ინვენტარი

ინვენტარი და მათი ტექნიკური მახასიათებლები

 


სასწორი


ათლეტების ასაწონი სასწორი უნდა იყოს ელექტრონული, ციფრული და წონას უნდა აჩვენებდეს მეასედის სიზუსტით. სასწორის აწონვის ზღვრული მაჩვენებელი უნდა იყოს არანაკლებ 180 კილოგრამი. სასწორს უნდა ქონდეს შემოწმების დამადასტურებელი სერთიფიკატი (მოწმობა), რომელიც ჩატარებული იქნება შეჯიბრებამდე ერთი წლის ვადაში.

 


ფიცარნაგი


შეჯიბრებებზე ყველა მოძრაობა უნდა შესრულდეს მინიმუმ 2,5×2,5მ და მაქსიმუმ 4,0×4,0მ ზომის ფიცარნაგზე. ფიცარნაგის ამაღლება სცენიდან ან იატაკიდან არ უნდა აღემატებოდეს 10სმ ფიცარნაგის ზედაპირი უნდა იყოს ბრტყელი, მყარი, ჰორიზონტალური და დაფარული უნდა იყოს არასრიალა და გლუვი საფარით (ე.ი. ფიცარნაგის ზედაპირს არ უნდა ქონდეს უსწორმასწორობები და შვერილები). არ დაიშვება რეზინის ლეიბის ან მსგავსი მასალის გამოყენება.

 


გრიფი და დისკოები


პაუერლიფტინგის ყველა შეჯიბრებაზე, რომელიც IPF-ის წესებით ტარდება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ შტანგის დისკოები. ისეთი დისკოების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს შეჯიბრების შედეგები და მასზე დამყარებული რეკორდები ანულირდება. შეჯიბრებებზე შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ის გრიფი და დისკოები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული “ტექნიკური წესები”-ს მოთხოვნებს. ნებისმიერ შეჯიბრებაზე მთელი შეჯიბრების განმავლობაში და ყველა ათლეტისთვის გამოყენებული უნდა იქნას ერთი და იგივე გრიფი. შეჯიბრების მიმდინარეობის პროცესში გრიფის შეცვლა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გრიფი გაიღუნება ან გარკვეული ფორმით დაზიანდება. გადაწყვეტილებას გრიფის შეცვლის შესახებ იღებს ტექნიკური კომიტეტი, ჟიური ან მსაჯები. IPF-ის შეჯიბრებებზე გამოყენებულ გრიფებს არ უნდა ქონდეს ქრომირებული ნაჭდევები. IPF-ის მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად ან მსოფლიო რეკორდების დასამყარებლად შეიძლება მხოლოდ იმ გრიფების და დისკოების გამოყენება, რომლებიც ოფიციალურად დამტკიცებულია IPF-ის მიერ.

2008 წლიდან IPF-ის მიერ დამტკიცებულ ყველა გრიფზე ნაჭდევის ზომები გახდა სტანდარტული, ისევე, როგორც IPF-ის მიერ ოფიციალურად დაშვებულ ინვენტარში შეტანილ გრიფებში.


1. გრიფი უნდა იყოს სწორი, უნდა ქონდეს კარგი ნაჭდევები და შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს (იხილეთ: ნახაზი N1):

ა) საერთო სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 2,2მ-ს;

ბ) დაშორება მილისებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 1,32მ-ს და არ უნდა იყოს 1,31მ-ზე ნაკლები;

გ) გრიფის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 29მმ-ს და არ უნდა იყოს 28მმ-ზე ნაკლები;

დ) გრიფის წონა საკეტებთან ერთად უნდა იყოს 25კგ.

ე) მილისის დიამეტრი არ უნდა იყოს 52მმ-ზე მეტი და 50მმ-ზე ნაკლები;

ვ) გრიფზე ხელის მოსაკიდებელად ინსტრუმენტით ან იზოლენტით უნდა გაკეთდეს 2 მონიშვნა, რომელთა შორის დაშორება უნდა იყოს 81სმ.



ნახ. N1 IPF-ის მიერ დამტკიცებული პაუერლიფტინგის გრიფის ზომები

 


2. დისკოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ა) შეჯიბრებებზე გამოყენებული ყველა დისკო უნდა იწონიდეს მინიშნებული წონის 0,25%-ის ან 10 გრამის ფარგლებში.






ბ) დისკოს ხვრელის დიამეტრი არ უნდა იყოს 53მმ-ზე მეტი და 52მმ-ზე ნაკლები;

გ) დისკოების კომპლექტში უნდა შედიოდეს შემდეგი წონის დისკოები:

 

1,25კგ; 2,5კგ; 5კგ; 10კგ; 15კგ; 20კგ. და 25კგ;

 

დ) ახალი რეკორდის დასამყარებლად, რომელიც არსებულ რეკორდს არანაკლებ 0,5კგ-ით უნდა აღემატებოდეს შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო ნაკლები წონის დისკოები;

ე) 20კგ და მეტი წონის დისკოების სისქე არ უნდა აღემატებოდეს 6სმ-ს. 15კგ და ნაკლები წონის დისკოების სისქე არ უნდა აღემატებოდეს 3სმ-ს. სისქის ასეთი შეზღუდვები არ ვრცელდევა რეზინით დაფარულ დისკოებზე;

ვ) სხვადასხვა წონის დისკოებს უნდა ქონდეს შესაბამისი სტანდარტული ფერი:

 

10კგ. და მსუბუქი           ნებისმიერი ფერი

15კგ.                                   ყვითელი

20კგ.                                   ლურჯი

25კგ.                                   წითელი

 

ზ) ყველა დისკოს უნდა ქონდეს მისი წონის აღმნიშვნელი მკვეთრი წარწერა. დისკოები გრიფზე უნდა აიწყოს განსაზღვრული წესით: იმისათვის, რომ მსაჯებმა კარგად დაინახონ თითოეული დისკოს წონის აღნიშვნა, გრიფზე ჯერ უნდა აიწყოს შედარებით მძიმე წონის დისკოები, შემდეგ კი შედარებით მსუბუქი ისე, რომ აწყობის შემდეგ დისკოები გრიფის ცენტრიდან ბოლოებისკენ წონის კლებადი რიგითობით განლაგდნენ;

თ) რიგით პირველი, ყველაზე მძიმე დისკოები გრიფზე ისე უნდა აიწყოს, რომ დისკოს წინა, წარწერიანი მხარე გრიფის ცენტრისკენ იყოს მიმართული, მომდევნო დისკოები კი ისე, რომ წინა მხარე გრიფის ბოლოებისკენ იყოს მიმართული (თუ წონის აღმნიშვნელი წარწერები დისკოს ორივე მხარეზეა გაკეთებული ამ მოთხოვნის დაცვა საჭირო აღარ არის);

ი) ყველაზე დიდი დისკოს გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 45სმ-ს;

კ) რეზინის ან რეზინით დაფარული დისკოები დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აწყობილ შტანგაზე საკეტების უკიდურესი გარეთა წერტილიდან გრიფის ბოლომდე დარჩება არანაკლებ 10სმ, რაც საჭიროა დაზღვევის აუცილებლობის შემთხვევაში ხელის მოსაკიდებლად.

 


საკეტები


1. საკეტები შეჯიბრებაზე ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული;

2. თითოეული საკეტი უნდა იწონიდეს 2,5კგ-ს.

 


ჩაჯდომის სადგამი


1. პაუერლიფტინგის საერთაშორისო ჩემპიონატებზე დაიშვება მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული მწარმოებლების მიერ დამზადებული და IPF-ის ტექნიკური კომიტეტის მიერ გამოსაყენებლად დაშვებული ჩაჯდომის სადგამები;

2. ჩაჯდომის სადგამი კონსტრუქციულად ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი სიმაღლის რეგულირება ქვედა მდგომარეობაში 1,0მ-დან ზედა მდგომარეობაში 1,70მ-მდე, 5სმ-იანი ბიჯებით;

3. ჩაჯდომის ჰიდრავლიკური სადგამები საჭირო სიმაღლეზე აწევის დროს დაცული უნდა იყოს სპეციალური წკირებით (სარჭებით).

 


წოლჭიმის სკამი


პაუერლიფტინგის საერთაშორისო ჩემპიონატებზე დაიშვება მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული მწარმოებლების მიერ დამზადებული და IPF-ის ტექნიკური კომიტეტის მიერ გამოსაყენებლად დაშვებული წოლჭიმის სკამები. წოლჭიმის სკამი უნდა იყოს მყარი კონსტრუქციის, უნდა ქონდეს ბრტყელი და ჰორიზონტალური ზედაპირი და სტანდარტული ზომები:

 

ა) სიგრძე არანაკლებ 1,22მ;

ბ) სიგანე არანაკლებ 29სმ და არაუმეტეს 32სმ;

გ) სიმაღლე განისაზღვრება მანძილით იატაკიდან სკამის შეუკუმშავ რბილ ზედაპირამდე და უნდა იყოს არანაკლებ 42სმ და არაუმეტეს 45სმ სადგამის სიმაღლე, რომელიც განისაზღვრება იატაკიდან სადგამზე დადებულ გრიფამდე მანძილით, უნდა იყოს რეგულირებადი და უნდა იცვლებოდეს მინიმუმ 75სმ და მაქსიმუმ 110სმ დიაპაზონში;

დ) სადგამის ბიგებს შორის დაშორება უნდა იყოს 1,1მ;

ე) სკამის თავი სადგამის ბიგების შუა წერტილიდან 22სმ-ით გარეთ უნდა გადიოდეს, თუმცა ამ ზომაში დასაშვებია +/ 5სმ ცდომილება;

ვ) წოლჭიმის სკამს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლად უნდა ქონდეს სპეციალური საყრდენები;

 


საათი


საათი უნდა იყოს ისეთი, რომ შეძლოს არანაკლებ 20წთ შეუჩერებლად მუშაობა, უნდა აჩვენებდეს გასულ დროს და განთავსებული უნდა იქნას თვალსაჩინო ადგილას (საშეჯიბრო დარბაზი, ფიცარნაგი, გასახურებელი დარბაზი). გარდა ამისა ოფიციალურ შეჯიბრებებზე გამოყენებული უნდა იყოს კიდევ ერთი საათი, რომელიც აჩვენებს მომდევნო ცდისთვის წონის შესაკვეთად დარჩენილ დროს. ასეთი საათი უნდა განთავსდეს მწვრთნელისთვის ან სპორტსმენისთვის თვალსაჩინო ადგილზე.

 


სასიგნალო ნათურები


შეჯიბრებებზე მსაჯების გადაწყვეტილებების საჩვენებლად დამონტაჟებული უნდა იყოს სასიგნალო ნათურები. პაუერლიფტინგში შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთივე სასიგნალო ნათურები როგორიც ძალოსნობაში. თუ რომელიმე მსაჯი სპორტსმენის გამოსვლაში შეცდომას დააფიქსირებს მან ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა აანთოს ნათურა. იმ შემთხვევაში, როცა შეცდომის აღმნიშვნელ ნათურებს მსაჯების უმრავლესობა აანთებს ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც ათლეტს მიანიშნებს, რომ მისი ეს ცდა წარუმატებელია. ხმოვანი სიგნალის ჩართვის შემთხვევაში ათლეტი არ არის ვალდებული ცდა ბოლომდე შეასრულოს. თითოეული მსაჯი აკონტროლებს 2 სხვადასხვა, თეთრი და წითელი ფერის ნათურას, რომლებიც შესაბამისად აღნიშნავენ:

 

                        თეთრი           წონა დაძლეულია (“good lift”)

                        წითელი         წონა არ არის დაძლეული (“no lift”)

 

სასიგნალო ნათურები დამონტაჟებული უნდა იყოს ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე და მსაჯების განლაგების შესაბამისად. სასიგნალო ნათურების სისტემა ისე უნდა მოეწყოს, რომ მსაჯებმა როგორი თანმიმდევრობით ან ინტერვალითაც არ უნდა დააჭირონ ხელი ღილაკებს ნათურები მაინც ერთდროულად უნდა აინთოს. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მაგალითად ელექტრონული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, მსაჯებს გადაწყვეტილებების გასაცნობად უნდა ქონდეთ თეთრი და წითელი ფერის პატარა დროშები ან ტრანსპარანტები. ელექტრონული სასიგნალო სისტემიდან დროშებზე გადასვლა უნდა მოხდეს მთავარი მსაჯის კომანდით “დროშები” (“flags).

 


შეცდომების აღმნიშვნელი ბარათები


მას შემდეგ რაც მსაჯები თეთრი ან წითელი ნათურის ანთებით შეფასებებს გააკეთებენ, იმ მსაჯმა (მსაჯებმა), რომელმაც წითელი ნათურა აანთო უნდა აწიოს შეცდომის აღმნიშვნელი ბარათი, რომელიც მიანიშნებს უარყოფითი შეფასების მიზეზს.

                                               


შეცდომების აღმნიშვნელი ბარათების სისტემა

 

შეცდომების აღმნიშვნელ ბარათებს უნდა ქონდეს განსაზღვრული ფერი:

                        შეცდომა N1 წითელი ბარათი

                        შეცდომა N2 ლურჯი ბარათი

                        შეცდომა N3 ყვითელი ბარათი



                                                                      




ტაბლო


შეჯიბრების ჩატარების ადგილზე დამონტაჟებული უნდა იყოს ტაბლო, რომელიც თვალსაჩინო იქნება მაყურებლებისთვის, ოფიციალური პირებისა და შეჯიბრებაზე დამსწრე ყველა პირისთვის. ათლეტების გვარები განთავსებული უნდა იყოს კენჭისყრის ნომრების შესაბამისად, რომელიც ტარდება ყოველი საშეჯიბრო ნაკადისთვის. შეჯიბრების მსვლელობის პროცესში ტაბლოზე უნდა აისახოს ათლეტების მიერ ნაჩვენები შედეგები, რომლებიც ცვლილებების შესაბამისად უნდა განახლდეს.






შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity