ძალისმიერი სამჭიდი და ოლიმპიური თამაშები

პაუერლიფტინგი და ოლიმპიური თამაშები

 

პაუერლიფტინგი (ძალისმიერი სამჭიდი), როგორც ძალისმიერი სპორტის განსაკუთრებული სახეობა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური აღიარების მიუხედავად დღემდე არ არის შეტანილი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. ყველაფერ ამას გააჩნია სხვადასხვა მიზეზი რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:


ა)  მსოფლიოში მოქმედი პაუერლიფტინგის ფედერაციების და ორგანიზაციების ისედაც დიდი რაოდენობა მუდმივად იზრდება რის გამოც ვერ ხერხდება მათი ერთიანი მოთხოვნებისადმი დამორჩილება და  საერთო წესების დაცვა;

ბ)   პაუერლიფტინგის ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ხელმძღვანელობს რა კომერციული ინტერესებით, არ ასრულებს მსოფლიო ანტიდოპინგური ქარტიის მოთხოვნებს და დამხმარე ეკიპირების გამოყენების წესებს;

გ)  პაუერლიფტინგის ორგანიზაციების დიდ ნაწილს, კომერციული ინტერესებიდან გამომდიანარე, არ აქვს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის სურვილი.

და ა.შ.


XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი პაუერლიფტინგი, იმდენად სწრაფად განვითარდა და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ სულ მალე გაჩნდა მისი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანის იმედი. იმედი მართლაც რეალური იყო და ამ ახალი სპორტის მესვეურები ყველაფერს აკეთებდნენ მისი სრულყოფისა და შესაბამის სტანდარტებამდე აყვანისათვის.


1964 წელს, როცა პაუერლიფტინგი ჯერ კიდევ განვითარების პირველ ნაბიჯებს ითვლიდა, ის შეტანილი იქნა პარაოლიმპიური თამაშების პროგრამაში (იხილეთ: პარაოლიმპიური თამაშები). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ პარაოლიმპიადის პროგრამაში შეტანილი იქნა მისი ერთ-ერთი მოძრაობა წოლჭიმი. ეს ფაქტი უდაოდ პაუერლიფტინგის აღიარებად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი საინტერესო გარემოება. მრავალ ქვეყანაში პოპულარობის მიუხედავად იმ დროისთვის პაუერლიფტინგს ჯერ კიდევ არ ქონდა ოფიციალური სპორტის სტატუსი და ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი პაუერლიფტინგის ერთიანი ორგანიზაცია, რომელიც ცენტრალიზებულად იზრუნებდა ამ სპორტის განვითარებასა და ინტერესების დაცვაზე. აღნიშნულის გამო წოლჭიმი, როგორც ძალისმიერი სპორტის ერთ-ერთი მოძრაობა პარაოლიმპიადაში შეტანილი იქნა არა პაუერლიფტინგის არამედ ძალოსნობის სახელით. ასეთი მდგომარეობა 1992 წლამდე გაგრძელდა. 1992 წლის შემდეგ წოლჭიმი, როგორც ცალკე სპორტის სახეობა, პარაოლიმპიურ თამაშებში უკვე პაუერლიფტინგის სახელით შედის და მას ყველგან ამ სახელით მოიხსენიებენ. 2000 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე პაუერლიფტინგში პირველად დაშვებული იყვნენ ქალი პაუერლიფტერებიც (იხილეთ: www.paralympic.org).


1972 წელს შეიქმნა პაუერლიფტინგის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც “პაუერლიფტინგის საერთაშორისო ფედერაცია” (IPF) ეწოდა (იხილეთ: პაუერლიფტინგის საერთაშორისო ორგანიზაციები). ამის შემდეგ პაუერლიფტინგის განვითარების ისტორია მთლიანად დაკავშირებულია IPF-ის საქმიანობასთან.


IPF-მა პაუერლიფტინგის კლასიკურ სპორტის სახეობად ქცევისა და სრულყოფის მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო  საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან. ის გახდა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის (GAISF) ოფიციალური წევრი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ IPF-მა აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეთან (IOC).


1974 წელს IPF მსოფლიო სპორტში ერთი მნიშვნელოვანი წამოწყების თანამონაწილე გახდა. იმ დროისთვის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალურ ასოციაციაში (GAISF) გაწევრიანებული 51 სპორტის ფედერაციიდან 27 ფედერაცია, რომელთა შორის IPF-იც იყო, ოლიმპიური თამაშების მიღმა იყო დარჩენილი და მათთვის რაიმე კომპლექსური ღონისძიება არ ტარდებოდა. 1974 წელს, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე გამოვიდა ინიციატივით შემოეღოთ საგანგებო შეჯიბრება არაოლიმპიური სპორტის სახეობებისთვის. ამ ინიციატივას მოწონებით შეხვდნენ არაოლიმპიური სპორტის სახეობები და ამ კუთხით დაიწყო აქტიური მუშაობა. 1980 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრის და ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დოქტორ უნ იუგ კიმის ორგანიზებით 12 არაოლიმპიური სპორტის სახეობის ფედერაციამ შექმნა მსოფლიო თამაშების საბჭო, რომელსაც მოგვიანებით მსოფლიო თამაშების საერთაშორისო ასოციაცია (IWGA) ეწოდა. IWGA-ს დამფუძნებელ 12 ფედერაციას შორის ერთ-ერთი IPF იყო. IWGA-მ მიზნად დაისახა მოეწყო საერთაშორისო კომპლექსური ღონისძიება „მსოფლიო თამაშები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩენილი სპორტის წარმომადგენლები (იხილეთ: მსოფლიო თამაშები).


მსოფლიო თამაშების პირველივე ღონისძიებაზე, რომელიც 1981 წელს სანტა-კლარაში (აშშ) ჩატარდა პაუერლიფტინგი ძირითად პროგრამაში იყო შეტანილი . ამ ისტორიულ თამაშებში 18 სპორტის სახეობის 1265 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.


2004 წლიდან მსოფლიო თამაშები უკვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით და მეთვალყურეობით ტარდება (იხილეთ: www.theworldgames.org)ის იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების მომდევნო წელს. IWGA-ს მიერ ორგანიძებული მსოფლიო თამაშები დღეისათვის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებად ითვლება, რომლის პროგრამაში შეტანილია სპორტის ის სახეობები, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცნობს, მაგრამ შეტანილი არ აქვს ოლომპიადის პროგრამაში ან ამოღებული აქვს იქედან.


მსოფლიო თამაშების სტატუსი იმდენად გაიზარდა, რომ 2004 წლის 12 აგვისტოს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ სპორტის მონაწილეობა მსოფლიო თამაშებში ერთ-ერთი გადამწყვეტი წინაპირობა იქნება მისი ოლიმპიადის პროგრამაში შეტანის საკითხის განხილვის დროს.


მსოფლიო თამაშების პროგრამაში შეტანის შემდეგ IPF-მა კიდევ უფრო გაააქტიურა თავისი საქმიანობა პაუერლიფტინგის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანის მიზნით. 1981 წლის პაუერლიფტინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინდოეთის ქალაქ კალკუტაში ჩატარდა IPF-მა პირველად მოითხოვა სპორტსმენების შემოწმება სტიმულატორებზე. მართალია ეს შემოწმება არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ის IPF-ის პირველი მცდელობა იყო შეესრულებინა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნები. მომდევნო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ქალაქ მიუნხენში ჩატარდა სადაც დოპინგკონტროლი უკვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა წესების დაცვით იქნა ჩატარებული. 1982 წლიდან მოყოლებული IPF დოპინგკონტროლს ყველა ჩემპიონატზე ატარებს.


1990 წელს პაუერლიფტინგი, როგორც ძალისმიერი სპორტის განსაკუთრებული სახეობა შეტანილი იქნა კიდევ ერთი საერთაშორისო კომპლექსური ღონისძიების  „არნოლდ ფესტივალი“-ს პროგრამაში, რომელსაც არნოლდ შვარცენეგერის ოლიმპიადასაც უწოდებენ (იხილეთ: „არნოლდ ფესტივალი“).


არნოლდ ფესტივალი დაარსებული იქნა 1989 წელს და ყოველწლიურად იმართება ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბუსუს შტატის ქალაქ ოჰაიოში. დღეისათვის ფესტივალის პროგრამაში შედის 44 სპორტის სახეობა, რომელთაგან 12 ოლიმპიური სახეობაა. ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი საშუალოდ 15 ათასზე მეტია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე სულ 11 ათასამდე ათლეტმა მიიღო მონაწილეობა ნათელი გახდება, რომ არნოლდ ფესტივალი ერთ-ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა (იხილეთ: www.arnoldsportsfestival.com).


2004 წელს, დადგენილი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გაწეული ხანგრძლივი სამუშაოებისა და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, IPF-მა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური აღიარება და ხელი მოაწერა მსოფლიო ანტი-დოპინგურ კოდექსს (WADA), რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. 2007 წლის მონაცემებით IPF-ში გაწევრიანებული იყო მსოფლიოს 108 ქვეყნის პაუერლიფტინგის ფედერაცია და მათ შორის საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციაც, რომელიც IPF-ის წევრი 1991 წელს გახდა.


IPF კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პაუერლიფტინგმა ღირსეული ადგილი დაიკავოს თანამედროვე მსოფლიო სპორტში. დღეისათვის IPF-ის ძირითად მიზნად კვლავ რჩება პაუერლიფტინგის შეტანა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

შემოგვიერთდით!
პარტნიორები
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია © 2017
mycity