ჩაირთვება საკონტროლო დრო, რომელიც ათლეტის განკარგულებაშია მისვლის დასაწყებად. ათლეტი, რომელიც გამოდის თავისივე გამოსვლის შემდეგ იღებს 4 წუთს, რომლის განმავლობაშიც მას შეუძლია მისვლა დაიწყოს ნებისმიერ დროს, როგორც კი მზად იქნება. იმავე რაუნდში ბოლოს წინა ათლეტს ეძლევა 3წთ, ბოლოდან მესამე გამომსვლელს კი 2წთ. ყველა სხვა ათლეტს დამატებითი გამოსვლის დასაწყებად მიეცემა 1წთ;

10. ათლეტს თითოეულ მოძრაობაში I მისვლისთვის შეკვეთილი წონის შეცვლის უფლება მხოლოდ ერთხელ ეძლევა. შეკვეთილი წონა შეცვლის მიზნით შეიძლება, როგორც გაიზარდოს ისე შემცირდეს, რის შემდეგაც შესაბამისად უნდა შეიცვალოს I რაუნდში ათლეტების გამოსვლის რიგითობაც. თუ ათლეტი I ჯგუფში გამოდის მაშინ შეკვეთილი წონის შეცვლა შეიძლება ამ მოძრაობაში I რაუნდის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 წუთით ადრე. სხვა ჯგუფებში გამომსვლელმა ათლეტებმა საწყისი წონის შეცვლა უნდა განახორციელონ, მათი ჯგუფის შეჯიბრის დაწყებამდე დარჩენილი, არა უგვიანეს 3 ათლეტის გამოსვლით ადრე (ამ მოძრაობაში). კომენტატორი (დიქტორი) ვალდებულია I მისვლისთვის შეკვეთილი წონების შეცვლაზე განაცხადების მიღების შეწყვეტამდე არა უგვიანეს 1 წუთით ადრე გამოაცხადოს, რომ წონის შეცვლისთვის გამოყოფილი დრო იწურება. თუ წონის შესაცვლელად გამოყოფილი დროის ამოწურვაზე ინფორმაცია წინასწარ არ იქნა გამოცხადებული, მაშინ უნდა გაკეთდეს განცხადება, რომ სპორტსმენებს უფლება აქვთ შეცვალონ შეკვეთილი საწყისი წონები. ასეთ შემთხვევაში სპორტსმენს შეუძლია შეცვალოს წონა ასეთი განცხადების გამოცხადებიდან 1 წუთის განმავლობაში;

11. ათლეტმა თავისი II და III მისვლებისთვის წონის შეკვეთა უნდა გააკეთოს წინა მისვლის დასრულებიდან 1 წუთის განმავლობაში. აღნიშნული 1 წუთის ათვლა იწყება მას შემდეგ რაც მსაჯები ათლეტის დასრულებული გამოსვლის შეფასებას გააკეთებენ (აინთება მსაჯების სასიგნალო ნათურები). თუ ამ 1 წუთის განმავლობაში ათლეტმა მომდევნო მისვლისთვის ახალი წონა არ შეუკვეთა, მაშინ მის მიერ უკვე აწეულ წონას ავტომატურად დაემატება 2,5კგ. თუ ათლეტმა შეკვეთილი წონა ვერ აწია და მომდევნო მისვლისთვის ახალი წონა არ შეუკვეთა, მაშინ მომდევნო მისვლისთვის მას ავტომატურად დარჩება იგივე წონა რაც წინა მისვლაზე ვერ დაძლია;

12. სამჭიდის არც ერთ მოძრაობაში II მისვლაზე შეკვეთილი წონები არ შეიძლება შეიცვალოს. ანალოგიურად არ შეიძლება შეიცვალოს III მისვლაზე შეკვეთილი წონები ჩაჯდომასა და წოლჭიმში. ამ წესის თანახმად ერთხელ შეკვეთილი წონის განაცხადი არ შეიძლება უკან ამოღებული და შეცვლილი იყოს. შტანგის წონა უნდა აიწყოს განაცხადში გაკეთებული შეკვეთის შესაბამისად და ათლეტის მოსამზადებელი დროის (1წთ) ასათვლელად უნდა ჩაირთოს საათი;

13. ამოწევის შესრულების დროს, რომელიც სამჭიდის ბოლო მოძრაობაა, III მისვლაზე დასაშვებია შეკვეთილი წონის ორჯერ შეცვლა. შეკვეთილი წონა შეცვლის მიზნით შეიძლება, როგორც გაიზარდოს ისე შემცირდეს. ასეთი ცვლილებების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომენტატორს (დიქტორს) სპორტსმენი ფიცარნაგზე ჯერ არ გამოუძახებია;

14. წოლჭიმის ცალკე შეჯიბრებები ტარდება იმავე წესების მიხედვით რაც ზოგადად სამჭიდის შეჯიბრებებისთვის არის მიღებული, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ აქ III მისვლაზე შეკვეთილი წონა შეიძლება ორჯერ იქნას შეცვლილი. ამ დროს წონის შეცვლა ხდება იმავე წესის მიხედვით რაც სამჭიდის შეჯიბრებებზე ამოწევისთვის არის დადგენილი (იხილეთ: წინა მუხლი);

15. თუ საშეჯიბრო ნაკადი მხოლოდ ერთი ჯგუფისგან ე.ი. მაქსიმუმ 14 სპორტსმენისგან შედგება მაშინ, სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებს შორის დასაშვებია 20წთ შესვენება. ეს დრო აუცილებელია, მომდევნო მოძრაობისთვის, მონაწილეების მოსამზადებლად და ფიცარნაგის მოსაწყობად;

16. როცა საშეჯიბრო ნაკადში გამომსვლელი 2 ან მეტი ჯგუფი ერთ ფიცარნაგზე ასპარეზობს მაშინ, შეჯიბრება ორგანიზებული უნდა იყოს ჯგუფებში გამეორებების პრინციპით. ასეთ დროს რაუნდებს შორის შესვენებები და ინტერვალები არ დაიშვება გარდა იმ დროისა რაც საჭიროა ფიცარნაგის მოსამზადებლად.

მაგალითი: თუ, საშეჯიბრო ნაკადში 2 ჯგუფი მონაწილეობს მაშინ, შეჯიბრებაში ჯერ I ჯგუფი ერთვება და I ჯგუფში ტარდება 3 რაუნდი ჩაჯდომაში. ამის შემდეგ შეჯიბრებას, შესვენების გარეშე, II ჯგუფი აგრძელებს და II ჯგუფშიც ტარდება 3 რაუნდი ჩაჯდომაში. ჩაჯდომაში შეჯიბრების დამთავრებისთანავე ფიცარნაგი უნდა მომზადდეს წოლჭიმისთვის და იგივე წესით I ჯგუფში ჩატარდეს 3 რაუნდი წოლჭიმში, შემდეგ კი შესვენების გარეშე წოლჭიმის 3 რაუნდი ჩატარდეს II ჯგუფშიც. დასასრულს ფიცარნაგი ამოწევისთვის მომზადდება და ისევ ჯერ I ჯგუფში ჩატარდება 3 რაუნდი ამოწევაში რის შემდეგაც ამოწევის 3 რაუნდი ჩატარდება II ჯგუფშიც. შეჯიბრების ჩატარების ასეთი სისტემა გამორიცხავს დროის დაკარგვას გარდა იმ დროისა რაც საჭიროა მოძრაობებს შორის ფიცარნაგის მოსამზადებლად.

                                    


შეჯიბრების ოფიციალური პირები


IPF-ის ტექნიკური კომიტეტი და შეჯიბრების ორგანიზატორი მხარე შეჯიბრებაზე ერთობლივად ნიშნავენ შემდეგ ოფიციალურ პირებს:


1. კომენტატორი (დიქტორი) საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, რომელიც საუბრობს ინგლისურ ენაზე და შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყნის ენაზე;


2. ტექნიკური მდივანი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სასურველია წერდეს და საუბრობდეს ინგლისურ ენაზე და შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყნის ენაზე;


3. დროის კონტროლიორი    კვალიფიციური მსაჯი;


4. პერსონალური მსაჯები;


5. შეჯიბრების მდივანი;


6. დამზღვევი პირები (ასისტენტები) ტანსაცმლის დადგენილი ფორმა: შეჯიბრების სიმბოლიკიანი მაისურები ან ჩვეულებრივი ერთფერიანი მაისურები; ერთფერიანი სპორტული შარვლები, რომელიც ცხელ ამინდში ჟიურის ნებართვით შეიძლება ჩანაცვლებული იქნას სპორტული შორტებით; სავარჯიშო ან სპორტული ფეხსაცმელი;


7. ტექნიკური კონტროლიორი საერთაშორისო კატეგორიის კვალიფიციური მსაჯი.

 

საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეიძლება დანიშნული იქნან სხვა ოფიციალური პირებიც, მაგალითად ექიმები, მედდები და ა.შ.

 


შეჯიბრების ოფიციალურ პირთა მოვალეობები

 

1. კომენტატორი (დიქტორი) პასუხს აგებს შეჯიბრების კვალიფიციურად ჩატარებაზე. იგი მოქმედებს, როგორც შეჯიბრების მთელი ცერემონიის ორგანიზატორი და წამყვანი. იგი განკარგავს ათლეტების მიერ მისვლებზე გაკეთებულ წონების შეკვეთებს და მოცემული წესებით დადგენილ გამოსვლის რიგითობას, რაც დამოკიდებულია შეკვეთილ წონებზე ან საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრის შედეგებზე. იგი აცხადებს მორიგ მისვლაზე საჭირო წონას და ათლეტის გვარს.

მას შემდეგ რაც  შტანგაზე წონა აიწყობა და ფიცარნაგი მოძრაობის შესასრულებლად გათავისუფლდება, მთავარი მსაჯი კომენტატორს (დიქტორს) ანიშნებს მზადყოფნის შესახებ. ასეთი მინიშნების მიღებისთანავე კომენტატორი (დიქტორი) გამოაცხადებს აწყობილი შტანგის წონას და ათლეტს ფიცარნაგზე გამოიძახებს. ათლეტის ფიცარნაგზე გამოძახების შემდეგ დროის კონტროლიორი რთავს წამზომს.

განმარტება: როგორც კი კომენტატორი (დიქტორი) გამოაცხადებს, რომ შტანგა მზადაა (წონა აწყობილია) ითვლება, რომ ათლეტს ეძლევა მისვლის საშუალება.

კომენტატორის მიერ გამოცხადებული შტანგის წონა უნდა გამოჩნდეს ტაბლოზე, რომელიც დაკიდებულია თვალსაჩინო ადგილზე. ტაბლოზე ასევე მიენიშნება ათლეტის გვარი და კენჭისყრის ნომერი;

 

2. ტექნიკური მდივანი პასუხს აგებს შეჯიბრების წინ ტექნიკური თათბირის ჩატარებაზე. ტექნიკური კომიტეტის წევრების არყოფნის დროს ტექნიკური მდივანი შეადგენს ჟიურის და მსაჯების სიას იმ მსაჯებისაგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. იგი ადგენს “ჟიურის წევრებისა და მსაჯების მოვალეობებს”, ავსებს მათ შეჯიბრებაზე დანიშვნის ფურცლებს, აწვდის მსაჯებს ინფორმაციას მათი წონით კატეგორიებში განაწილებისა და მუშაობის წესის შესახებ. ტექნიკური თათბირის ჩატარების შემდეგ, როცა გუნდების შემადგენლობები საბოლოოდ დადგინდება, ტექნიკურმა მდივანმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) შეჯიბრების ჩატარების ოქმები;

ბ) სპორტსმენის ეკიპირების იმ ნივთების შემოწმების ოქმები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეჯიბრებების წესებით;

გ) სადგამების სიმაღლეების გაზომვის ოქმები;

დ) აწონვების ოქმები თითოეული წონითი კატეგორიისთვის, აწონვების თანმიმდევრობის, აწონვებზე გამოცხადებული მონაწილეების გვარების და აუცილებელი მონაცემების ჩვენებით.

 

ამ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს კენჭისყრა, რომელიც დაადგენს ათლეტების აწონვებზე და საშეჯიბროდ ფიცარნაგზე გასვლის თანმიმდევრობას. ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად ტექნიკური მდივანი შეჯიბრების თითოეულ მონაწილეზე ავსებს კომენტატორის ბარათებს, ყველა წონითი კატეგორიისთვის.

ტექნიკური მდივნის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი დადგენილი რაოდენობის მისვლების ბარათებთან ერთად მოთავსდება თითოეული წონითი კატეგორიისთვის ცალკე გამოყოფილ კონვერტში. აღნიშნული კონვერტები შემდეგ გადაეცემათ შესაბამის წონით კატეგორიებში დანიშნულ მთავარ მსაჯებს.

ტექნიკური მდივანი ესწრება თითოეულ აწონვას და მსაჯებს აძლევს რჩევებს და მითითებებს აწონვის პროცედურებსა და ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით რაც მიიქცევს მის ყურადღებას. ის უნდა იყოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სასურველია შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყნიდან, რომელსაც შეეძლება ადგილზე ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა, რაც შეიძლება წარმოიშვას ურთიერთობაში ენობრივი ბარიერის გამო. შეჯიბრების დირექტორი ვალდებულია ტექნიკური მდივანი მოამარაგოს ბლანკებით, ფურცლებით და ყველაფრით რაც საჭიროა მისი საქმიანობისთვის. შეჯიბრებების დირექტორებს შეუძლიათ ტექნიკური კომიტეტისგან უფასოდ მიიღონ სამუშაო პროცედურების სრული დახასიათება, ყველა აუცილებელი ბლანკი და დოკუმენტი;

 

3. დროის კონტროლიორი პასუხისმგებელია დროის ზუსტ ათვლაზე, შტანგის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან ათლეტის მიერ მოძრაობის დაწყებამდე. ის ასევე პასუხს აგებს დროის რეგისტრაციაზე ყველა საჭირო შემთხვევაში მაგალითად, როცა მოძრაობის დამთავრების შემდეგ ათლეტმა ფიცარნაგი უნდა დატოვოს 30 წამის განმავლობაში. თუ ათლეტისთვის წამზომი ჩართული იქნა ის შეიძლება გაჩერებული იქნას მხოლოდ მოძრაობის დასაწყებად მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ, მოძრაობის დაწყების შემდეგ ან მთავარი მსაჯის კომანდით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ათლეტმა ან მისმა მწვრთნელმა ჩაჯდომის სადგამის სიმაღლე მანამდე, შეამოწმოს სანამ ათლეტი გამოძახებული იქნება ფიცარნაგზე, რადგან როგორც კი გამოცხადდება, რომ შტანგა მზადაა წამზომი უნდა ჩაირთოს. სადგამის სიმაღლის ნებისმიერი რეგულირება უნდა მოხდეს იმ 1 წუთის განმავლობაში, რომელიც ათლეტს  მოძრაობის დასაწყებად ეძლევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან წინასწარ მიანიშნა სადგამის სიმაღლის შეცვლის შესახებ, მაგრამ ასისტენტებმა ის არასწორად დააყენეს. ამიტომ აუცილებელია, რომ ათლეტმა ან მისმა მწვრთნელმა დროულად შეავსოს “სადგამის სიმაღლის ბარათი” და გააკეთოს მასზე ხელმოწერა. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერ სადაო სიტუაციაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მტკიცებულება. ათლეტს კომენტატორის (დიქტორის) მიერ მისი გამოძახების შემდეგ ეძლევა 1 წუთი, რომლის შემდეგაც იგი ვალდებულია დაიწყოს საშეჯიბრო მოძრაობა. თუ ათლეტმა ამ დროის განმავლობაში არ დაიწყო მოძრაობა მაშინ, დროის კონტროლიორმა უნდა გამოაცხადოს “დრო” (Time), ხოლო მთავარმა მსაჯმა უნდა გასცეს მკვეთრი გასაგები კომანდა “სადგამი” (Rack) ან “დაუშვი” (Down) იმის მიხედვით თუ რომელ მოძრაობას ასრულებს ათლეტი და იმავდროულად შეასრულოს ხელის უკუმოძრაობა. ამის შემდეგ გამოცხადდება “წონა არ იქნა აწეული” (No Lift) და მისვლა ჩაითვლება გამოყენებულად. თუ ათლეტი მოძრაობას სათანადოდ გამოყოფილ 1 წუთის შუალედში დაიწყებს მაშინ დროის კონტროლიორი წამზომს გააჩერებს. მოძრაობის დაწყების კონკრეტული მომენტი თავად საშეჯიბრო მოძრაობაზეა დამოკიდებული მაგალითად, ჩაჯდომის და წოლჭიმის შესრულების დროს მოძრაობის დაწყება ემთხვევა მთავარი მსაჯის მიერ მოძრაობის დასაწყებად სათანადო სიგნალის გაცემას (იხილეთ: თავი მსაჯები მე-3 მუხლი), ამოწევის შესრულების დროს კი მოძრაობის დაწყებად ითვლება ის მომენტი, როცა ათლეტი შტანგის ასაწევად აშკარა მოძრაობას შეასრულებს;

 

4. პერსონალური მსაჯები პასუხს აგებენ ათლეტებისგან ან მათი მწვრთნელებისგან “მისვლების ბარათების” (მომდევნო წონის განაცხადების) დროულ შეკრებაზე და მათ კომენტატორისთვის შეუფერხებელ გადაცემაზე. ათლეტმა ან მისმა მწვრთნელმა მოძრაობის შესრულების დამთავრების შემდეგ 1 წუთის განმავლობაში, პერსონალური მსაჯების მეშვეობით, კომენტატორს უნდა მიაწოდოს მისვლის ბარათი;

 

5. შეჯიბრების მდივანი პასუხს აგებს შეჯიბრების სწორად წარმართვაზე და უზრუნველყოფს შეჯიბრების ოქმებზე, რეკორდების აქტებზე და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც ხელმოწერას საჭიროებენ, სამივე მსაჯის ხელმოწერის შესრულებას. კომენტატორმა ხელის მოწერის აუცილებლობის შესახებ შესაბამისი განცხადება მანამდე უნდა გააკეთოს სანამ მსაჯები თავიანთ ადგილებს დატოვებენ;

 

6. დამზღვევი პირები (ასისტენტები) პასუხს აგებენ შტანგის წონის მომატებაზე ან მოკლებაზე, ჩაჯდომისა და წოლჭიმისთვის საჭირო სადგამების სიმაღლეების რეგულირებაზე, მთავარი მსაჯის მითითებებით გრიფის ან ფიცარნაგის გაწმენდაზე და მუდმივად უზრუნველყოფენ ფიცარნაგის კარგ მდგომარეობას და წესრიგის დაცვას. შეჯიბრების მსვლელობის დროს ფიცარნაგზე უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 დამზღვევი პირი (ასისტენტი).

როცა ათლეტი  მოძრაობის შესასრულებლად ემზადება დამზღვევ პირებს (ასისტენტებს) შეუძლიათ აღმოუჩინონ მას დახმარება შტანგის სადგამიდან ჩამოღებაში. მათ ასევე შეუძლიათ დაეხმარონ ათლეტს მოძრაობის დასრულების შემდეგ შტანგის სადგამზე დაბრუნებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ დამზღვევი პირები (ასისტენტები) უშუალოდ მოძრაობის შესრულების დროს, ე.ი. მოძრაობის დაწყების და დამთავრების სიგნალებს შორის დროის მონაკვეთში, ათლეტს ან შტანგას არ უნდა შეეხონ. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ათლეტს, მოძრაობის შესრულების დროს, საშიშროება ექმნება და შეიძლება ტრამვა მიადგეს. ასეთ შემთხვევაში დამზღვევი პირები (ასისტენტები) მთავარი მსაჯის ან თავად ათლეტის თხოვნით დაეხმარებიან მას შტანგისგან გათავისუფლებაში. თუ ათლეტმა ასისტენტების შეცდომის გამო შტანგის აწევის ცდა ვერ გამოიყენა (გააცუდა) მას მსაჯების ან ჟიურის შეხედულებისამებრ, რაუნდის ბოლოს, მიეცემა დამატებითი მისვლა;

 

7. ტექნიკური კონტროლიორი ვალდებულია ათლეტის ფიცარნაგზე გასვლის წინ დარწმუნდეს, რომ მოძრაობის შესასრულებლად, სწორედ კომენტატორის მიერ გამოძახებული მონაწილე გამოდის ე.ი მან უნდა მოახდინოს კომენტატორის მიერ გამოცხადებული გვარისა და გამომსვლელი პირის იდენტიფიცირება. ის ასევე ვალდებულია თვალყური ადევნოს ათლეტის ჩაცმულობასა და ეკიპირებას.

 


შეჯიბრებების ჩატარების ზოგადი წესები


1. ფიცარნაგზე ან სცენაზე გამართული შეჯიბრებების მსვლელობის დროს, შესაბამისად ფიცარნაგზე ან სცენაზე გასვლის უფლება აქვს მხოლოდ ათლეტს და მის მწვრთნელს, ჟიურის წევრებს, მსაჯების მოვალეობების შემსრულებლებს, დამზღვევ პირებს (ასისტენტებს) და ტექნიკურ კონტროლიორს. უშუალოდ საშეჯიბრო მოძრაობის შესრულების დროს კი - მხოლოდ ათლეტს, ასისტენტებს და მსაჯებს. ათლეტის მიერ საშეჯიბრო მოძრაობის შესრულების დროს მწვრთნელები მათთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში რჩებიან, რომელიც განსაზღვრულია ჟიურის ან ტექნიკური კომიტეტის წევრის მიერ. მწვრთნელების ზონა განსაზღვრული უნდა იყოს ისეთი წესით, რომ თითოეულ მწვრთნელს ამ ზონის ფარგლებში თავად შეეძლოს მოსახერხებელი ადგილის შერჩევა, ათლეტის მოძრაობის შესრულებაზე დასაკვირვებლად და მისთვის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებული (მაგ. ჩაჯდომის სიღრმე) მითითებებისა და სიგნალების მისაცემად.

მწვრთნელების ფორმის ჩაცმულობა საერთაშორისო შეჯიბრებებზე არის ეროვნული გუნდის სპორტული კოსტიუმი და მაისური ან IPF-ის მიერ დაშვებული მაისური ან სპორტული შორტები, ეროვნული გუნდის მაისური ან IPF-ის მიერ დაშვებული მაისური. აღნიშნული ფორმის ჩაცმულობის დარღვევის შემთხვევაში ტექნიკურ კონტროლიორს ან ჟიურის შეუძლია მწვრთნელს აუკრძალოს გასახურებელ დარბაზში ან შეჯიბრების ადგილზე ყოფნა;

2. აკრძალულია ათლეტის მიერ მაყურებლების დასანახად სახვევების დახვევა, კოსტიუმის გასწორება და ნიშადურის სპირტის გამოყენება. ერთადერთი გამონაკლისი ის არის, რომ შეიძლება ქამრის გასწორება;

3. საერთაშორისო შეხვედრებში, რომლებშიც ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე 2 ქვეყანა ან 2 ათლეტი  უპირისპირდება, მონაწილეებს ფიცარნაგზე გამოსვლა, შეკვეთილი წონის მიუხედავად, ნებისმიერი თანმიმდევრობით შეუძლიათ. მოძრაობის შესასრულებლად ფიცარნაგზე პირველი უნდა გავიდეს ის ათლეტი, რომელიც I მისვლისთვის ყველაზე მსუბუქ წონას შეუკვეთავს. ამის შესაბამისად დადგინდება მისვლების თანმიმდევრობა თითოეულ მოძრაობაში;

4. IPF-ის წესებით ჩატარებულ შეჯიბრებებში შტანგის წონა ყოველთვის 2,5კგ-ის ჯერადი უნდა იყოს. ამასთან ყოველი მომდევნო მისვლისთვის შტანგის წონა არანაკლებ 2,5კგ-ით უნდა გაიზარდოს, გარდა სარეკორდო მისვლებისა.

ა) სარეკორდო მისვლის დროს შტანგის წონის მომატება დასაშვებია 2,5 კილოგრამზე ნაკლები ოდენობით, მაგრამ შეკვეთილი წონა არსებულ რეკორდს არანაკლებ 0,5 კილოგრამით უნდა აღემატებოდეს;

ბ) თუ შეჯიბრების დროს ათლეტი შეეცდება გააუმჯობესოს არსებული რეკორდი, მას შეუძლია შეუკვეთოს წონა, რომელიც არ იქნება 2,5 კილოგრამის ჯერადი. აღნიშნული წონის დაძლევის შემთხვევაში ის ჩვეულებრივ ჩაითვლება სამჭიდის ცალკეული მოძრაობის შედეგად და შეიტანება სამჭიდის ჯამში;

გ) ათლეტს შეუძლია არსებული რეკორდის გაუმჯობესება ცადოს მისთვის გამოყოფილი 3 საშეჯიბრო მისვლიდან ნებისმიერ ან სამივე მისვლის დროს;

დ) ათლეტს, რეკორდის დამყარების მოტივით, შტანგის წონის 2,5 კილოგრამზე ნაკლები ოდენობით მომატება შეუძლია მხოლოდ იმ შეჯიბრებებზე გამოსვლის დროს, რომლებიც სტატუსით შეესაბამება მის დაგეგმილ რეკორდს. მაგალითად, თუ ვეტერანი ათლეტი ღია ჩემპიონატში ასპარეზობს მაშინ, მას არ შეუძლია, ვეტერანების რეკორდის დამყარების მოტივით, მომდევნო მისვლისთვის შტანგის წონა 2,5 კილოგრამზე ნაკლები ოდენობით გაზარდოს;

ე) იმ შემთხვევაში, როცა ერთი ათლეტი მომდევნო რაუნდისთვის, რეკორდის დამყარების მოტივით, შეუკვეთავს წონას, რომელიც არ არის 2,5 კილოგრამის ჯერადი, მაგრამ ამის შემდეგ მეორე ათლეტი იმავე რაუნდში აჩვენებს უფრო მაღალ შედეგს, მაშინ პირველი ათლეტის მიერ შეკვეთილი წონა უნდა შეიცვალოს  2,5 კილოგრამის ჯერად უახლოეს წონამდე.

 

მაგალითი N1: დაუშვათ არსებული რეკორდი არის 302,5 კგ. A ათლეტმა I რაუნდში დაძლია წონა 300კგ და II რაუნდისთვის რეკორდის სახით შეუკვეთა 303,5კგ. თუ B ათლეტი I რაუნდში დაძლევს 305,0კგ-ს მაშინ A ათლეტის შეკვეთა II რაუნდისთვის 303,5კგ-ზე რეკორდი აღარ იქნება და ის უნდა შემცირდეს 302,5კგ-ზე.

 

მაგალითი N2: დაუშვათ არსებული რეკორდი არის 300,0კგ. A ათლეტმა I რაუნდში დაძლია წონა 300,0კგ და II რაუნდისთვის რეკორდის სახით შეუკვეთა 301,0კგ. თუ B ათლეტი I რაუნდში დაძლევს 305,0კგ-ს მაშინ A ათლეტის შეკვეთილი წონა უნდა შეიცვალოს 2,5–ის ჯერად უახლოეს სიდიდემდე ე.ი. 302,5კგ-მდე;

 

5. შტანგის წონის აწყობაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში ან კომენტატორის მიერ არასწორად გამოცხადების შემთხვევაში შემდგომი გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ მთავარ მსაჯს. მისი გადაწყვეტილებები ეცნობება კომენტატორს, რომელიც აკეთებს შესაბამის განცხადებას.

 


შტანგის წონის აწყობაში დაშვებული შეცდომების მაგალითები:

 

ა) თუ აწყობილი შტანგის წონა ათლეტის შეკვეთაში დაფიქსირებულ წონაზე ნაკლები აღმოჩნდა და ათლეტმა ის წარმატებით დაძლია, მაშინ ათლეტს შეუძლია დაეთანხმოს შედეგს ან შეასრულოს ახალი, დამატებითი მისვლა თავდაპირველად შეკვეთილ წონასთან. თუ ათლეტის მისვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ ათლეტს უნდა მიეცეს დამატებითი მისვლა მის მიერ თავდაპირველად შეკვეთილ წონაწთან. ზემოთ აღნიშნულ ორივე შემთხვევაში დამატებითი მისვლა ათლეტს მიეცემა იმავე რაუნდის ბოლოს, რომელშიც დაშვებული იქნა შეცდომა;

ბ) თუ აწყობილი შტანგის წონა ათლეტის შეკვეთაში დაფიქსირებულ წონაზე მეტი აღმოჩნდა და ათლეტმა ის წარმატებით დაძლია, ეს მისვლა ჩაითვლება, მაგრამ რაუნდის მსვლელობაში მომდევნო ათლეტებისთვის წონის ასაწყობად საჭირო გახდება წონის შემცირება. თუ მისვლა წარუმატებელი გამოდგა მაშინ ათლეტს უნდა მიეცეს დამატებითი მისვლა იმავე რაუნდის ბოლოს, რომელშიც დაშვებული იქნა შეცდომა;

გ) თუ შტანგის ბოლოებზე აწყობილი იქნა სხვადასხვა წონები ან შტანგის და დისკოების წონაში მოძრაობის შესრულების დროს მოხდა რაიმე ცვლილება ან ფიცარნაგი მოვიდა გამოუსადეგარ მდგომარეობაში და მიუხედავად ამისა ათლეტმა წონა მაინც წარმატებით დაძლია, მაშინ ათლეტს შეუძლია დაეთანხმოს შედეგს ან შეასრულოს ახალი, დამატებითი მისვლა თავდაპირველად შეკვეთილ წონასთან. თუ წარმატებულად დაძლეული შტანგის წონა არ იყო 2,5 კილოგრამის ჯერადი, მაშინ შეჯიბრების ოქმში შეიტანება 2,5-ის ჯერადი უახლოესი ქვედა წონა. თუ მისვლა წარუმატებელი გამოდგა მაშინ ათლეტს უნდა მიეცეს დამატებითი მისვლა მის მიერ თავდაპირველად შეკვეთილ წონასთან, რომელიც შესრულდება იმავე რაუნდის ბოლოს, რომელშიც დაშვებული იქნა შეცდომა;

დ) თუ კომენტატორმა დაუშვა შეცდომა და შტანგის წონა გამოაცხადა იმაზე ნაკლები ან მეტი რაც ათლეტის შეკვეთაში იყო დაფიქსირებული, მაშინ მთავარმა მსაჯმა უნდა მიიღოს ისეთივე გადაწყვეტილება რაც შტანგის წონის არასწორად აწყობის შემთხვევაში;

ე) თუ ათლეტმა მორიგი მისვლა გამოტოვა იმის გამო, რომ მას ან მის მწვრთნელს არ ქონდა შესაძლებლობა ყოფილიყო ფიცარნაგის სიახლოვეს და თვალყური ედევნებინა შეჯიბრების მსვლელობისთვის ან კომენტატორმა უყურადღებობის გამო ათლეტი შეკვეთილ წონასთან არ გამოიძახა, მაშინ ათლეტს რაუნდის ბოლოს აუცილებლად უნდა მიეცეს კუთვნილი მისვლის შესრულების უფლება;

6. პაუერლიფტინგის რომელიმე მოძრაობაში 3 წარუმატებელი მისვლის შემთხვევაში ათლეტი ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრებას ამ მოძრაობაში და მთლიანად სამჭიდში. ზემოთაღნიშნულის მიუხედავად ათლეტს შეუძლია ასპარეზობა გააგრძელოს სამჭიდის დარჩენილ 2 მოძრაობაში (ცალკეულ მოძრაობებში), თუ მან ამ მოძრაობებში შეასრულა კეთილსინდისიერი მისვლები ე.ი. ათლეტის მიერ დაძლეული შტანგის წონა ამ მოძრაობებში უნდა იყოს მისი სპორტული შესაძლებლობების დონეზე (საუკეთესო პირადი შედეგები). თუ ათლეტის მიერ მისვლების შესრულების კეთილსინდისიერება საეჭვოა, მაშინ  მის მიერ ცალკეულ მოძრაობებში  ასპარეზობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟიური;

7. ათლეტმა არც ერთ მოძრაობაში საწყისი მდგომარეობის მისაღებად ასისტენტების დახმარება არ უნდა გამოიყენოს. ასისტენტების დახმარება დაიშვება მხოლოდ შტანგის სადგამიდან ჩამოღების დროს (ჩაჯდომში და წოლჭიმში);

8. საშეჯიბრო მოძრაობის დამთავრების შემდეგ ათლეტმა ფიცარნაგი 30 წამის განმავლობაში უნდა დატოვოს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსაჯის შეხედულებისამებრ, შეიძლება ათლეტს აწეული წონა არ ჩაეთვალოს. ეს წესი მიღებული იქნა იმ ათლეტებისთვის, რომლებმაც მოძრაობის შესრულების დროს მიიღეს რაიმე ტრამვა ან ინვალიდი სპორტსმენებისთვის, მაგალითად უსინათლო სპორტსმენებისთვის;

9. თუ გახურების ან უშუალოდ შეჯიბრების დროს ათლეტი უჩივის ტრამვას ან ამჟღავნებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმფტომებს, ოფიციალურად დანიშნულ შეჯიბრების ექიმს უფლება აქვს გასინჯოს იგი. თუ მსაჯი გადაწყვეტს, რომ ათლეტისთვის შეჯიბრების გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი, მას შეუძლია ჟიურისთან კონსულტაციის შემდეგ მოითხოვოს ათლეტის შეჯიბრებიდან მოხსნა. ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად უნდა ეცნობოს გუნდის ხელმძღვანელს ან მწვრთნელს. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გრიფზე ან ფიცარნაგზე მოხვედრილი სისხლის ან კანის ნაწილაკების საშუალებით ინფიცირების შემთხვევები, რეკომენდირებულია გრიფი და ფიცარნაგი (როგორც საშეჯიბრო ისე გასახურებელ დარბაზში მყოფი) გაიწმინდოს სარეცხი ხსნარის და წყლის 1:10 შემადგენლობით.

10. ნებისმიერი ათლეტი ან მწვრთნელი, რომელიც შეჯიბრების ჩატარების ადგილზე ან ფიცარნაგის სიახლოვეს, თავისი არასწორი საქციელით, მოახდენს სპორტის დისკრედიტაციას უნდა იყოს ოფიციალურად გაფრთხილებული. თუ გაფრთხილების მიუხედავად ათლეტი ან მწვრთნელი მსგავს ქმედებას კვლავაც გააგრძელებს მაშინ ჟიურის ან ჟიურის არ ყოფნის შემთხვევაში მსაჯებს შეუძლიათ მოახდინონ ასეთი ათლეტის ან მწვრთნელის დისკვალიფიკაცია და მოითხოვონ მათგან, შეჯიბრების ადგილის დატოვება. გუნდის ხელმძღვანელი ოფიციალურად უნდა იყოს  ინფორმირებული მისი ათლეტის ან მწვრთნელის, როგორც გაფრთხილების ისე დისკვალიფიკაციის შესახებ;

11. თუ ჟიური და მსაჯები ჩათვლიან, რომ ათლეტის ან ოფიციალური პირის მიერ დაშვებული დარღვევა საკმაოდ სერიოზულია და იმსახურებს დისკვალიფიკაციას და არა ოფიციალურ გაფრთხილებას, მაშინ მათ შეუძლიათ ხმათა უმრავლესობით მოახდინონ დამრღვევი პირების დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია. გუნდის ხელმძღვანელი ინფორმირებული უნდა იყოს დისკვალიფიკაციის შესახებ;

12. საერთაშორისო შეჯიბრებებზე მსაჯების გადაწყვეტილებების ყველა პროტესტი,  შეჯიბრების მსვლელობის ყოველგვარი აპელაცია, შეჯიბრებაში მონაწილე ან სხვა პირების საქციელის მიმართ გამოთქმული ყველა საჩივარი უნდა შევიდეს ჟიურისთან. ჟიურის შეუძლია მოითხოვოს, რომ პროტესტი ან საჩივარი შეტანილი იქნას წერილობითი ფორმით. პროტესტი ან საჩივარი ჟიურის თავმჯდომარეს უნდა გადაეცეს გუნდის ხელმძღვანელის, მწვრთნელის ან მათი არ ყოფნის შემთხვევაში თავად სპორტსმენის მიერ. ნებისმიერი ფაქტის გაპროტესტება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ მომხდარი ფაქტის შემდეგ. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტი ან საჩივარი არ განიხილება;

13. აუცილებლობის შემთხვევაში ჟიურის შეუძლია შეაჩეროს შეჯიბრება და გავიდეს გადაწყვეტილების მისაღებად. პროტესტის განხილვის შემდეგ ჟიურის ხმათა უმრავლესობით გამოაქვს ვერდიქტი, რის შემდეგაც ბრუნდება დარბაზში სადაც ჟიურის თავმჯდომარე მიღებულ გადაწყვეტილებას საჩივრის ავტორს გააცნობს. ჟიურის ვერდიქტი საბოლოოა და მის სხვა ორგანოში გასაჩივრების უფლებას არ იძლევა. მას შემდეგ რაც პროტესტის განხილვის დროს შეჩერებული შეჯიბრება გაგრძელდება მომდევნო გამომსვლელს  მოძრაობის დასაწყებად ეძლევა 3 წუთი.

თუ საჩივარი მიმართულია სპორტსმენის ან მონაწილე გუნდის ოფიციალური პირის მიმართ, მაშინ წერილობით საჩივართან ერთად შეიტანება ფულადი გადასახადი 75 ევრო ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერ ვალიუტაში.

ჟიურის მიერ ვერდიქტის გამოტანის დროს ყურადღება ექცევა საჩივრის შინაარსს და თუ მას ზედაპირული ან არაკეთილსინდისიერი ხასიათი აქვს, მაშინ ჟიურის უფლება აქვს ამ საჩივრისთვის გადახდილი მთელი ფულადი თანხა გადარიცხოს IPF-ის ანგარიშზე.


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity