ეკიპირება

ათლეტის ეკიპირება

 


სპორტული კოსტიუმები

 

დამხმარე კოსტიუმები

პაუერლიფტინგის (ძალისმიერი სამჭიდის) და წოლჭიმის შეჯიბრებებზე შეიძლება მხოლოდ იმ დამხმარე კოსტიუმების გამოყენება, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირებული და მოწონებულია IPF-ის ტექნიკური კომიტეტის მიერ. ასეთი ეკიპირების ჩამონათვალი IPF-ის მიერ დარეგისტრირებული იქნა 01.07.2010 წელს და ის არ შეიცვლება 31.12.2014 წლამდე (სრულად).

 

არადამხმარე კოსტიუმები

ეს არის ელასტიკური მასალისაგან დამზადებული კომბინიზონის ტიპის სტანდარტული კოსტიუმები, რომლებიც გამოიყენება ძალოსნობაში, ჭიდაობაში და ტანვარჯიშში.

ასეთი კოსტიუმების შეჯიბრებებში გამოყენებისათვის, თუ ისინი აკმაყოფილებენ აღნიშნული თავის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემულ მოთხოვნებს, ტექნიკური კომიტეტის ნებართვა საჭირო არ არის.

ათლეტები შეჯიბრებებზე უნდა გამოვიდნენ პაუელიფტინგის კოსტიუმით, რომელიც დამზადებულია მთელ სიგრძეზე ერთიანი და ერთ ფენიანი წელვადი (stretch) მასალისაგან. კოსტიუმს არ უნდა ქონდეს ზემოდან დაკერებული დეტალები, სარჩულები ან ნაკერები თუ ეს არ არის კოსტიუმის დასამზადებლად აუცილებელი. თუ ტექნიკური კომიტეტი, ჟიური ან მათი არ ყოფნის შემთხვევაში მსაჯები გადაწყვეტენ, რომ კოსტიუმზე გაკეთებული ნებისმიერი ნაკერი, ზემოდან დაკერებული  დეტალი ან სხვა ელემენტი გაკეთებულია უშუალოდ მის გასაძლიერებლად ან გასამაგრებლად, ასეთი კოსტიუმით შეჯიბრზე გამოსვლა უნდა აიკრძალოს. ჩაცმული კოსტიუმი ათლეტის ტანზე კარგად უნდა იყოს მომდგარი (შემოჭერილი) და არ უნდა იყოს მოშვებული.

ასპარეზობებზე ყოველი საშეჯიბრო მოძრაობის შესრულების დროს ათლეტს კოსტიუმის რემნები მხრებზე უნდა ქონდეს გადაცმული.

 

პაუერლიფტინგის კოსტიუმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


1. კოსტიუმი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ერთფერიანი ან მრავალფერიანი;

2. კოსტიუმზე შეიძლება დატანილი იქნას, ათლეტის გამომყვანი ქვეყნის, ეროვნული ფედერაციის (ასოციაციის) ან სპონსორის განმასხვავებელი ნიშანი, ემბლემა, გერბი ან/და დასახელება. აკრძალულია კოსტიუმზე შეურაცხმყოფელი ან სპორტის დისკრედიტაციის შემცველი წარწერების დატანა (იხილეთ: თავი “ათლეტის ეკიპირება - სპონსორების ლოგოები”). ათლეტის გვარი ან სახელი შეიძლება დატანილი იქნას, როგორც კოსტიუმზე ისე ეკიპირების ნებისმიერ ელემენტზე;

3. ნაკერები და ნაკერის ამობურცული ზოლები არ უნდა იყოს 3სმ-ზე ფართე და 0,5სმ-ზე სქელი. 3სმ-ზე ფართე ნაკერები და ნაკერის ზოლები შეიძლება ქონდეს მხოლოდ ძალოსნობის ან ჭიდაობის სპეციალურ ტრიკოებს (ფინკა), რომლებიც არ მიეკუთვნება დამხმარე კოსტიუმებს. გარდა ამისა მათ შორისებში შეიძლება ქონდეთ 12×24სმ ზომის ერთი და იგივე მასალის ორი ფენა;

4. ნაკერები შეიძლება დაცული ან გამაგრებული იყოს არაუმეტეს 2სმ სიგანისა და 0,5სმ სისქის ნაჭრის ან წელვადი მასალის ვიწრო ზოლით;

5. კოსტიუმს უნდა ქონდეს მოკლე ტოტები, რომლის სიგრძე შიგნითა მხარეზე, ტოტებს შორისი შუა წერტილიდან, არ უნდა იყოს 3სმ-ზე მოკლე და 15სმ-ზე გრძელი. გაზომვა ხორციელდება ტოტებს შორის გამავალი შუალედური ნაკერიდან ტოტების შიდა ხაზის გასწვრივ. აუცილებელი არ არის ტოტების ბოლოები შეკეცილი იყოს ფეხის ტერფების პარალელურად. ფეხის შიდა მხარეზე ტოტები შეიძლება იყოს მოკლე ვიდრე გარეთ. არადამხმარე კოსტიუმის ტოტების სიგრძე შეიძლება აღწევდეს 25სმ-ს;

6. ნებისმიერი კოსტიუმი, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს უნდა ჩაითვალოს უკანონოდ და უნდა აიკრძალოს შეჯიბრებაზე გამოსაყენებლად;

7. ტანზე ზუსტად მორგების მიზნით კოსტიუმის ან დამხმარე მაისურის გადაკეთება ჩაკერებით არ იკრძალება, მაგრამ ჩაკერება უნდა მოხდეს მწარმოებლის მიერ გაკეთებული ორიგინალი ნაკერის ადგილზე. კოსტიუმის და მაისურის არაფაბრიკული გადაკეთება ჩაკერებით დასაშვებია, თუ ისინი შესრულებული იქნება ნაკეცის სახით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკეცები შესრულებული უნდა იყოს მხოლოდ ფაბრიკულ ორიგინალურ ნაკერებზე და კოსტიუმის ან მაისურის შიგნითა მხრიდან. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესრულებული იქნება კოსტიუმის ან მაისურის მწარმოებლის მიერ გაკეთებული ნაკერების მიღმა ითვლება უკანონოდ. ნაჭრის ჩაკეცილი ნაწილი თავად კოსტიუმზე არ უნდა მიეკეროს;

8. ჩაკეცილი მონაკვეთის თავად კოსტიუმზე მიკერება დასაშვებია მხოლოდ კოსტიუმის რემნების დამოკლების დროს, როცა ნაკეცის სიგრძე 3სმ-ს აღემატება. ამ დროს ზედმეტი ნაწილი რემნის ქვემოდან უნდა ჩაიკეცოს და დამაგრდეს. თუ ნაკეცის სიგრძე  3სმ-ს არ აღემატება ის ნაჭერზე არ მიეკერება და შეიძლება ისე დარჩეს. დაუშვებელია კოსტიუმის გადაკეთების დროს ჩაკეცილი, ზედმეტი ნაჭრის მოჭრა.

 


მოკლე მკლავიანი მაისური / დამხმარე მაისური


მოკლე მკლავიანი მაისური ჩვეულებრივი მაისურია, რომელიც მიეკუთვნება არადამხმარე ეკიპირებას და ცნობილია სახელით T-მაისური”.


დამხმარე მაისური სპეციალური მაისურია, რომელიც შეკერილი უნდა იყოს ერთ ფენოვანი წელვადი მასალისაგან.

მოკლე მკლავიანი მაისური ისევე, როგორც დამხმარე მაისური ჩაიცმება პაუერლიფტინგის კოსტიუმის ქვემოთ. ისინი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის ერთფერიანი ან მრავალფერიანი. მოკლე მკლავიანი მაისური ან დამხმარე მაისური მამაკაცებმა ჩაჯდომის და წოლჭიმის შესრულების დროს აუცილებლად უნდა ჩაიცვან, ამოწევის შესრულების დროს კი მათი ჩაცმა სავალდებულო არ არის. აკრძალულია ერთდროულად ორივე მაისურის ჩაცმა. ქალები პაუერლიფტინგის სამივე მოძრაობის შესრულების დროს ვალდებულნი არიან ჩაიცვან T-მაისური ან დამხმარე მაისური.

დამხმარე მაისურები, რომლებიც დამტკიცებულია IPF-ის ტექნიკური კომიტეტის მიერ და შეტანილია ნებადართული ეკიპირებისა და ტანსაცმლის სიის პერიოდულ გამოიცემაში, შეიძლება გამოყენებული იქნას პაუერლიფტინგის ყველა მოძრაობის შესრულების დროს. დამხმარე მაისურები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას რაც წაყენებული არის მოკლემკლავიანი მაისურებისადმი. დამხმარე მაისური არ უნდა იყოს ისეთი გრძელი, რომ კოსტიუმში ჩატნევის შემდეგ დაფაროს დუნდულები, რათა ამითი არ წარმოქმნას დამატებითი დამხმარე ფაქტორი. ნაკერები შეიძლება იყოს მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში (იხილეთ: ნახაზი N2). დამხმარე მაისურის გადაკეთების დროს დასაშვებია მხოლოდ სახელოების ჩაკერება ისიც იმ პირობით, რომ ჩაკერება უნდა მოხდეს ნაკეცების სახით და სახელოს მთელ სიგრძეზე. ნაკეცები უნდა გაკეთდეს შიგნიდან და დაემთვას მწარმოებლის მიერ გაკეთებულ ნაკერებს. ჩაკერების დროს მიღებული ნაკეცები თავად ნაჭერზე არ უნდა მიეკეროს.

 


მოკლე მკლავიანი მაისური უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

1. არ უნდა შეიცავდეს რაიმე რეზინისმაგვარ ან მსგავს წელვად მასალას;

2. არ უნდა ქონდეს ჯიბეები, ღილები, ბალთები, ელვა, საყელო ან V-ს მაგვარი ამოჭრილები;

3. არ უნდა ქონდეს გაძლიერებული ნაკერები;

4. დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ბამბის ან პოლიესტერის (სინთეზური ბოჭკოს) მასალისგან ან ბამბისა და პოლიესტერის კომბინირებული მასალისგან. ჯინსისმაგვარი მასალა არ დაიშვება;

5. სახელოები არ უნდა ქონდეს გრძელი (იდაყვის ქვემოთ ჩამოშვებული) ან მოკლე (დელტის კუნთებზე გადაჭრილი). IPF-ის შეჯიბრებებზე გამოსვლის დროს სპორტსმენს არ შეუძლია მაისურის მკლავების აკეცვა ან აჭიმვა დელტის კუნთების ზემოთ. აკრძალულია T-მაისურის ამობრუნებულ (შიდა მხარით გარედან) მდგომარეობაში ჩაცმა. შესაძლებელია ჩაჯდომისა და ამოწევისთვის განკუთვნილ დამხმარე მაისურებს არ ქონდეს ჩვეულებსივი სახელოები, მაგრამ ისინი დელტის კუნთებს აუცილებლად უნდა ფარავდნენ;

6. არ უნდა ქონდეს უცხო წარწერები. წარწერები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის იმ შეჯიბრების ოფიციალური მაისური რომელზეც სპორტსმენი ასპარეზობს და მასზე გამოსახულია შეჯიბრების სიმბოლიკა, ან მასზე გამოსახულია ქვეყნის, ეროვნული ან რეგიონალური ფედერაციის ან სპონსორის გერბი (ემბლემა) ან/და სახელი. აკრძალულია წარწერები, რომლებიც შეურაცხმყოფელი ხასიათიასაა ან ახდენენ სპორტის დისკრედიტაციას. სპონსორის ლოგო მაისურზე დაიტანება დადგენილი წესით (იხილეთ: თავი “ათლეტის ეკიპირება - სპონსორების ლოგოები”).


ნახ. N2 ნაკერების ადგილები მაისურზე

 

აკრძალულია მწარმოებლის მიერ მოწოდებული და IPF-ის ტექნიკური კომიტეტის მიერ დამტკიცებული წოლჭიმის ორიგინალური მაისურის ნებისმიერი სახით გადაკეთება ან მანიპულაცია. ჩაცმული მაისური სრულად უნდა ფარავდეს სპორტსმენის დელტისებრ კუნთებს, როგორც ეს ნახაზ N2-ზე მე-2 ისრითაა ნაჩვენები.

 

 

ტრუსები


პაუერლიფტინგის კოსტიუმის ქვემოთ ათლეტმა აუცილებლად უნდა ჩაიცვას ბამბის, ნეილონის ან პოლიესტერის (სინთეზური ბოჭკოს) მასალისგან შეკერილი სტანდარტული ფაბრიკული წარმოების ბანდაჟი ან ტრუსები (არა მოკრივის შორტები).

ქალებს ასევე შეუძლიათ ჩაიცვან ფაბრიკული ან სპორტული ლიფი.

არ დაიშვება კოსტიუმის ქვემოდან საცურაო ტრუსების ან სხვა სახის ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც შეიცავს მორეზინებულ ან მსგავს წელვად მასალას. ტრუსებში რეზინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ წელზე შემოსაჭერი ზონარის სახით.

არანაირი დამხმარე ქვედა თეთრეული IPF-ის შეჯიბრებებზე არ დაიშვება.

 


წინდები


წინდების ჩაცმა შეიძლება შემდეგი მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში:

 

1. წინდები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ერთფერიანი ან მრავალფერიანი. მათზე შეიძლება გამოისახოს მწარმოებლის საფირმო ნიშანი;

2. წინდები უნდა იყოს ისეთი სიგრძის, რომ არ ეხებოდეს მუხლის სახვევებს ან სამუხლეებს;

3. მკაცრად იკრძალება ჩულქების, მჭიდრო სახვევების ან გეტრების ჩაცმა ფეხის მთელ სიგრძეზე. ფეხის წვივების დამცველი წინდების ჩაცმა უნდა მოხდეს ამოწევის შესრულების დროს.

 


ქამარი


შეჯიბრების მონაწილეს შეუძლია ქამრის გამოყენება (იხილეთ: ნახაზი N3). სპორტსმენმა ქამარი კოსტიუმის გარედან უნდა გაიკეთოს.

 

ქამრის მასალა და კონსტრუქცია:

 

1. ქამრის ძირითადი ნაწილი დამზადებული უნდა იყოს ტყავის, პოლივინილის ან სხვა მსგავსი არაწელვადი მასალის, ერთი ან/და რამდენიმე ერთმანეთზე შეწებებული ან გადაკერებული ფენისგან;

2. ქამარს არც გარედან და არც შიგნიდან არ უნდა ქონდეს სხვა მასალისგან გაკეთებული დამატებითი რბილი საფენები ან დამაგრებები;

3. ქამარს ერთ ბოლოზე უკეთდება ბალთა,  რომელიც მაგრდება კნოპებით ან/და მიკერებით;

4. ქამარს შეიძლება ქონდეს ბალთა 1 ან 2 კავით ან სპეციალური საკეტი;

5. ბალთის გვერდით კეთდება ქამრის ენის დამჭერი რგოლი, რომელიც მაგრდება კნოპებით ან/და მიკერებით;

6. ქამრის გარეთა მხარეზე შეიძლება განთავსდეს ათლეტის სახელი და იმ ქვეყნის ან კლუბის დასახელება, რომლის სახელითაც ასპარეზობს ათლეტი.

 

ქამრის ზომები:

 

1. ქამრის სიგანე მაქსიმუმ 10სმ.

2. ქამრის სისქე მის ძირითად ნაწილზე მაქსიმუმ 13მმ.

3. ბალთის შიდა სიგანე არაუმეტეს 11სმ.

4. ბალთის გარე სიგანე მაქსიმუმ 13სმ.

5. ქამრის ენის დამჭერი რგოლის სიგანე მაქსიმუმ 5სმ.

6. დაშორება ქამრის სათავიდან (ბალთასთან) ქამრის ენის დამჭერი რგოლის შორეულ წერტილამდე მაქსიმუმ 25სმ.


ნახ. N3 ქამრის ზომების საკონტროლო ელემენტები

 

 

ფეხსაცმელი ან ჩექმები


პაუელიფტინგის მოძრაობების შესრულების დროს ათლეტმა უნდა ჩაიცვას ფეხსაცმელი.

1. ფეხსაცმელის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელი ან ჩექმები, ბოტასები, ძალოსნობის ან პაუერლიფტინგის სპეციალური ჩექმები ან ამოწევის ფლოსტები. ზემოთ ჩამოთვლილი ფეხსაცმელი მიეკუთვნება სპოტულ ფეხსაცმელს, რომლებიც გამოიყენება ყველა სპორტის სახეობაში, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა ჭიდაობა, კალათბურთი და ა.შ. ყოველდღიური მოხმარების ფეხსაცმელი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება;

2. ფეხსაცმლის ძირის არც ერთი ნაწილი სისქეში არ უნდა აღემატებოდეს 5სმ-ს;

3. ფეხსაცმლის ძირი უნდა იყოს სწორი ე.ი. ყოველგვარი შვერილების გარეშე და ამასთანავე არ უნდა იყოს სტანდარტულიდან გადაკეთებული;

4. შიდა ლანჩის სისქე თუ ის არ წარმოადგენს ფაბრიკულად შეკერილი ფეხსაცმლის ნაწილს არ უნდა აღემატებოდეს 1სმ-ს.

 


სახვევები


სახვევები ან ბინტები დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამზადებულია ელასტიკური, ერთ ფენიანი, ფაბრიკული მასალისგან: პოლიესტერის (სინთეზური ბოჭკოს), ბამბის ან მათგან კომბინირებული მასალისგან ან სამედიცინო კრეპისგან;

 

მაჯების სახვევები

1. მაჯების სახვევები თავისი ზომებით არ უნდა აღემატებოდეს სიგრძეში 1მ-ს და სიგანეში 8სმ-ს. სახვევებზე შესაკრავად მიმაგრებული ნებისმიერი მარყუჟი ან ფხრიწიანი შესაკრავი ასევე უნდა ჩაითვალოს მის სიგრძეში. სახვევებზე, მათი საიმედოდ ჩაკეტვის მიზნით, შეიძლება მიმაგრებული იქნას ყულფი. შტანგის აწევის დროს ყულფი არ უნდა იყოს გადაცმული ცერა ან სხვა თითებზე;

2. ალტერნატიულ საშუალებად შეიძლება გამოყენებული იქნას ელასტიური ბინტი, რომლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 12სმ-ს. დაუშვებელია სახვევის და ელასტიკური ბინტის ერთდროულად გამოყენება;

3. სახვევი მაჯაზე ისე უნდა იქნას დახვეული, რომ მაჯის ზემოთ არაუმეტეს 10სმ, მაჯის ქვემოთ კი არაუმეტეს 2სმ გადადიოდეს. ე.ი. დახვევის მთლიანი სიგანე 12სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

მუხლების სახვევები

4. მუხლების სახვევები თავისი ზომებით არ უდა აღემატებოდეს სიგრძეში _ 2მ-ს და სიგანეში _ 8სმ-ს. მუხლებზე ბინტები ზემოთაც და ქვემოთც 15 სმ-ზე იხვევა ე.ი. დახვევის საერთო სიგანე არ უნდა აღემატებოდეს _ 30სმ-ს. სახვევის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნას ელასტიკური დამხმარე სამუხლეები, რომლის სიგრძე არ აღემატება 30სმ-ს. ასევე დასაშვებია სამუხლეები და სამედიცინო (ქირურგიული) სახვევები, რომლის სიგრძე 30სმ-ია. მკაცრად იკრძალებაBსახვევის და სამუხლეების ერთდროულად გამოყენება. რეზინის საფუძველზე დამზადებული მასალა შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სამუხლეებში;

5. მუხლის სახვევები არ უნდა ეხებოდეს წინდებს ან კოსტიუმს;

6. დაუშვებელია სახვევების გამოყენება სხეულის სხვა ადგილებში.

 

დამხმარე სახვევები

პაუერლიფტინგის შეჯიბრებებზე დაიშვება მხოლოდ იმ დამხმარე სახვევების გამოყენება, რომლებიც ფაბრიკული წარმოებისაა და რომლებიც დარეგისტრირებული და მოწონებულია IPF-ის ტექნიკური კომიტეტის მიერ.

არადამხმარე სახვევები

სამედიცინო კრეპისგან დამზადებული სახვევების ან ჩვეულებრივი სამედიცინო ბანდაჟების და ელასტიკური ბინტების გამოყენების შემთხვევაში IPF-ის ტექნიკური კომიტეტის ნებართვა საჭირო არ არის.

7. სამედიცინო ლეიკოპლასტირის დახვევა, ორ ფენად, შეიძლება მხოლოდ ცერა თითებზე. სამედიცინო ლეიკოპლასტირის ან მისი ანალოგის გამოყენება სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილზე, ჟიურის ან მთავარი მსაჯის ოფიციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია. სამედიცინო ლეიკოპლასტირი არ უნდა იქნას გამოყენებული ისე, რომ ის ათლეტს სიმძიმის აწევაში დაეხმაროს;

8. ტრამვის შემთხვევაში ათლეტის სხეულის ტრამვირებულ ადგილებზე სამედიცინო ლეიკოპლასტირის დადება, ჟიურის ნებართვით, შეუძლია ოფიციალურ მორიგე ექიმს ან მორიგე ფერშალს, მაგრამ ისე, რომ ლენტა ათლეტს შტანგის აწევაში უპირატესობას არ უნდა აძლევდეს;

9. ყველა იმ შეჯიბრებაზე სადაც ჟიური და მორიგე სამედიცინო პერსონალი არ არის სამედიცინო ლეიკოპლასტირის გამოყენების ნებართვას გასცემს მთავარი მსაჯი.

 


ათლეტის ეკიპირების შემოწმება


1. ეკიპირების შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შეჯიბრების ნებისმიერ დროს, მაგრამ აუცილებლად ათლეტის გამოსვლამდე, არანაკლებ 20 წუთით ადრე. შემოწმების დრო შეიძლება გამოცხადებული იქნას ტექნიკურ შეხვედრაზე;

2. შემოწმების ჩასატარებლად ინიშნება მინიმუმ 2 მსაჯი. ეკიპირების ყველა დეტალი შემოწმებული და ნებადართული უნდა იყოს მანმადე, სანამ მოხდება მათი ოფიციალური მარკირება;

3. სახვევები, რომელთა სიგრძე დასაშვებს აღემატება უნდა აიკრძალოს, მაგრამ შეიძლება მათი გადაკეთება (დამოკლება) დასაშვებ სიგრძემდე და შემოწმებაზე ხელმეორედ წარმოდგენა;

4. უნდა აიკრძალოს ფორმის და ეკიპირების ნებისმიერი ელემენტი, თუ მას აქვს განუსაზღვრელი იერსახე ან არის დახეული (დაზიანებული);

5. შემოწმების დამთავრების შემდეგ შედგება შემოწმების ოქმი, რომელიც ხელმოწერის შემდეგ გადაეცემა ჟიურის თავმჯდომარეს;

6. შემოწმების შემდეგ, თუ ათლეტი ფიცარნაგზე მაინც აკრძალული ფორმით ან ეკიპირებით გამოვა, გარდა იმისა რაც მსაჯების მიერ ნებადართული იქნა უყურადღებობის გამო, მაშინ ათლეტი დაუყოვნებლივ დისკვალიფიცირებული უნდა იქნას აღნიშნული შეჯიბრებიდან;

7. შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ეკიპირების ყველა ნივთს, რომელიც განხილული იქნა ამ თავში (იხილეთ თავი: “სპორტსმენის ეკიპირება”);

8. თავსაბურავის ტარება ფიცარნაგზე გამოსვლის დროს მკაცრად იკრძალება. შემოწმებას არ საჭიროებს ისეთი ნივთები, როგორიცაა: საათი, საიუველირო ნაკეთობები, სათვალეები და ქალის ჰიგიენური აქსესუარები;

9. მსოფლიო რეკორდზე მისვლის წინ ათლეტი შემოწმებული უნდა იქნას ტექნიკური კონტროლიორის მიერ. შემოწმების დროს, თუ ათლეტს აღმოუჩენენ ფორმის და ეკიპირების აკრძალულ ელემენტებს, გარდა იმისა რაც მსაჯების მიერ ნებადართული იქნა უყურადღებობის გამო, მაშინ ათლეტი დაუყოვნებლივ დისკვალიფიცირებული უნდა იქნას აღნიშნული შეჯიბრებიდან.

 


სპონსორების ლოგოები


ქვეყნებმა ან ათლეტებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ისარგებლონ დადგენილი წესებით და კოსტიუმზე ან ეკიპირების ელემენტებზე გამოსახონ სპონსორის ლოგოები ნებართვისთვის უნდა მიმართონ IPF-ის გენერალურ მდივანს. ამისათვის საჭირო აპლიკაცია უნდა შეივსოს და გაიგზავნოს, შეჯიბრების დაწყების გამოქვეყნებულ თარიღამდე, არაუგვიანეს 3 თვით ადრე. აპლიკაციის შევსების პარალელურად უნდა მოხდეს შესაბამისი გადასახადის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს IPF-ის ადმინისტრაცია. ნებართვის მიღების შემდეგ სპონსორის ლოგო შეიძლება დატანილი იქნას იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია IPF-სა და ეროვნულ ფედერაციის ან ათლეტის შეთანხმებაში. ნებართვის აღების შემდეგ ქვეყანას ან სპორტსმენს უფლება ეძლევა სპონსორის ლოგო გამოიყენოს მიმდინარე წლის ბოლომდე და მთელი მომდევნო კალენდალური წლის განმავლობაში. ერთი გადახდილი საფასური მხოლოდ ერთი სპონსორის ლოგოს ტარების უფლებას იძლევა. სხვა სპონსორებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ფორმის ან პირადი ეკიპირების ნივთებზე თავიანთი ლოგოები დაამატონ იგივე პროცედურა დამოუკიდებლად უდა გაიარონ.

IPF უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს სპონსორის ემბლემის დატანაზე, თუ ჩათვლის, რომ ემბლემა არ აკმაყოფილებს ესთეტიკურ მოთხოვნებს ან მისი გამოსახვა გამოიწვევს IPF-ის მიერ სხვა პარტნიორების მიმართ (მაგალითად, ტელევიზიის, ჩემპიონატის ორგანიზატორების და ა.შ.) მანამდე აღებული ვალდებულებების დარღვევას. IPF-ის აღმასრულებელი კომიტეტი უფლებას იტოვებს დააწესოს შეზღუდვები სპონსორის ლოგოების ზომებზე.

ქვეყანას ან სპორტსმენს ეროვნული სიმბოლიკის (დროშა, გერბი) და ნიშნების ფორმაზე და ეკიპირების ნივთებზე გამოსახვა შეუძლია საფასურის გადახდის გარეშე. დამატებითი საფასური ასევე არ არის საჭირო ფორმაზე და ეკიპირების ნივთებზე გამოსახული მწარმოებლის საფირმო ნიშნისათვის, თუ ის ნებადართულია IPF-ის მიერ და საფასურიც უკვე გადახდილია.

სპორტსმენებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთ ეკიპირებაზე გამოიყენონ სპონსორის ლოგოები, რომლებიც არ არის ასახული IPF-ის მიერ მოწონებულ ეკიპირების სიაში, ფორმის შემმოწმებელ მსაჯებს უნდა წარუდგინონ სათანადო, ძალაში მყოფი, ნებართვა და საფასურის გადახდის ქვითარი.

არადამხმარე კოსტიუმებზე, მოკლემკლავიან მაისურებზე და ქამრებზე დასაშვებია მწარმოებელი ფირმის ლოგოების დაბეჭდვა ან ამოქარგვა არაუმეტეს 10×2სმ ზომით. მწარმოებელი ფირმის ლოგო შესაძლოა იმავდროულად მის ემბლემასაც გამოსახავდეს.

 


საერთო მოთხოვნები


1. მკაცრად იკრძალება ზეთის, ცხიმის ან სხვა შესაზეთი ნივთიერებების გამოყენება ტანზე ან ეკიპირების ნივთებზე;

2. დასაშვებია საბავშვო პუდრის, კონოფოლის, ტალკის ან მაგნეზიის გამოყენება, კერძოდ კი მათი დატანა ტანზე ან ეკიპირების ნივთებზე გარდა სახვევებისა;

3. აკრძალულია ფეხსაცმლის ძირზე ნებისმიერი წებოვანი ნივთიერების წასმა ან ნებისმიერი სახის მოსაჭიდებელი მასალის მაგალითად, მინაქაღალდის, ზუმფარის ქაღალდის და მსგავსი მასალის გადაწებება. აკრძალულია ფეხსაცმლის ძირზე კონოფოლის და მაგნეზიის გამოყენება. დასაშვებია ფეხსაცმლის ძირის წყლით დანამვა;

4. აკრძალულია პაუერლიფტინგის ინვენტარის დასამუშავებლად ნებისმიერი უცხო ნივთიერების გამოყენება გარდა საწმენდი და სტერილიზაციის საშუალებებისა, რომლებიც პერიოდულად გამოიყენება გრიფის, წოლჭიმის სკამის ან ფიცარნაგის გასაწმენდად;

5. ამოწევის შესრულების დროს ფეხის წვივების დასაცავად შეიძლება მსუბუქი დაცვის საშუალებების გამოყენება, რომელიც უნდა მოთავსდეს წინდასა და წვივს შორის.


შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity