მოძრაობების შესრულების წესი

პაუერლიფტინგის მოძრაობები და მათი შესრულების წესები

 


ჩაჯდომა


1. ჩაჯდომის შესასრულებლად ათლეტი ფიცარნაგზე სახით წინა მხარისკენ უნდა დადგეს, შტანგა კი მის წინ სადგამზე ჰორიზონტალურად უნდა განთავსდეს. მოძრაობის დაწყებამდე ათლეტი სადგამთან უნდა მივიდეს, შტანგას მხრებით შეუდგეს, ხელები გრიფს მოკიდოს და მოემზადოს შტანგის ჩამოსაღებად. ხელების მოკიდება გრიფზე შეიძლება საყელურებს შორის ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას, ასევე შეიძლება საყელურებზე შეხებაც. ამ დროს ხელის თითები შემოხვეული უნდა იყოს გრიფზე;


2. სასტარტო მდგომარეობის მისაღებად ათლეტმა შტანგა სადგამიდან უნდა ჩამოიღოს შემდეგ კი, ცოტა უკან დაიხიოს და მიიღოს უძრავი მდგომარეობა მუხლებში გაშლილი ფეხებით და ვერტიკალურად გასწორებული ტანით (ტანის მცირე გადახრა დასაშვებია). ათლეტს შეუძლია შტანგის ჩამოღების დროს გამოიყენოს ფიცარნაგზე მყოფი ასისტენტების დახმარება. ამ დროს შტანგის გრიფი ათლეტის მხრებზე ჰორიზონტალურად უნდა იდოს (იხილეთ: ნახაზი N4ა). როგორც კი ათლეტი სასტარტო მდგომარეობას მიიღებს მთავარმა მსაჯმა უნდა გასცეს ჩაჯდომის დასაწყები სიგნალი. სიგნალი მოიცავს: აწეული ხელის ქვემოთ დაშვებას და იმავდროულად მკვეთრ გასაგებ კომანდას “ჩაჯექი” (Squat). მოძრაობის დასაწყებად საჭირო სიგნალის მიღებამდე ათლეტს უფლება აქვს გააკეთოს ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც არ იკრძალება სასტარტო მდგომარეობის მისაღებად განსაზღვრული წესებით. თუ ათლეტმა შტანგის ჩამოღების შემდეგ 5 წამის განმავლობაში ვერ შეძლო მოძრაობის დასაწყებად სწორი სასტარტო მდგომარეობის მიღება უფროს მსაჯს, უსაფრთხოების მიზნით, შეუძლია ათლეტს მოთხოვოს შტანგის სადგამზე დაბრუნება, რისთვისაც იგი გასცემს მკვეთრ გასაგებ კომანდას “დააბრუნე” (Replace) და იმავდროულად ხელს უკან, ქვემოდან ზემოთ აწევს. ამის შემდეგ მთავარი მსაჯი ამცნობს მიზეზს რის გამოც არ იქნა გაცემული მოძრაობის დასაწყებად საჭირო კომანდა;


ნახ. N4

4ა) გრიფის სწორი მდებარეობა მხრებზე

4ბ) ჩაჯდომის სწორი სიღრმე



3. მთავარი მსაჯისგან მოძრაობის დასაწყებად საჭირო სიგნალის მიღების შემდეგ ათლეტმა ფეხები მუხლებში უნდა მოხაროს და ისე უნდა ჩაჯდეს, რომ ფეხების ზედა ნაწილი, მენჯბარძაყის არეში, მუხლის თავების ქვემოთ ჩავიდეს. ქვემოთ მოძრაობისათვის დასაშვებია მხოლოდ ერთი მცდელობა. მცდელობა გამოყენებულად ითვლება მას შემდეგ რაც ათლეტი მოძრაობის დასაწყებად მუხლებს მოხრის;

4. საჭირო სიღრმეზე ჩაჯდომის შემდეგ ათლეტი დამოუკიდებლად უნდა ადგეს და დაბრუნდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში ფეხების მუხლებში სრულად გაშლამდე. აკრძალულია ჩაჯდომის ქვედა მდგომარეობიდან ორჯერადი ადგომა (რხევები) ან ადგომის დაწყების შემდეგ ნებისმიერი ქვემოთ შესრულებული მოძრაობა. როცა ათლეტი ადგება და მიიღებს უძრავ მდგომარეობას (აშკარად დაასრულებს მოძრაობას), მთავარმა მსაჯმა უნდა გასცეს სიგნალი შტანგის სადგამზე დაბრუნების შესახებ;

5. შტანგის სადგამზე დაბრუნების სიგნალი მოიცავს: ხელის უკუმოძრაობას ქვემოდან ზემოთ და მკვეთრ გასაგებ კომანდას “სადგამზე” (Rack). ამ სიგნალზე ათლეტმა უნდა გადადგას ნაბიჯი წინ და შტანგა სადგამზე დააბრუნოს. მას შემდეგ რაც გაიცემა სიგნალი “სადგამზე” ათლეტის მიერ შესრულებული არც ერთი მოძრაობა არ შეიძლება ჩაითვალოს შედეგის გაუქმების მიზეზად. უსაფრთხოების მიზნით ათლეტს შეუძლია შტანგის სადგამზე დაბრუნების დროს მოითხოვოს ასისტენტების დახმარება, მაგრამ ამ დროს შტანგა ათლეტის ზურგზე უნდა რჩებოდეს;

6. ჩაჯდომის შესრულების დროს ფიცარნაგზე უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 დამზღვევი (ასისტენტი). მსაჯებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, მოძრაობის შესრულების თითოეულ ეტაპზე, ასისტენტების რა რაოდენობა 2, 3, 4 თუ 5 უნდა იმყოფებოდეს ფიცარნაგზე.

 


შეცდომები, რომლის გამო ჩაჯდომის შედეგები არ ჩაითვლება


1. მოძრაობის დაწყების და დამთავრების დროს მთავარი მსაჯის სიგნალების შეუსრულებლობა;

2. ჩაჯდომის ქვედა მდგომარეობიდან ორჯერადი ადგომა (რხევები) ან ადგომის დაწყების შემდეგ ნებისმიერი ქვემოთ გაკეთებული მოძრაობა;

3. მოძრაობის დაწყების ან/და დამთავრების დროს ვერ ხერხდება ტანის ვერტიკალურ მდგომარეობაში გასწორება და ფეხების მუხლებში ბოლომდე გაშლა;

4. მოძრაობის შესრულების დროს ნაბიჯის გადადგმა უკან ან წინ ან ფეხის ტერფის გვერდითი ჰორიზონტალური მოძრაობები. ფეხის წვერსა და ქუსლს შორის ტერფის ქანაობა დასაშვებია;

5. არასაკმარისი ჩაჯდომა, ე.ი. ჩაჯდომა ისე, რომ ფეხების ზედა ნაწილები მენჯბარძაყის სახსარში არ იქნა მუხლის თავებთან მიმართებაში ქვემოთ ჩატანილი (იხილეთ: ნახაზი N4ბ);

6. მოძრაობის გაადვილების მიზნით, მთავარი მსაჯის სიგნალებს შორის, შტანგის ან ათლეტის შეხება დამზღვევ პირებთან (ასისტენტებთან);

7. იდაყვებით ან მხრებით ფეხებთან შეხება. მსუბუქი შეხება, თუ ის ათლეტს შტანგის აწევაში არ დაეხმარება დასაშვებია;

8. მოძრაობის დამთავრების შემდეგ შტანგის ნებისმიერი ფორმით დაგდება ფიცარნაგზე;

9. ჩაჯდომის შესრულების წესებში მოცემული ნებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 


წოლჭიმი


1. წოლჭიმის სკამი ფიცარნაგზე ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი წინა (თავის) მხარე ფიცარნაგის წინა მხარის პარალელური იყოს ან შეადგინოს მასთან არაუმეტეს 450-იანი კუთზე;

2. ათლეტი სკამზე ზურგით ისე უნდა დაწვეს, რომ თავით, მხრებით და დუნდულებით სკამის ზედაპირს ეხებოდეს. დაწოლილ მდგომარეობაში ფეხის ტერფები ფიცარნაგის ზედაპირს მთლიანად უნდა ეხებოდეს (რამდენადაც ამის საშუალებას ფეხსაცმლის ფორმა იძლევა). ხელის თითები შემოხვეული უნდა იყოს გრიფზე, რომელიც სადგამზე დევს, ამასთან ცერა თითები გრიფზე შემოტარებული ე.ი. ჩაკეტილი უნდა იყოს. ათლეტმა ასეთი მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს მოძრაობის შესრულების განმავლობაში. ფეხის ტერფების მოძრაობა წოლჭიმის შესრულების დროს დასაშვებია, მაგრამ ისინი არ უნდა დაცილდეს ფიცარნაგს ან დამხმარე ბლოკებს (ტერფები ფიცარნაგს მთლიანად უნდა ეხებოდეს). გრძელი თმების შემთხვევაში ისინი არ უნდა ფარავდეს წოლჭიმის სკამზე დაწოლილი ათლეტის კეფას რისთვისაც მიზანშეწონილია მათი შეკვრა;

3. ტერფების დასადებად მყარი საფუძვლის მოწყობისათვის ათლეტს შეუძლია გამოიყენოს ასამაღლებელი ფირფიტები ან ბლოკები. ასეთი ბლოკები სიმაღლეში 30სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ზომებში უნდა იყოს არანაკლებ 60X40სმ. ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 5სმ; 10სმ; 20სმ; 30სმ სისქის სტანდარტული ფირფიტები ან ბლოკები;

4. წოლჭიმის შესრულების ნებისმიერ ეტაპზე ფიცარნაგზე უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 დამზღვევი (ასისტენტი). მას შემდეგ რაც ათლეტი დამოუკიდბლად დაიკავებს სწორ სასტარტო მდგომარეობას სკამზე, მას შეუძლია თხოვოს ასისტენტებს დაეხმარონ შტანგის სადგამიდან ჩამოღებაში. ასეთ შემთხვევაში ათლეტს შტანგა  გაშლილ ხელებში მიეწოდება;

5. გრიფზე მოკიდებულ ხელებს შორის დაშორება, რომელიც საჩვენებელ თითებს შორის იზომება, არ უნდა აღემატებოდეს 81სმ-ს (ორივე საჩვენებელი თითი მოქცეული უნდა იყოს 81სმ-იანი მონაკვეთის აღმნიშვნელი სათანადო ნიშნულების შიგნით ან უკიდურეს შემთხვევაში იმყოფებოდეს ამ ნიშნულებზე). აკრძალულია გრიფზე ხელების შემობრუნებულად ჩაჭიდება;

6. შტანგის სადგამიდან ჩამოღების შემდეგ (ასისტენტების დახმარებით ან მათ გარეშე) ათლეტმა შტანგა იდაყვებში სრულად გაშლილი ხელებით უნდა გააჩეროს და მოძრაობის დასაწყებად უნდა დაელოდოს მთავარი მსაჯის სიგნალს. როგორც კი ათლეტი შტანგას გაშლილი ხელებით გაასწორებს და მიიღებს უძრავ მდგომარეობას, დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს წოლჭიმის დასაწყები სიგნალი. თუ ათლეტმა შტანგის ჩამოღების შემდეგ 5 წამის განმავლობაში ვერ შეძლო სწორი სასტარტო პოზიციის დაკავება მთავარ მსაჯს, უსაფრთხოების მიზნით, შეუძლია ათლეტს მოთხოვოს შტანგის უკან სადგამზე დაბრუნება, რისთვისაც იგი გასცემს მკვეთრ გასაგებ კომანდას “დააბრუნე” (Replace) და იმავდროულად ხელს უკან ქვემოდან ზემოთ აწევს. ამის შემდეგ მთავარი მსაჯი ამცნობს მიზეზს რის გამოც არ იქნა გაცემული მოძრაობის დაწყებისთვის საჭირო კომანდა;

7. მოძრაობის დაწყების სიგნალი მოიცავს: ზემოთ აწეული ხელის ქვემოთ დაშვებას და იმავდროულად მკვეთრ გასაგებ კომანდას “სტარტი” (Start);

8. სიგნალის მიღების შემდეგ ათლეტმა შტანგა მკერდზე ან მუცლის არეზე უნდა დაუშვას (გრიფი არ უნდა შეეხოს ქამარს) და უნდა გააჩეროს ის უძრავ მდგომარეობაში. ამის შემდეგ მთავარი მსაჯი წოლჭიმის შესრულებისთვის გასცემს მკვეთრ გასაგებ კომანდას “აჭიმე” (Press). ამ კომანდის მიღების შემდეგ ათლეტმა შტანგა ზემოთ, ხელების იდაყვებში სრულად გაშლამდე, უნდა აჭიმოს და ისე დააფიქსიროს. შტანგის ასეთ მდგომარეობაში დაფიქსირების შემდეგ მთავარმა მსაჯმა უნდა გასცეს მკვეთრი გასაგები კომანდა “სადგამზე” (Rack) და იმავდროულად შეასრულოს ხელის უკუმოძრაობა ქვემოდან ზემოთ. თუ ათლეტმა გრიფი ჩაიტანა ქამრამდე და 5 წამი გააჩერა მთავარი მსაჯი გასცემს კომანდას  “სადგამზე” (Rack).

 

 

IPF-ის მიერ ჩატარებულ წოლჭიმის შეჯიბრებებზე

ინვალიდების ასპარეზობის წესები

 

წოლჭიმის ჩემპიონატებზე არ უნდა მოხდეს ინვალიდი სპორტსმენების ცალკე სპეციალურ ჯგუფად გამოყოფა. უსინათლო, მხედველობა დაქვეითებულ და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენებს წოლჭიმის სკამთან მისვლის და უკან დაბრუნების დროს შეიძლება გაეწიოს დახმარება. დახმარებაში იგულისხმება მწვრთნელის დახმარება ან/და ყავარჯნების, ხელჯოხების ან ინვალიდის ეტლის გამოყენება.

შეჯიბრების წესები საერთოა ყველასთვის ვისაც შეუძლია თავისი სხეულის მართვა. იმ სპორტსმენებისთვის ვისაც ამპუტირებული აქვთ ქვედა კიდურები პროტეზები განიხილება ბუნებრივ კიდურებად. ასეთი ათლეტები უნდა აიწონონ პროტეზების გარეშე, შემდეგ კი უნდა მოხდეს მათი წონის კორექტირება (გაზრდა) სპეციალური კოეფიციენტების გამოყენებით (იხილეთ: თავი “აწონვები”). იმ ათლეტებისთვის, რომლებსაც ქვედა კიდურები პარალიზებული აქვთ და გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ სპეციალური დამხმარე ღვედები ან სხვა მოწყობილობები აწონვები უნდა ჩატარდეს ამ მოწყობილობების მოუხსნელად და ისინი განიხილება, როგორც ათლეტის ბუნებრივი კიდურების ნაწილი.

 


შეცდომები, რომლის გამო წოლჭიმის შედეგები არ ჩაითვლება


1. მოძრაობის დაწყების, მიმდინარეობის და დამთავრების დროს მთავარი მსაჯის სიგნალების შეუსრულებლობა;

2. მოძრაობის შესრულების დროს საწყისი მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილება ე.ი. თავის, მხრების ან დუნდულების აწევა სკამიდან ან ხელების გადაადგილება გრიფზე;

3. გრიფის მკერდზე ან მუცლის არეზე უძრავად დაფიქსირების შემდეგ მისი დაშვება და შემდეგ აწევა (აკვრა) ისე, რომ ამით გაადვილდეს შტანგის აწევა;

4. აჭიმვის დაწყების შემდეგ შტანგის ნებისმიერი ფორმით ქვემოთ დაშვება;

5. გრიფი მკერდამდე ან მუცლის არემდე არ იქნა დაშვებული ე.ი. მკერდამდე ან მუცლის არემდე არ მიაღწია ან შეეხო ქამარს;

6. შტანგის არასრული აჭიმვა ე.ი. მოძრაობის დასრულების დროს ხელები იდაყვებში ბოლომდე არ იქნა გაშლილი და დაფიქსირებული;

7. მოძრაობის გაადვილების მიზნით, მთავარი მსაჯის სიგნალებს შორის, შტანგის ან ათლეტის შეხება დამზღვევ პირებთან (ასისტენტებთან);

8. ათლეტის ფეხით ნებისმიერი შეხება წოლჭიმის სკამთან ან მის ფეხებთან;

9. აჭიმვის დროს გრიფის მიზანმიმართული შეხება სადგამის ბიგებთან რაც გაადვილებს შტანგის აწევას;

10. წოლჭიმის შესრულების წესებში მოცემული ნებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.

 


ამოწევა


1. ამოწევის შესასრულებლად ათლეტი ფიცარნაგზე სახით წინა მხარისკენ უნდა დადგეს, შტანგა კი მის ფეხებთან ჰორიზონტალურად უნდა განთავსდეს. მოძრაობის დასაწყებად მსაჯის სიგნალი საჭირო არ არის. ათლეტმა შტანგას ორივე ხელი თავისუფალი მოჭიდებით უნდა მოკიდოს და უნდა ამოწიოს მანამ, სანამ ვერტიკალურ მდგომარეობამდე არ გასწორდება;

2. ამოწევის დამთავრების შემდეგ ფეხები მუხლებში ბოლომდე გასწორებული, მხრები კი უკან გადაწეული უნდა იყოს;

3. როგორც კი ათლეტი შტანგას სრულად ამოწევს და ვერტიკალურ მდგომარეობაში გასწორდება მთავარი მსაჯი დაუყოვნებლივ გასცემს სიგნალს, რომელიც მოიცავს: აწეული ხელის ქვემოთ დაშვებას და იმავდროულად მკვეთრ გასაგებ კომანდას “დაუშვი” (Down). ასეთი სიგნალი არ გაიცემა მანამ, სანამ ათლეტი შტანგას უძრავად არ გააჩერებს და არ დადგება ფინალურ მდგომარეობაში;

4. შტანგის ნებისმიერი ფორმით წამოწევა ან მისი აწევის მიზანმიმართული მცდელობა უკვე ითვლება ერთ მისვლად. ამოწევის დაწყების შემდეგ არ დაიშვება შტანგის ქვემოთ დაშვება მანამ, სანამ ათლეტი ბოლომდე არ გასწორდება, მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და გაასწორებს ფეხებს მუხლებში. თუ შტანგის ძირს დაშვება გამოწვეულია მხრების უკან გადაწევით (მსუბუქი მოძრაობა, რომელიც სრულდება ამოწევის დასრულების დროს), მაშინ ის არ უნდა იყოს შედეგის გაუქმების მიზეზი.

 


შეცდომები, რომლის გამო ამოწევის შედეგები არ ჩაითვლება


1. ამოწევის დაწყების შემდეგ, საბოლოო მდგომარეობის მიღებამდე, შტანგის ნებისმიერი ფორმით ქვემოთ დაშვება;

2. მოძრაობის დასრულებისას ათლეტი ვერ ახერხებს ტანის ვერტიკალურად გასწორებას და მხრების უკან გადაწევას;

3. მოძრაობის დასრულებისას ათლეტი ვერ ახერხებს ფეხების მუხლებში სრულად გაშლას;

4. შტანგის ბარძაყებზე დაყრდნობით ამოწევა (იხილეთ: ნახაზი N5). თუ შტანგა ამოწევის დროს ბარძაყებზე მხოლოდ მიცურავს და მათ არ ეყრდნობა მაშინ ეს არ არის შედეგის გაუქმების მიზეზი. ყოველგვარი ეჭვის შემთხვევაში მსაჯებმა გადაწყვეტილება ათლეტის სასარგებლოდ უნდა მიიღონ;

5. მოძრაობის შესრულების დროს ნაბიჯის გადადგმა წინ ან უკან ან ფეხის ტერფის გვერდითი ჰორიზონტალური მოძრაობები. ფეხის წვერსა და ქუსლს შორის ტერფის ქანაობა დასაშვებია. ასევე დასაშვებია ფეხის მოძრაობა მსაჯის მიერ სიგნალი “დაუშვი”-ს გაცემის შემდეგ;

6. შტანგის დაშვება, მთავარი მსაჯის მიერ შესაბამისი სიგნალის გაცემამდე;

7. ამოწეული შტანგის ფიცარნაგზე დაშვება ორივე ხელით კონტროლის გარეშე ე.ი. შტანგის ფიცარნაგთან შეხებამდე მისი ხელიდან გაშვება (დაგდება);

8. ამოწევის წესებში მოცემული ნებისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა.


ნახ. N5 შტანგის ამოწევა ბარძაყებზე დაყრდნობით


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity